მიხეილ ქვლივიძის ულამაზესი თბილისური ელეგია

მიხეილ ქვლივიძის ულამაზესი თბილისური ელეგიაპოეტი მიხეილ ქვლივიძის “თბილისური ელეგია”, რომელიც თემიკო ჩირგაძეს ეძღვნება, მისი ეშმოქმედებიდან ერთ-ერთი ულამაზესი ლექსია:

“ნაწვიმარია. მთაწმინდაზე თეთრი ნისლი
წევს.
ჯერ არ გამშრალა ქვაფენილზე სველი ლაქები.
ქუჩაში მიდის მამაჩემი, გოგი ქვლივიძე –
ერთ დროს ცნობილი ინჟინერი და
ქალაქელი.
მას ძველმოდური, გაცრეცილი პალტო
აცვია,
ჭაღარა თავზე ქალაქური „კარტუზი“
ხურავს,
მიდის ქუჩაში მარტოხელა ბერიკაცი და
ჰგავს უცხო სახლში ალალბედად
მოხვედრილ სტუმარს…

თბილისში ვცხოვრობ და ქალაქურ
ადათ-წესს ვნატრობ
და აღარ მესმის – ვინ ვინ არის, ან მე ვინა ვარ…
გუშინ მთელი დღე რუსთაველზე ვიდექი
მარტო
და იცი, ერთმა ნაცნობმაც არ გამოიარა!…
ეტყობა, ჩემი დრო წასულა, არ ვარ საჭირო,
უკანასკნელი, ქალაქს შევრჩი, როგორც მძევალი
და მის ქუჩებში დღეს რომ სადმე ფეხი
გავჭიმო,
კაცი არ იტყვის: „ეს ხომ გოგი ქვლივიძე არი!“
არადა, შვილო, ნუ ჩამითვლი ამ სიტყვებს
კვეხნად, –
დრო იყო, ქალაქს ამშვენებდა ჩემი კაცობა…“
……………………
მამაჩემივით, რუსთაველზე მე ვდგავარ ეხლა
და ვუცდი – იქნებ გაიაროს ვინმე ნაცნობმა.”