22 ივნისი, 2020

ნოდარ გაბუნიას მიმართვა ახალგაზრდა მუსიკოსებს

ნოდარ გაბუნიას მიმართვა ახალგაზრდა მუსიკოსებსკომპოზიტორმა ნოდარ გაბუნიამ ახალგაზრდა მუსიკოსებს საგანგებოდ მომზადებული სიტყვით მიმართა და მისი უდიდებულესობა მუსიკის ჯადოსნური სამყარო საკმაოდ საინტერესოდ დაანახა:

,,ყოველი ადამიანისათვის დგება ჟამი, როდესაც მან ცხოვრების გზა უნდა აირჩიოს. მე დიდად მახარებს, რომ თქვენი არჩევანი მუსიკაზე შეჩერდა. მაგრამ თქვენგან ბევრს, შესაძლოა, კარგად ვერც წარმოუდგენია, თუ , სად მივყავართ ამ გზას და რა დაბრკოლებები შეიძლება აღიმართოს ჩვენს წინაშე… აი, სწორედ ამის შესახებ მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა.

გზა, რომელსაც თქვენ დაადექით, მრავალსახა მუზას – ქალღმერთ ევტერპეს სამფლობელოსკენ მიდის. ძნელია მეუფეთა გულის მოგება. არ მოტყუვდეთ, თუ მან თქვენს წინაშე მორცხვად თავი დახარა, თვალი ვერ გაგისწორათ და ნაზად ჩაიღიმა, არც იმან შეგაცდინოთ, რომ ურიცხვი სანთლებით გადანათებულ სასახლეში ზეიმის დროს იგი თავბრუდამხვევ ვალსში თქვენთან დაწყვილდა, ნურც ის გაგიკვირდებათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს გლეხის კაბაში გამოწყობილი თქვენი მუზა სოფლის ფერხულში ჩართული დაინახოთ, გულს ნურც ის აგიჩქროლებთ. თუ ცრემლების მძივით სახეშემკულმა ქალღმერთმა თქვენთვის თავის შეცოდება განიზრახა…

სინამდვილეში, ჩვენი მუზა ისეთივე ცივია, როგორც მარადიული თოვლით შემოსილი მთის თვალუწვდენელი მწვერვალი, საიდუმლოებით მოცული, როგორც ღრმა უფსკერო უფსკრული, მაღალი, როგორც გამჭირვალე, უკიდეგანო ცის თაღი, უკარება, როგორც ცის დასალიერი… ქალღმერთი ვერ იგუებს უმეცრებას, ვერ იტანს სიბრიყვესა და სულის მაძღრობას, ვერ პატიობს ღალატს…

მას ბევრნი ეტრფოდნენ, მაგრამ თავი ცოტამ შეაყვარა: ბახმა, მოცარტმა, ბეთჰოვენმა, ლისტმა, რიხტერმა, გულდმა, კაზალსმა, შალიაპინმა, კარუზომ, პაგანინიმ, ჰეიფეცმა …

მოდით, თქვენც სცადეთ ბედი… ცდა ხომ ბედის მონახევრეა!”