20 ივნისი, 2020

საოცარი ისტორია ჰამლეტ გონაშვილზე

საოცარი ისტორია ჰამლეტ გონაშვილზემომღერალი ჰამლეტ გონაშვილი თავისი შეუდარებელი ხმით არა მარტო ქართველ, არამედ უცხოელ მსმენელსაც ხიბლავდა.

ოპერის მომღერალი გოჩა აბულაძე იხსენებს ისტორიას, რომელიც ჰამლეტ გონაშვილს, მის საოცარ ხმას და სიმღერის ძალას შეეხება:

“რა ძალა აქვს სიმღერას…

დაახლოებით 6-7 წლის უკან ერთი ძალიან კარგი მაროკოელი მომღერალი გავიცანი (ტენორი). მეგობრის მოსასმენად იყო ჩამოსული ლონდონში. სპექტაკლის შემდეგ ტრადიციისამებრ კოლეგებთან ერთად ლუდს ვსვამდით რესტორანში და ისიც იქ იყო.

თითო კათხა ლუდის შემდეგ, ჩემთან მოვიდა და წარმატებული სპექტაკლი მომილოცა, სკამი მოწია ჩემს გვერდით და მითხრა, შენ ისეთი ქვეყნიდან ხარ, საქართველო რომ არა, მე მომღერალი არ ვიქნებოდიო.

გაკვირვებული სახით შევხედე და დამაინტერესა რაში იყო საქმე. მოკლედ, მე პატარა ბიჭი ვიყავი, როცა ჩემმა მშობლებმა თქვენი ლეგენდარული მომღერალი ჰამლეტ გონაშვილი მომასმენინესო, მის შემდეგ ყოველი დღე მას ვუსმენ და დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, მას ვუმადლიო.

გულწრფელად გეუბნებით, ცრემლები ვერ შევიკავე და გულში ჩავიკარი.

ყველა მისი ნამღერი სიმღერა იცოდა, ერთადაც ვიმღერეთ და მთელი საღამო ჰამლეტზე ვლაპარაკობდით.

მადლობა მაესტრო სიმღერით შექმნილი სასწაულებისთვის!”