28 ივლისი, 2020

ასე იძარცვება თბილისი

ყველაზე გულწრფელი წერილი თბილისზეთბილისი – საქართველოს დედაქალაქი და ბევრისთვის საყვარელი ქალაქი თვალსა და ხელს შუა იძარცვება.

ცირა ელისაშვილი:

“აი, ასეთი ისტორიაა:

თბილისში, კრილოვის (ახლანდელი კახიძე) ქ. N15-ში მდგარი შენობა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლია. შენობას ორი სადარბაზო აქვს. გველიანი დეტალი (ფოტო N1) იმ მარჯვენა სადარბაზოს კარზეა, სადაც საიას ოფისია. რამდენიმე წლის წინ მოხსნილი და მოსაპარად გამზადებული სულხან სალაძემ გადაარჩინა და უკან დააბრუნა.

სახლის მარცხენა სადარბაზოში უკვე წლებია ნახევრად გაძარცვული ცხაური იყო (იხილეთ ფოტო N2), რომლის მაგივრად სულ რამდენიმე დღის წინ, რიგით “შემოვლაზე” ფოტო N3 დამხვდა! ვესაუბრე სახლის ამხანაგობის თვმჯდომარეს… ვინ? როდის? როგორ? მოკლედ, ამ საუბრიდან გაირკვა, რომ მაცხოვრებლები კმაყოფილები არიან, ვინაიდან სადარბაზო დაიკეტა, მინები ჩაისვა და სუფთად არიან…

საქმე ის არის, რომ იმ მოპარულ (ფოტოN2) ცხაურს მივაგენი. ვიცი სადაც არის და ვისთანაც. ამ ადამიანს ავუხსენი ვითარება და დამთანხმდა, რომ დეტალს დააბრუნებს ადგილზე, მაგრამ მასთან მხოლოდ ერთი ცალი ცხაური აღმოჩნდა, მეორეს ისევ ვეძებ…

დავურეკე ისევ ქალბატონ ნათელას, ამხანაგობის თვამჯდომარეს და ვუთხარი, რომ დეტალი უნდა დავაბრუნო. ნაკლული დეტალი, თანაც ერთი ცალი ვის რაში სჭირდებაო, მაშინ რესტავრაცია გაუკეთე და ისე მოიტანეო, აი, იქ გავჭედე!

მოკლედ: ხმამაღლა ვაცხადებ, ცხაურს არ დავაბრუნებ, სანამ არ მექნება გარანტია, რომ ისევ არ მოიპარავენ!
ამისთვის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და სულხან სალაძესთან ერთად უნდა მოვიფიქროთ რამე სამართლებრივი ბერკეტი, რომ ძეგლში მცხოვრები ადამიანები იმ სახლზე იყვნენ პასუხისმგებლები, რომელშიც ცხოვრობენ! კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არსებული ზოგადი ჩანაწერი არ არის საკმარისი!

თბილისის მერია, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია – როდემდე უნდა ვსდიო ასე თითოეულ დეტალს!
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი იმაზე, რაც მათ გარეშე ვერ მოხერხდება. ვერავინ დამარწმუნებს, რომ კრილოვის 15-ის მეზობლობამ არ იცოდა რა ხდებოდა მათ სახლში!

და ბოლოს, ადამიანებო, ამ ქალაქში მაცხოვრებლებო, ნუ ძარცვავთ თქვენსავე ქალაქს! ნუ იპარავთ, თუნდაც ლამაზ დეტალებს. კარის სახელურებს, სადარბაზოს კარებს, კიბეებს, ორნამენტებს, სადაზღვევო დაფებს… ძალიან თუ მოგწონთ, ადექით და ფოტო გადაუღეთ და ამით დაკმაყოფილდით!

თან ამ ყველაფერს ისეთი ფასი დაედო შავ ბაზარზე, რომ მე იმის თანხები აღარ მაქვს, რომ თქვენი ნაძარცვი ამოვიცნო, ვიყიდო, უკან დავაბრუნო, რაც არაერთხელ გამიკეთებია, იმის მოლოდინში, რომ ერთ-ერთ “შემოვლაზე” ისევ მოპარული დამხვდეს!

ნუ ძარცვავთ თბილისს, იმ ტფილისს, რომელიც დეტალებშია!

P.S.გაგრძელება იქნება…!”

ასე იძარცვება თბილისი