კონსტანტინე გამსახურდია ვაჟა-ფშაველაზე

კონსტანტინე გამსახურდია ვაჟა-ფშაველაზემწერალი კონსტანტინე გამსახურდია ვაჟა-ფშაველაზე თავის მოგონებებში ძალიან საინტერესო ამბავს იხსენებდა:

“სიყრმეში ვაჟა-ფშაველა წარმოდგენილი მყავდა როგორც ჩოხიანი დევკაცი, ფანდურით ხელში. უფრო მეტი, იგი თავჩაჩქნიან და თორიან ვაჟკაცად მეოცნებობდა…

როგორ გავოცდი, როცა ქუთაისს ეწვია ვაჟა საკმაოდ გახუნებული ჩოხაში გამოწყობილი. არც მისი საკმაოდ დაბალი შუბლი და არც თვალები გენიოსობის ნიშანს არ ატარებდნენ. მერმე ის იყო, მე უცხოეთს წავედი და სამშობლოდან მომესმოდა მისი გოლიათური ბუბუნი.

ვაჟა ძველი საქართველოს რაინდული წარსულის ვარდია… ლირა… ჩაჩქანი და რკინის პერანგი შეეძლო ეტარებინა მხოლოდ ვაჟას. მსოფლიო პოეზიაში არ მეგულება მისი ბადალი პოეტი. ასეთი თავისთავადი, ორიგინალობით მოსილი. მისი გამოჩენა ქართული პოეზიის ვარსკვლავედზე იწვევს ჩვენს გულში აღტაცებას და განცვიფრებას. რუსთაველმა და გურამიშვილმა დაანათეს მას დიდი მადლი ეგ იყო და ეგ.

პოეტის შეფასებაში ჩემთვის უმთავრესია ენობრივი პოზიცია ავტორის, რადგან ენა მწერლისათვის, რაც კომპოზიტორისთვის, სამუსიკო ინსტრუმენტია. აქ ბევრი რამ ჰქონდა სადაო აკაკი წერეთელს და სიმონ ხუნდაძეს. მე სიყრმიდანვე ვაჟას მომხრე ვიყავი და გიმნაზიის უკანასკნელ კლასებში და მერხიდან ვუწევდი ოპოზიციას ჩემს განსვენებულ მასწავლებელს სიმონ ხუნდაძეს. იმ დროიდან მე არ შემიცვლია შეხედულობანი ვაჟას ენისმიერი პოზიციების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მუდამ მიმაჩნდა, ქართული ენის გენერალური ხაზი ეგ არის ის მაგნიტური ველი, რომელსაც მწერალი არ უნდა გადასცდეს. ვაჟა ჩუმი გენიოსი იყო და როგორც ცნობილია, გენიოსისთვის კანონი არ დაწერილა…

ზოგს ასე ჰგონია, რომ ვაჟას კუთხურ, ფშავურ-ხევსურული დიალექტი რომ არ მოეშველიებინა, ამ სიმაღლეზე ვერ ასწევდა თავის პოემებსა და ლექსებს. მე კი მგონია, ვაჟა განგებ გაემიჯნა ტრივიალურ პროვინციალიზმში გადაჭრილ ქართულ ენას. ილიას და აკაკის სიკვდილის შემდეგ ქართული ენა დაიქსაქსა, უგერგილო მწერლებმა ვერ შეძლეს დიალექტების ტყვეობიდან თავის დაღწევა… ჩვენ ვიქნებით უსამართლოდ განმსჯელნი, თუ დიალექტიზმის ცოდვებს მოვხსნით ჩვენს კლასიკოსებს…

პროზასა და პოეზიაში, რემარკებში ვაჟა მაინცდამაინც არ სცოდავს. არავითარი საყვედური არ ეკუთვნოდა აკაკისაგან, არც არავისგან. ვაჟას საოცარი შემართება პოეზიაში ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს არც კი იცოდა მან თავისი ტალანტის ფასი. უცნაური იყო ზოგ-ზოგი კრიტიკოსისგან იმის მტკიცება, თითქოს ვაჟა ველური, გაურანდავი ტალანტი ყოფილიყოს… საკმარისია გადავათვალიეროთ მისი კრიტიკული წერილები, დავრწმუნდეთ, რომ ვაჟა დიდად განათლებული ადამიანი იყო.

მსოფლიო მწერლობაში ორი საწყისი ებრძოდა ურთიერთს, – მთისა და ბარისა… არსებითად ვაჟა განერიდა რუსიციზმებითა და ბარბარიზმებით დანაგვიანებულ ქართულ ენას და ჭეშმარიტად მარგალიტების მთესველმა ქართულ ენაში შემოუშვა მთაში გადახიზნული ლექსური მარაგი და მისი მითოლოგია.”