8 ივნისი, 2020

ლელა ვეფხვაძეს დახმარება სჭირდება

ლელა ვეფხვაძეს დახმარება სჭირდებაუსინათლო მომღერალს, 9 აპრილის გმირს ლელა ვეფხვაძეს თითოეული ჩვენთაგანის დახმარება სჭირდება.

მაკა სახურია:

“ლელა ვეფხვაძე – ის საქართველოს თავისუფლების სიმბოლოა. მოდიოდნენ ტანკები… სამშობლოს სიყვარულით და ეროვნული თავისუფლების წყურვილით ანთებული უსინათლო ქალბატონები მღეროდნენ, მღეროდნენ ისე, ცა და მიწა ერთიანდებოდა თითქოს…

ის მხოლოდ ყოველ 9 აპრილს გვახსენდება, მივიწვევთ ტელევიზიებში, ლელა გვიმღერებს ლადოს ტექსტზე შექმნილ საოცარ სიმღერას, რომელიც ჟრუანტელად და ელდად დაივლის მთელ სხეულს, ცრემლს გვაღვრევინებს, გულსა და სულს შეძრავს… ლელა კი წავა ნაქირავებ ბინაში, სადაც უსინათლო დედა, უსინათლო შვილი და შვილიშვილები ელოდებიან…

ყოველდღე მეტროში უნდა ჩავიდეს, დაჯდეს და მატარებლის რახრახში იმღეროს, რომ მგზავრების გულმოწყალებით შეგროვილი ფულით დიდი ოჯახი არჩინოს…

ახლა სახლის მეპატრონე ყიდის ბინას და ოჯახი, ვინ იცის, მერამდენედ, უნდა გადაბარგდეს და სად? ბინის ქირის ნაწილს ქალაქის მერია იხდის, თუმცა გამქირავებლებს ასეთი მოქირავნე სულაც არ აწყობთ…

ის ახლა 59 წლისაა… ამბობს, რომ მეტრომ ხმა და სმენა დაუზიანა, ჯანმრთელობა შეურყია, მაგრამ მაინც ისეთივე თავგანწირვით იბრძვის ოჯახის გადასარჩენად, როგორი თავგანწირვითაც 1989 წლის 9 აპრილის ღამეს მღეროდა… საკუთარ ჭერზე ოცნება უნდა ავუხდინოთ ლელას ოჯახს!

ქართველებო, „ჯერ ხომ სისხლი გვიდუღს ძარღვში?“ გავერთიანდეთ, წვეთ-წვეთობით ზღვა ენერგია დაგროვდება და ყველა ერთად ვიამაყებთ, რომ ლელას მადლიერი ქართველის ხალხისგან ნაჩუქარი ბინა ექნება. ვისაც რის შესაძლებლობაც გვაქვს, არ დავინანოთ ამ საოცარი ადამიანისა და მისი დიდი ოჯახისთვის. ყოველი ლარი მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი ეროვნული ღირსების საქმეა. ახლოს რომ გაიცნოთ, გაგაოცებთ ამ ხალხის გონიერება, ნიჭიერება, სულიერება, პატრიოტიზმი, კაცთმოყვარეობა.
ლელას ჭერი ნამდვილად უნდა იყოს ჩვენი ყველას საზრუნავი. ბევრი გვიკავშირდება, მათ შორის უცხოეთიდანაც, ლელას თანადგომის სურვილით.

გთავაზობთ ანგარიშის ნომერს საქართველოს ბანკში და ლელას პირად ნომერს. გადარიცხვა შეგიძლიათ როგორც ონლაინ ბანკით, ისე სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით.”

საქართველოს ბანკი. ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი (ლარის ანგარიში): GE23BG0000000229621900
ამავე ანგარიშზე შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამერიკული დოლარი, ევრო და ინგლისური ფუნტი სტერლინგი.
მიმღები: ლელა ვეფხვაძე – პირადი ნომერი: 01016007699