საყურადღებო გაფრთხილება რეზო ამაშუკელისგან

საყურადღებო გაფრთხილება რეზო ამაშუკელისგანპოეტი რეზო ამაშუკელი აფრთხილებს ყველას და შეახსენებს, რომ ადამიანი მაინც მარტოა:

“ქაშუეთის წინ…” – ასე ჰქვია რეზო ამაშუკელის ლექსს, რომელიც ადამიანის ცხოვრებას რამდენიმე სტროფში ატევს:

“ქაშუეთის წინ
ლოთმა სანდრუამ
არაყის ფული
მთელ დღეს აგროვა,
მერე
დაუსხეს დიდ ჭიქაში და…
– ადამიანი
მაინც მარტოა!

მიდგა კუთხეში
სიტყვის უთქმელად
და სავსე ჭიქას
ცოტა ადროვა,
მერე გადაკრა სულმოუთქმელად…
– ადამიანი
მაინც მარტოა!

ნუ მეკითხები
ასე რატოა:
ვინ – ვინ ჩაწიხლა,
ვინ – ვინ დატოვა,
როგორც კი ცოტას წაიფორხილებს
– ადამიანი,
უკვე მარტოა!

არ უნდა ამას
დიდი მიტინგი,
ჭკუათმყოფელმა,
ვინც კი სანდოა,
იცის, ყალბია ბევრის ტიკტიკი,
– ადამიანი
მაინც მარტოა!

მავანი ისევ ფეხს აბაკუნებს,
მავანი ისევ
მხოლოდ ღადოა,
დრო მაინც ყველას
კუთვნილს არგუნებს,
– ადამიანი
მაინც მარტოა!

ზოგს ნინო უყვარს,
ზოგს ქეთევანი,
ზოგისთვის გონჯიც ბრიჯიტ ბარდოა,
ვის დაფნა ერგო,
ვის სატევარი,
– ადამიანი
მაინც მარტოა!

ზოგს აიაზმა ასვეს, აპკურეს,
ზოგს დავიწყების
თოვლმა ათოვა,
სიბერე კარს რომ მოაკაკუნებს…
– ადამიანი
უკვე მარტოა!

ქვეყნად რამდენმა
ხატა, აშენა,
სიტყვა და ფერი მოაჯადოვა,
ისევ ოცნების გადასარჩენად…
– ადამიანი
მაინც მარტოა!

თუ ვინმე დიდი
კაცი გამოჩნდა,
თუ ვინმე
ერის სადიადოა,
– გახსოვთ, პოეტი როგორ გადმოხტა?
– ადამიანი
მაინც მარტოა!

წუთისოფელი
თავის გზით მიდის,
თვალსაწიერიც უფრო ფართოა,
ყველამ ჩახედოს
საკუთარ სინდისს,
– ადამიანი მაინც მარტოა!

ჭიქა-ღვინოზე
თავის შექცევით,
ფიქრებს, რომლებიც სახიფათოა,
ვაი, რომ მაინც ვერ გაექცევი,
– ადამიანი მაინც მარტოა!

მე ჩემის თავის
არც რა დარდი მაქვს,
მაგრამ არ ახსოვს
მრავალ დარდიმანდს,
დრო იყო,
ძმა-ძმას საფლავს უთხრიდა,
დრო იყო,
კლიტე ეპყრა შადიმანს!

ვის რაში უნდა ჩემი ტრაბახი
ან აყვირებით,
ან გაყუჩებით?!
– “გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები!”
განწმინდეს,
ნათლეს,
რა არ იღონეს,
ეშმაკმა მაინც არ მიატოვა,
(ვწერ
უკვე ბევრჯერ ნათქვამ სტრიქონებს)
– ადამიანი
მაინც მარტოა!

რაც უნდა აშრო
ბედის ხორბალი,
ბოლო არჩივი
მაინც ქატოა,
ფიცარი ფუყე და გამომპალი…
– ადამიანი მაინც მარტოა!

მე ჩემსას ვიტყვი,
გინდა მომკალი,
– სამყარო,
აი, რაც უზადოა!
ცაზე ოცნებით ვარსკვლავთ მომმკელი –
– ადამიანი
მაინც მარტოა!

… ქაშუეთის წინ
ლოთმა სანდრუამ
არაყის ფული
დიდხანს აგროვა,
– მერე,
რა მერე?
“მერეს” ლოდინში…
– ადამიანი მაინც მარტოა!

ცა მოწყენილი და საავდროა,
დგას მობუზული მთვრალი სანდრუა,
და ეკითხება
გამვლელ-გამომვლელს: –
– ახლა რა დროა?!
ახლა რა დროა?!

არც მიფიქრია
თქმა რამე ახლის,
მე რა თავს ვახლი
ასე რატოა?
მიდის ქუჩაში კაცი და ძაღლი…
– ადამიანი მაინც მარტოა!”