7 ივნისი, 2020

გივი სიხარულიძის განსაკუთრებული წერილი

გივი სიხარულიძის განსაკუთრებული წერილიმსახიობი და მწერალი გივი სიხარულიძის განსაკუთრებული წერილი “სცენის ოსტატისაგან ქუჩის სცენის დიდოსტატებს” მართლაც რომ გამორჩეულია:

“შავი მერსედესიდან ვიღაც მოდურად ჩაცმული ტიპი ჩამოვიდა, ეკლესიასთან მდგომ შვიდ მათხოვარს ცალ-ცალკე ფული ჩამოურიგა:

– ეს თქვენ, ჩემო კოლეგებოო, – უთხრა და სწრაფი ნაბიჯით ტაძარში შევიდა.

უკან დაბრუნებულს მცირეწლოვანი მოწყალების მთხოვნელი ბავშვები შემოესივნენ:

– ბიძია, ჩვენც გვაჩუქე რა ფულიო? – მან ყველას თავზე ხელი გადაუსვა და ღიმილიანი სახით გაიძახოდა: ესეც თქვენ, ჩემო პატარა კოლეგებო, ესეც თქვენო, და თან ფულს გამეტებულად არიგებდა.

მერე მანქანაში დაჯდა, სწრაფად მოწყვიტა ადგილს და მოსახვევში გაუჩინარდა. ერთი მოწყალების მთხოვნელი მეორეს მიუტრიალდა:

– ბიჭო, შაქრო, ჯერ არ მახსოვს ამ კაცს ჩვენთვის ფულის ჩუქების დროს არ დაეყოლებინოს: მიიღეთ მოწყალება, ჩემო კოლეგებოო. არადა, მთელ დუნიაზე ცნობილი მსახიობია, ტელეეკრანი არ გაჩხაკუნდება ისე, რომ ეგ არ გამოჩნდეს. ხალხი მაგის გვერდშია და მე მგონი არც მთავრობასთან უნდა იყოს მწყრალად. ჩვენ, ქუჩაში მოწყალების მთხოვნელნი რა მაგის კოლეგები ვართ, ვერ გამიგიაო.

საუბარში ორი მათხოვარი ჩაერთო, ერთი ქალი და ერთიც ხანში შესული მამაკაცი:

– მთელ საქართველოს მაგაზე მზე და მთვარე ამოსდის და მეც ვერ გამიგია რა ჩვენი კოლეგააო.

ერთ-ერთმა ყველას გამომცდელი თვალებით გადახედა და დასძინა:

– რომ არ ვიცოდე რა გულიანი კაციც არის, ვიფიქრებდი მასხრად გვიგდებს-მეთქი, მაგრამ მის თვალებში იმხელა სევდას ვხედავ, რომ ეს ამბავი ყოვლად გამორიცხულია! მათ საუბარში ეკლესიის ერთ-ერთი მრევლიც ჩაერია:

– არა, არა, სიყვარულისთვის არის ეს კაცი დაბადებულიო!

ერთმა მოხუცმა ქალმა კი ყველას გასაგონად ხმამაღლა წამოიძახა:

– ერთხელაც ფულს რომ მაჩუქებს და დაამატებს, ესეც შენ, კოლეგაო, უნდა ვკითხო, რად ფიქრობს, რომ ჩვენ მისი კოლეგები ვართ.

– მაიცა, მაიცაო, – თქვა შაქრომ, – მოდი, ყველას სჯობია ნოდარას ვკითხოთ, მაგ კაცის შესახებ ყველაფერი ეცოდინებაო.

ეკლესიის შესასვლელთან მარცხენა მხარეს, ჭაღარაწვერიანი, თვალებშეშუპებული გახუნებულ სამოსში გამოწყობილი ტიპი იჯდა, წინ პატარა ყუთის ნაგლეჯი ედო, საიდანაც რამდენიმე ოცთეთრიანი მოსჩანდა. სწორედ მისკენ დაიძრნენ მოსაუბრენი.

