რატი ამაღლობელის მთავარი სათქმელი

რატი ამაღლობელის მთავარი სათქმელიპოეტი რატი ამაღლობელი ათასობით მკითხველს თავის ერთ-ერთ ლექსს “ერის სულს” სთავაზობს:

“წამითაც შენთან მიახლება
მოითხოვს დიდ შინაგან ცვლილებას,
მთავარანგელოზის სიმაღლე გაქ –
სივრცე და ძალმოსილება.

შენი ორ-ზღვას და ოთხ-ცას-შუა გაშლილი-ფრთა
მზის სულთან შესახვედრად მოგვეცა,
მის სახელს ხმალივით გაშიშვლებულს
ფრთებზე დაიწერ და ორკეცად
ჩვენი ხსოვნის შიგნით მოკეცავ.

შენს თვალებს ფრესკის-ცა-მოწმენდილ
სიღრმეში მოვძებნი – მოწვეთავს
სინათლედ, რომლის მოწმეც ხარ,
რომელსაც უმზერს წრე-ბრუნვაში
ფერხული თანა-მოძმეთა.

ნება მომეცი ერის-სულო
სიტყვა მოცემული შეგისრულო –
დროის ამ მალე-ცვლად დენაში,
განცდებში ჩაღვრილი აკვარელით
გარშემო მაცხოვრის ნაკვალევი
აღვბეჭდო შენს სხეულზე – ენაში.

გავხდე სიტყვა-მკვეთი სამჭედლო,
მზის-სულის მზე-სიტყვა საკვირველი,
სამყარო, როგორც ხმა და საყვირები
ენის ექოებში ჩავბეჭდო.”