მედეა ჩახავას ყველაზე განსაკუთრებული ამბავი

მედეა ჩახავას ყველაზე განსაკუთრებული ამბავითეატრისა და კინოს მსახიობი მედეა ჩახავა თავისი ცხოვრებიდან არაერთ მნიშვნელოვან ამბავს იხსენებდა, თუმცა ისტორია, რომელიც ხელოვანს 1996 წელს გადახდა, მისთვის განსაკუთრებული იყო:

“1996 წელი იყო. მძიმე პერიოდი იდგა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე კბილების გაკეთება, ძალიან მაწუხებდა და რა მექნა?! კბილები ამოღებული მქონდა, მაკასთან წავედი მოსასვენებლად. იქ ნათესავი დამხვდა და მას ვუამბობდი ჩემი გაჭირვების ამბავს.

უცებ გაიღო კარი, სახლში კარს არასდროს ვკეტავდით, რადგან იტალიური ტიპის ეზოა და ყველა ერთმანეთს ვიცნობდით, შემოცვივდნენ ნიღბიანი ბიჭები. ვიფიქრე, რომ ჩემი შვილიშვილებისა და მათი მეგობრების მოწყობილი მასკარადი იყო, რადგან არაერთხელ გაუკეთებიათ მსგავსი რამ, ამიტომ ყურადღება არ მივაქციე და ლაპარაკი განვაგრძე. სიარული რომ არ შეწყვიტეს და რაღაც-რაღაცების გადმოყრაც დაიწყეს, გავბრაზდი და შევუტიე:

– ახლა გეყოფათ, ხომ ხედავთ, არ შემეშინდა. დასხედით, მოიხსენით ეგ ნიღბები და ჩაის დაგალევინებთ-მეთქი.

ჯერ შემომხედეს, მაგრამ მალე ისევ დაიწყეს აქეთ-იქით სიარული. მაკა სამზარეულოდან გამოიყვანეს, იატაკზე დასვეს. იმ ჩვენს ნათესავ კაცს კი რევოლვერი მიაბჯინეს საფეთქელზე.

ახლა კი დამცეცხლა. მივხვდი, სალვადორ დალის ნახატს ეძებდნენ, რომელიც ჩემს სიძეს (მურაზ მურვანიძეს – ავტ.) აჩუქეს საფრანგეთში. მას ეს ნახატი ჩარჩოდან ჰქონდა ამოღებული და ერთ ახლობელთან მოსკოვში დატოვებული. მე და ბავშვები სააბაზანოში შეგვყარეს და ძებნა ისევ განაგრძეს.

გულმა არ მომითმინა, გამოვედი და მძარცველებს ვეუბნები:

– მართალია, ჩემი ცნობა ძნელია, კბილები მაქვს ამოღებული და სახე შეშუპებული. მაგრამ, მედეა ვარ, ჩახავა, ნუ იკადრებთ უკადრებელს, ბავშვებს ნუ შემიშინებთ-მეთქი.

გაჩერდნენ, დამაკვირდნენ და ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულეს. საკმაოდ ბევრი ძვირფასი ნივთი მოეგროვებინათ. როგორც კი ამომიცნეს, ეგრევე დაყარეს ყველაფერი და მხოლოდ ის ჩარჩო წაიღეს, რომელშიც სხვა ნახატი იდო.

იმ დღეს დავრწმუნდი, რომ მიუხედავად გაჭირვებისა და გაუსაძლისი ცხოვრებისა, ხალხს კიდევ შერჩენოდა პატივისცემა და დიდსულოვნება ცნობილი ადამიანის მიმართ. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა და გულიც ამიჩუყდა.”