– ნოდარ, – უთხრა ერთ-ერთმა, – შენი სიმდიდრის გამო მთელი საქართველო გიცნობდა, არც ფული დაგიკლია ვინმესთვის და რესტორნების დახურვაშიც ქვეყანაზე ბადალი არ გყავდა. თანაც ვხედავ მისი დანახვის დროს თავზე ქუდს იფხატავ, თავს ღუნავ და სახეს არიდებ, ვარიანტი არ არის შენ მაგ კაცს კარგად არ იცნობდეო.
ნოდარმა მოცახცახე ხელებით უბიდან ნახევრად დაცლილი არყის ბოთლი გააძრო, პირთან მიიტანა და ხარბად დაეწაფა. ცოტა ხანში თვალებში გამოიხედა და ამოილუღლუღა:

– გისმენდით რაზეც საუბრობდით, მაგრამ ისეთ “პახმელიაზე” ვიყავი, ჩარევის თავი არ მქონდა. გიკვირთ არა, კოლეგებს რომ გიძახით? იმის შემდეგ რაც გავკოტრდი, მერე კი სამუდამოდ დავიქეცი, დღეს გაუბედურებული ლოთი ვარ და თქვენს გვერდით ვზივარ, დღენიადაგ გაკვირდებით, რა ოსტატურად ასრულებთ თქვენ-თქვენ როლს: თამარა მუდამ იმას გაიძახის, ოთხი შვილი მშიერი მიკვდება და დამეხმარეთო. ამ სიტყვებს იმდენად დამაჯერებლად ამბობს, რომ მის სიცრუეში ძნელია ეჭვი შეგეპაროს. ამ დროს შვილი კი არა, საკუთარი ძაღლიც არა ჰყავს. შენ, ჩემო შაქრო, როცა ხალხს მიმართავ, – დამეხმარეთ მე უბედურს, უსინათლოსო, თვალებს ისე ჩაატრიალებ ხოლმე, იმათ კი არა, მეც უსინათლო მგონიხარ. ჭაკო-ჯან, შენ რომ ცალ ფეხს ტრაკის ქვეშ ამოიდებ, ზედ პლედს გადაიფარებ და მარტო მუხლის თავს გამოაჩენ, ლამისაა ჩემი ყუთიდან ფული ამოვიღო და შენს ყუთში ჩავაგდო. ხოლო ტატიანა, ზამბო და შოღიკა ეკლესიიდან გამოსულ ხალხს რომ აედევნებიან და მოწყალების გამღებთ მანამდე არ სცილდებიან, სანამ ჯიბეებს არ დაუცარიელებენ, თან ისეთ გაურკვეველ ფრაზებს ისვრიან, ვერც ღმერთი გაუგებთ და ვერც ეშმაკი, ვზივარ და ვფიქრობ რობერტ სტურუაზე. მას რომ ერთხელ მაინც ჩემი ხედვით შეახედა თქვენთვის და ისე გიცნობდეთ, როგორც ამ ორი წლის განმავლობაში მე გაგიცანით, ალბათ მთელ თეატრალურ დასს დაითხოვდა და თქვენ აგიყვანდათ მსახიობებად. იმ ტიპს კარგად ვიცნობ, დიდებული მსახიობია. ის არაფერს ჭამს, ისეთი ცხოვრება განვლო – თქვენს მტერს და ავს! ბავშვობაში მშიერ-მწყურვალი დადიოდა, დღეს კი ჩემზე უკეთ იცით ვინც არის. გარდა იმისა, რომ თქვენი კოლეგაა, როგორც მსახიობი, ჩემი კოლეგაც არის, როგორც მათხოვრის.

– კაი, კაი ახლა, სისულელეებს თავი დაანებე, – შეეპასუხა შაქრო, – მაგას მათხოვრის რა უგავს, ბიჭო, ლორდთა პალატის წევრივით დადის.

