8 ივნისი, 2020

სასიამოვნო სიურპრიზი ცოტნე ზედგინიძისგან

სასიამოვნო სიურპრიზი ცოტნე ზედგინიძისგანვუნდერკინდი პიანისტი და კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე მსმენელს სასიამოვნო სიურპრიზს უმზადებს.
14 ივნისს ფონდ „იავნანასთან“ ერთად ცოტნე ზედგინიძის ნაწარმოების პრემიერა გველოდება.

ინფორმაცია ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ გაავრცელა:

“ეს საოცარი ბიჭი საზოგადოებამ პირველად ზუსტად ერთი წლის წინ 14 ივნისს გაიცნო, როდესაც ცოტნეს პირველი კონცერტი გაიმართა. ვირტუოზული შესრულება არ არის ის მთავარი, რამაც ყველანი გაგვაოცა, მისი მუსიკალური ენის სიღრმე და მასშტაბი იყო დაუჯერებელი, ხასიათების გამოსახვა ბგერებით, სათქმელის გადმოცემის მანერა… ჩემს უცხოელ მეგობრებს, სანამ კადრები არ ვანახე ვერ ვაჯერებდი, რომ ამას უკრავდა 10 წლის ბიჭი.

ამჯერად, ცოტნემ დედის ხსოვნას მიუძღვნა ნაწარმოები „ზარები“ , რომლის ლაივსთრიმს 14 ივნისს 20:00 წარმოგიდგენთ პროექტი  lenø Sessions ფონდ „იავნანასთან“ ერთად.

წარმატებული პრემიერა ვუსურვოთ ცოტნეს!

მადლობა მინდა გადავუხადო მის აღმზრდელ პედაგოგს და ამავე დროს ბებიას, ნინა მამრაძეს. მადლობა ნიკოლოზ რაჭველს, რომ ერთი წლის წინ სცენაზე გამოიყვანა და გაგვაცნო პატარა ცოტნე.”