3 ივნისი, 2020

გია მაჭარაშვილის გაფრთხილება

გია მაჭარაშვილის გაფრთხილებაარაერთი ცნობილი სიმღერის ავტორი გია მაჭარაშვილი, რომელიც 44 წელია უკვე ამ სფეროშია, მოითხოვს დაცული იყოს ავტორთა უფლებები:

“ბოლო დროს, ჩემდა უნებურად, ვაკვირდები ზოგიერთი ტელევიზიის მიერ გაჟღერებულ მუსიკალურ გადაცემებს. ამ გადაცემის წამყვანები და გადაცემის რედაქტორებიც ხშირ შემთხვევაში უშვებენ უხეშ შეცდომებს სიმღერების ავტორების მიმართ.

სიმღერის გაჟღერების შემდეგ, ან დაწყებამდე, ხდება კონკრეტული ნაწარმოების დასახელება და აქვე ავტორობას ანიჭებენ შემსრულებელს. მერწმუნეთ, მომღერალთა დაახლოებით 80 პროცენტი თუ მეტი არა, საერთოდ არ წერს სასიმღერო მელოდიას და, შესაბამისად, ალბათ სიტყვებსაც.

მაინტერესებს, რომელ წყაროებზე დაყრდნობით ხდება მომღერლებისთვის ცრუ ავტორობის მინიჭება. თუ გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი თავს თვლის ყოვლისმცოდნეებად ამ სფეროში და თავი ჰგონიათ პროფესიონალი ჟურნალისტები, მათ არ უნდა სჭირდებოდეთ შეხსენება მსგავსი ფაქტების შესახებ.

სულ მცირე ერთხელ მაინც გადაავლონ თვალი საავტორო უფლებების შესახებ არსებულ კანონს და მშვენივრად დარწმუნდებიან ჩემი სიტყვების სიმართლეში და სინამდვილეში.

მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც მომხრე გახლავთ კონფლიქტებისა და სასამართლოში დავების, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, ალბათ ერთ-ერთი პირველთაგანი ვიქნები, ვინც დაიცავს თავის უფლებებს როგორც ავტორი და ჯერ კიდევ ავტორი მოქმედი სიმღერებისა და არანჟირებებისა.

დარწმუნებული ვარ, რომ მომბაძავენ სხვა ავტორებიც, რომელთა უფლებებიც ისევე ირღვევა, როგორც ჩემი. ეს ნამდვილად არ მოიტანს კარგ შედეგს. მერწმუნეთ ამაში. ამიტომ ძალიან გთხოვთ, მიაქციეთ ამ დაშვებულ შეცდომებს ყურადღება და დააფიქსირეთ ყველა ავტორის სახელი და გვარი.”