– ეჰ, შაქროჯან, საქმე იმაშია, რომ ჩვენს წრესთან, სადაც მე აღდგომის წითელი კოჭივით დავგორავდი, შეხების წერტილი და ახლოს დგომის საშუალებაც არ გქონდა. მე რომ ხელოვან ხალხს ვიცნობ, ისე არავინ. რა თქმა უნდა, მათ შორისაც არიან თავმოყვარეობით სავსე ადამიანები, მაგრამ მათ თქვენ ვერასდროს გაიცნობთ, რამეთუ არც არსად ჩნდებიან და არც სურვილი აქვთ გამოჩენის. თქვენ დღის ბოლოს იმდენი ფული გიგროვდებათ, საკუთარ ოჯახებს კი არა, რომ გინდოდეთ სხვებსაც დაეხმარებით. მათ კი, თავმოყვარეობა შერჩენიათ. ამის გამო ოჯახებსაც სტანჯავენ და თავის თავსაც. ეს ტიპი ხელოვანთა სულ სხვა კატეგორიას ეკუთვნის, რომლებიც, როგორც სცენაზე, ასევე ცხოვრებაშიც ნიჭიერები გამოდგნენ, ქიციც იციან და ქიცმაცურიც, ამაყნიც არიან და იქ, სადაც საჭიროა თავსაც ხრიან და მუხლსაც იდრეკენ. რა ქნან, სხვა გზა არა აქვთ. სხვა შემთხვევაში თავისი უიღბლო კოლეგების ბედს გაიზიარებენ. უნდა ნახოთ ჩვენი ქვეყნის ოლიგარქად წოდებულ ხალხს როგორ ელაქუცებიან და რა ხოტბას ასხამენ. მარტო ჩვენ არა ვართ ამ დღეში. იმის მომსწრეც ვარ, როგორ ელაქუცებოდა და ემათხოვრებოდა მდიდარი კაცი მასზე მდიდარს, მთავრობის წევრები მათ თავმჯდომარეს, თავმჯდომარე კი პრეზიდენტს. ასეა, ჩემო ბატონო, ეს ცხოვრება. ჩვენ ყველა ერთმანეთის კოლეგები გამოვდივართ. ასე რომ, ნუ გიკვირთ თუ ყველაზე მდიდარმა კაცმაც კი მოწყალების გაღების დროს კოლეგა გიწოდოთ. ეს კაცი ერთი მილიონერის ოჯახში თამადა იყო, ოჯახში, რომელსაც არც სინდისი შერჩენია და არც ნამუსი, ყველაფერი ფულზე გაუყიდავს. ამან კი ისეთი სიტყვებით შეამკო, ისეთი დიდება უთხრა და ისეთი ბალადა მიუძღვნა, სირცხვილისაგან ლოყები ამიწითლდა, მილიონერი კი იდგა და ფსალმუნივით ისმენდა მისი პიროვნებისადმი წარმოთქმულ სრულიად შეუსაბამო ქება-დიდებას. სუფრის დამთავრებისთანავე, მასპინძელმა მილიონერმა გვერდზე გაიხმო, არ ვიცი რისთვის, მაგრამ როცა ჩვენი მსახიობის მადლობების კორიანტელს ვუსმენდი, მივხვდი რაც მოხდა. სხვაგანაც ბევრჯერ შევსწრებივარ მის თამადობას, მისგან წარმოთქმულ სრულიად არადამაჯერებელ ფრაზებს დამაჯერებლად მიძღვნილს ძლიერთა ამა ქვეყნისადმი. ხშირად მიფიქრია, რა მაგარი მსახიობია, თანაც რა დიდი დონის მათხოვარი-მეთქი. ის ჩვენსავით ლარზე და 20 თეთრზე არ ხურდავდება, მისი ჰონორარი თეატრისა და კინოს ჰონორარისგან განსხვავებით, ძალზედ დიდ თანხას წარმოადგენდა, შინაგანად ყოველთვის მძაგდა, მაგრამ მის ნიჭიერებას ვაღიარებდი. ჭკვიანი იყო. ერთხელაც არ მახსოვს თავის სადღეგრძელოებით ჩემი პიროვნება შეეწუხებინოს, არა და რეალურად გრძნობდა მისადმი ჩემს უარყოფით დამოკიდებულებას. მან მშვენივრად იცოდა თავისი და მათი როლი საზოგადოებაში და კარგი რეჟისორივით ანაწილებდა სიუჟეტებს, რომლითაც, რა თქმა უნდა, საჩუქრის გამღებთ დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, ხოლო თვითონ მორალურად და მატერიალურად გალაღებული ბრუნდებოდა შინ.
კარგად მახსოვს, ერთხელ უკრაინელი ბიზნესმენები მყავდა სტუმრად. მთხოვეს, დავიღალეთ ამ ფეშენებელურ რესტორნებში სიარულით. წამო რა, სადმე უბრალო “ზაკუსოჩნიაში” დაგვპატიჟეო. მეც სტუმრებს თხოვნა შევუსრულე და ავლაბარში ერთ-ერთ სახინკლეს ვეწვიეთ, სადაც დარბაზში კუპეები დიქტით იყო გადაღობილი. მართალია, ხალხს სახეზე ვერ ვხედავდით, მაგრამ გვერდით კუპიდან მათი ხმამაღალი აურზაური გვესმოდა. ხმით ვიცანი, ის ტიპი იყო. თავისი ერთ-ერთი ძმაკაცი ეხვეწებოდა თამადად დადექიო. მან სიყვარულით და მოკრძალებით მიმართა:

