დათა თავაძე – “ამოიღეთ ხმა, მართლა სირცხვილია უკვე”

დათა თავაძე - "ამოიღეთ ხმა, მართლა სირცხვილია უკვე"რეჟისორი და მსახიობი დათა თავაძე საქართველოში კულტურის მართვის პოლიტიკის არარსებობაზე ხმამაღლა საუბრობს:

“წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებს, ყველა ჩემი ძვირფასი მეგობარია და ერთი წამით არ მინდა ვინმემ წაიკითხოს ჩემი მხრიდან ეს პოსტი, როგორც რომელიმე შემოქმედებითი პროექტის წინააღმდეგ გამოხატული პოზიცია, ეს არც ჩემი საქმეა და მხოლოდ კარგი მინდა ყველა დასისთვის და მათ ეს იციან! გულწრფელად ვგულშემატკივრობ ყველა სპექტაკლს, რომელიც ჩამონათვალშია და დარწმუნებული ვარ, ერთი მეორეზე უკეთესი პროექტია.
უბრალოდ, მინდა ყურადღება გავამახვილოთ კულტურის მართვის პოლიტიკის არარსებობის კიდევ ერთ დასტურზე…

სპეციალურად მოვძებნე ჩემი ძველი პოსტი – 2020 წლის 3 მარტს დამიწერია პირველად ფრილანსერების შესახებ. შეზღუდვების გამოცხადების მესამე დღიდან დავიწყე პირადად და საჯაროდ, ღია და დახურულ დისკუსიებში ინტენსიური ლაპარაკი დამოუკიდებელ / თვითდასაქმებულ ხელოვანებსა თუ დამოუკიდებელ სახელოვნებო ორგანიზაციებზე. ვილაპარაკე ზედმეტად ბევრიც კი! გადავაბიჯე ჩემს პირად პრინციპულ პოზიციებსაც და ვიჯექი იმ ხალხის პირისპირ, ვისთანაც მეგონა არასოდეს მომიწევდა ლაპარაკი, მაგრამ ამ ვითარებაში გადავაბიჯე საკუთარ თავს, იმიტომ რომ იმედი მქონდა, რამე შეიცვლებოდა, ვინმე ამყვებოდა, მოისმენდა და გაიგებდა და პრიორიტეტად სწორედ იმ სახელოვნებო ჯგუფებს დაისახავდა, რომლებიც ყველაზე მეტად დააზარალა ფინანსურად ამ ვითარებამ. იმედი მქონდა რამეს იზამდნენ, რომ საბოლოოდ არ დაგვეკარგა დამოუკიდებელი პროცესი. მაგრამ, ჯერ “სათამაშო ბიზნესთან” გაათანაბრეს ეს სფერო, შემდეგ მილიონები მოაჭრეს. ხმა არ ამოგვიღია არაფერზე!

ჰოდა, ახლა მივიღეთ ასეთი შედეგი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა მხოლოდ სახელმწიფო თეატრების მიერ წარმოდგენილი პროექტები. ამავე სამინისტროს კომუნიკაციაც აქვს მხოლოდ სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებთან და არასოდეს არ საუბრობს დამოუკიდებელი დასებთან, რითიც აღმაშფოთებელ ინფორმაციულ უთანასწორობას ქმნის, ისედაც უთანასწორო რესურსების მქონე ორგანიზაციებში. არც ერთი ბრიფინგიც არ არსებულა ამ თემაზე სამინისტროს მხრიდან, არამედ ჭორის დონეზე იგებდნენ დამოუკიდებელი დასები, როდის ექნებათ მუშაობის უფლება. დღესაც არავინ იცის დაზუსტებით აქვთ თუ არა სპექტაკლების თამაშის, თუ “შემოქმედებითი საქმიანობის” უფლება. არავითარი ოფიციალური შეტყობინება, ან წყარო არ არსებობს, რომელიც დაზუსტებით ეტყვით, რა უნდა ქნან – მიატოვონ ეს სფერო და სასწრაფოდ სხვა არსებობის წყარო იპოვონ, თუ რამე იმედი ჰქონდეთ, რომ ოდესმე შეძლებენ თავიანთი გეგმების გახორციელებას. ახლა კი თურმე ხელშეწყობის ერთადერთი შანსიც წაერთვათ…

ვიმეორებ მეათასედ, ეს პოლიტიკა განდევნის საუკეთესო ახალგაზრდულ ნაწილს ამ სფეროდან. წლებია ვამბობთ ამას და არაფერი არ იცვლება და ხვალ უბრალოდ აღარ გვექნება აღარაფერი…

ამოიღეთ ხმა, მართლა სირცხვილია უკვე…”