11 ივნისი, 2020

მაია შენგელიას უმძიმესი მდგომარეობა

მაია შენგელიას უმძიმესი მდგომარეობარეჟისორ მაია შენგელიას მდგომარეობა უმძიმესია. ამის მიზეზი მისი გაჭირვებაა, რის გამოც, მიტოვებულ ბაღებში ხილს კრეფს და შიმშილს იკლავს:

“სალაშქროდ ვემზადები… ორი წლის წინ, როცა უკიდურეს მდგომარეობაში ვიყავი და შიმშილის ნიადაგზე საავადმყოფოშიც კი მოვხვდი, გაჭირვებამ მიკარნახა და ადამიანების მიერ სხვადასხვა მიზეზით მიტოვებულ ხეხილის ბაღებს ჩამოვუარე. ყოველ დღე მომქონდა სახლში სხვადასხვა ხეხილის შეთვალული ნაყოფი. დიდი ხნის მანძილზე ეს იყო ჩემი ერთადერთი საკვები. ბედად იმ წელიწადს ყველაფერს უხვად ესხა. შარშან ოდნავ, სულ ოდნავ გამომიკეთდა მდგომარეობა და თითქოს ბუნებამაც იგრძნოო, ერთი კაკალი არაფერს ება.

აღარ მეგონა თუ ოდესმე კიდევ დამჭირდებოდა ლაშქრობები მიტოვებულ ბაღებში. ჩემს ირგვლივ ყველას გაუჭირდა. რომ არა უბრალო ადამიანები, დღემდე ვერც მოვაღწევდი. ჩემმა მეგობარმა მწერლებმა სიტყვა შემაწიეს იმ პირებთან, ვისაც რაიმე დახმარების აღმოჩენა ხელეწიფებათ. მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ ჩინოვნიკურ პროცედურებს დრო სჭირდება, შიმშილი კი ულმობელი რამეა.

ჰო და დროა სალაშქოდ გავემზადო. თვალიც კი არ შემივლია ხეებისთვის და წარმოდგენა არ მაქვს რაიმეს მოვინადირებ თუ ვერა. კიდევ კარგი, რომ ხეებს მაინც არ ემართებათ კორონა ვირუსი.”