– ლევანჯან, ფულისგან გაფეტიშებულ კლიენტებთან არ მეყოფა თამადობა და ძალად ხოტბის შესხმა აქაც რომ არ გადამღალოთ? მიდი, ჭიქა ხელში აიღე და დაშხოშიანად მოვილხინოთ, დამასვენეთ რა ბიჭებოო.

ლევანა აღარ გაპრანჭულა, სკამის ხმაურით მივხვდი, რომ ფეხზე წამოდგა:

– მოდით, ბიჭებო, ჩვენი და ჩვენი ოჯახების გულისთვის თავს რომ იმცირებს, იღლის და თრგუნავს, ჩვენი ოჯახების დამპურებელს, ჯაბას გაუმარჯოსო.

ატყდა სკამების რახარუხი, ყველა ფეხზე წამოდგა და ერთხმად წარმოთქვა:

– ჯაბა-ჯან, მადლობა ჯიგარო ჩვენი ოჯახების გადარჩენისთვისო.

როცა დაშოშმინდნენ, ჯაბამ ისე, რომ ეტყობა ფეხზე არ ამდგარა, სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა:

– მადლობა ძმებო ჩემი დღეგრძელობისთვის, როცა უმაღლეს სასწავლებელში ვსწავლობდით, მეგონა დიდოსტატებად და რაინდებად გვზრდიდნენ, თურმე ეს ცხოვრება კომედიაც კი არ ყოფილა, ის კი, რაც კომედია მეგონა, ტრაგედიად გვექცა, ის, რაც ტრაგედიად გვექცა, თავიდან ბოლომდე კომედია ყოფილა. ჩემ ცხოვრებაში არ მახსოვს მათხოვრისთვის ფული არ მიმეცეს და როცა ფულს ვჩუქნი, თავი რომ შეურაცხყოფილად არ იგრძნოს, ყოველთვის დავაყოლებ, ეს ჩემგან, კოლეგავ-მეთქი. მათ განცვიფრებულ სახეებს რომ ვხედავ, ვხვდები რასაც ფიქრობენ, ეს კაცი ხომ არ გაგიჟდა, ჩვენ, მათხოვრები რა მაგის კოლეგები ვართო. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ სხვადასხვა ლიგაში მოთამაშე მათხოვრები ვართ. მე პირველ ლიგაში, ისინი კი მომდევნო, ზოგი მეორეში, ზოგი მესამეში და ზოგიც მეოთხეში. ზოგს კი ლიგაც არ გააჩნია და ცდილობს როგორმე რომელიმე ლიგაში მოხვდეს. როცა ფულს ვარიგებ, ჩემთვის ვჩურჩულებ, მოგესალმებით, პირველი კლასის მათხოვარი შემდგომ ეტაპზე მდგარ მათხოვრებს, ჩემო ნიჭიერო კოლეგებო!”