26 ივნისი, 2020

ვახუშტი კოტეტიშვილის სასწაული

ვახუშტი კოტეტიშვილის სასწაულიფოლკლორისტი ვახუშტი კოტეტიშვილი ფართო საზოგადოებამ პირველად როგორც სპარსული პოეზიის მთარგმნელი გაიცნო.

პოეტი ნომადი ბართაია ვახუშტი კოტეტიშვილთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანეს ამბავს იხსენებს:

“ვახუშტი კოტეტიშვილი ფართო საზოგადოების წინაშე პირველად, როგორც სპარსული პოეზიის ბრწყინვალე მთარგმნელი, წარდგა. მის მიერ სპარსულიდან გადმოღებული ლექსები კეთილხმოვანებით ზოგჯერ სჭარბობენ კიდეც დედანს. აი, ერთი მაგალითი:

ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე,
დღეგრძელობას ვეძიებდი, ჟამთა სრბოლით დავიდაგე.
დოქმა მითხრა საიდუმლოდ: მომაგებე ბაგეს ბაგე,
განა ქვეყნად კიდევ მოხვალ, დალიეო, რას ქადაგებ!

ალბათ, დამერწმუნება მკითხველი, რომ – „ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე“ უფრო კეთილხმოვანია, ვიდრე მისი შესატყვისი ტაეპი – „ლაბ ბარ ლაბე ქუზე ბორდამ აზ ღაიათე აზ.“

ეს კი ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა მთარგმნელი თავის მოზღვავებულ პოეტურ ენერგიას ვეღარ ამწყვდევს ორიგინალის ტაეპთა არტახებში.

ასე უთარგმნია ომარ ხაიამის, ჰაფეზი შირაზელის, აბდ ორ-რაჰმან ჯამის, ჯელალ ედ-დინ რუმის, აბუ საიდის და სხვა სპარსელ კლასიკოსთა პოეზიის უკვდავი ნიმუშები.

აღმოსავლური პოეზიის ბრწყინვალე მთარგმნელი ვახუშტი კოტეტიშვილი, ასევე, ცნობილი გახდა როგორც ბრწყინვალე მთარგმნელი დასავლური (გერმანული, რუსული, ესპანური) პოეზიისა. მთარგმნელმა ერთ კრებულში მოუყარა თავი თავის აღმოსავლური და დასავლური პოეზიიდან შესრულებულ ლირიკის თარგმანთა ნიმუშებს და გამოსცა სახელწოდებით – „აღმოსავლურ-დასავლური დივანი“.

ვახუშტი კოტეტიშვილი, როგორც ფართო გაქანებისა და დიაპაზონის მქონე მოღვაწე, ასე ვთქვათ, ვერ ჩაეტია ირანისტიკის ჩარჩოში და ხალხური შემოქმედების სამყაროში შეიჭრა. მის მიერ მოწყობილმა ქართულმა ფოლკლოლურმა საღამოებმა კი გასული საუკუნის 80-იან წლებში მთელი საქართველო მოიცვა.

ვახუშტი კოტეტიშვილმა დაგვიტოვა მემუარული ჟანრის შესანიშნავი ნაწარმოები „ჩემი წუთისოფელი“, სადაც მაღალმხატვრული ფერებით არის გადმოცემული მის მიერ განვლილი ცხოვრების წლები. შეიძლება ითქვას, ეს ნაწარმოები თავისი ტკბილ-მწარე მოგონებებით მხატვრული მატიანეა ჩვენი უახლესი ისტორიის ერთი მონაკვეთისა.

ვახუშტი კოტეტიშვილი სამეცნიერო-შემოქმედებით მოღვაწეობასთან ერთად წლების განმავლობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწეოდა აღმზრდელობით საქმიანობას. ჩვენს ჯგუფს ჰქონდა ბედნიერება, მის ხელში გაევლო სტუდენტობის წლები. მისი ყოველი ლექცია იყო ზეიმი. ჩვენ სპარსულთან ერთად მისგან ვეზიარებოდით მშობლიურ ენასა და ლიტერატურას, სიტყვისა და ხელოვნების ჯადოსნური სამყაროს მადლს. დამატებითი, ასე ვთქვათ, ლექციებისთვის კი იგი გვიბარებდა თავის სახლში, ანუ თავისი მამის, დიდი ქართველი მეცნიერისა და შემოქმედის, ვახტანგ კოტეტიშვილისეულ, შეიძლება ითქვას, დანატოვარ სახლ-მუზეუმში.

ვახუშტიმ თავის ნიჭი და უნარი თარგმნას შეალია, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ უღალატა თავის მუზას და პოეტური კრებულით წარდგა მკითხვლის წინაშე. იგი უკვე ცუდად იყო, ყელი აწუხებდა, აპარატზე იყო მიერთებული, უჭირდა საუბარი. მივედი მასთან მონახულებისა და წიგნის გამორთმევის მიზეზით. უხასიათოდ იყო, მიგდებული. გაუხარდა ჩემი ნახვა. ურთიერთ კითხვა-მოკითხვის მერე აიღო წიგნი, წარწერით მაჩუქა და თან დაუმატა:

– ხომ არ გინდა, რომელიმე ლექსი წაგიკითხოო.

ვახუშტის წაკითხული ლექსის მოსმენა როგორ არ მინდოდა, მაგრამ, მომერიდა, ვიფიქრე, კაცს ხმა თითქმის ჩახლეჩილი აქვს, ძლივს არის, როგორ შევაწუხო-მეთქი და მივუგე:

– არა, არა უშავს, არ მინდა შეგაწუხო-მეთქი.

– არაფერია, მე არ შევწუხდები, ლექსების კითხვის მერე კარგად ვხვდებიო და დაიწყო კითხვა.

მართლაც, მოხდა სასწაული, ჩახლეჩილი ხმა ყოველი სტრიქონის წარმოთქმის მერე ეწმინდებოდა მას და მალე რაკრაკზეც კი გადავიდა.

ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ასე ვთქვათ, დაუვიწყარი პოეზიის საღამო, რომელიც გამართა ვახუშტიმ მაშინ თავის ოთახში, სადაც მსმენელი ვიყავი მხოლოდ მე.

მას მერე ვახუშტის დიდხანს არ დაუყვია სამზეოზე. ეს იყო ჩემი ბოლო შეხვედრა კაცთან, რომელმაც ჩამომაყალიბა მე, როგორც პიროვნება. ბედნიერი ვარ, რომ სწავლის გასაგრძელებლად სოფლიდან ქალაქში ჩამოსული ახალგაზრდა მის ხელში აღმოვჩნდი. თუ რამე კარგი მაქვს, უპირველესად მას ვუმადლი.

მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ჩვენი გზები პოლიტიკურად გაიყარა – მე მხარს ვუჭერდი ეროვნულ ხელისუფლებას, პირად ურთიერთობებს არაფერი არ შეხებია.

ვახუშტისთან რომ მივედი, როგორც ზემოთ ვთქვი, იგი მიგდებული იყო, ძლივს ლუღლუღებდა, წამოსვლისას კი, შეიძლება ითქვას, რაკრაკებდა.

აბა, რომელი ექიმი შემედრება, ავადმყოფი განვკურნე მოსმენით.”