გია დანელიას არაჩვეულებრივი ისტორია

გია დანელიას არაჩვეულებრივი ისტორიარეჟისორ გია დანელიასთან დაკავშირებით უამრავი ისტორიაა ცნობილი, თუმცა ამბავი, რომელსაც ბესო დანელია გვიზიარებს, საზოგადოებისთვის უცნობია:

“ჩვენი გენიალური რეჟისორი გიორგი დანელია თბილისიდან სასწრაფოდ უნდა გაფრენილიყო მოსკოვში გადაღებაზე. მივიდა ,,ავია-სალაროში” და განუცხადეს, რომ მოსკოვის არცერთ რეისზე ბილეთი არ იყო. დანელია შეეცადა აეხსნა, თუ რაოდენ სასწრაფო საქმე ჰქონდა და ის, რომ გადაღებას მის გარეშე ვერ დაიწყებდნენ და ,,მოს-ფილმის” მოწმობაც უჩვენა.

– მიუხედავად ამისა, თანაგიგრძნობთ, ბატონო გიორგი, მაგრამ ბილეთი არ გვაქვს მოსკოვზე დღესო, – კატეგორიულად მოუჭრა სალაროში მჯდომმა ქალბატონმა!

გამობრუნდა გია და დაურეკა დეიდას – ვერიკო ანჯაფარიძეს და სთხოვა, ვერ ვშოულობ მოსკოვზე ბილეთს, ეგება დამეხმაროო. ვერიკომ იმ წუთში გადაურეკა საქართველოს ავიაციის მინისტრს და სთხოვა დისშვილისთვის ბილეთი მოსკოვზე. მინისტრმა მსოფლიოში ყველაზე გენიალური მსახიობი ქალბატონისთვის, ყოველთვის იქნება ბილეთიო და გადმოგირეკავთ ქალბატონო ვერიკოო. ურეკავს ხუთ წუთში ვერიკოს, დარცხვენილი ხმით და ეუბნება ბოდიშს გიხდით, მაგრამ ხვალამდე მართლაც არ ყოფილა არცერთი ბილეთიო.

სხვა გზა რადგან აღარ დარჩა, ადგა დანელია და დაურეკა კომპარტიის ცეკაში დევი სტურუას, აუხსნა პრობლემა და გაფრენის საჭიროების გადაუდებლობა, თან დაურთო, რომ ავიაციის მინისტრმაც კი ვერ უშოვნა ვერიკოს თხოვნით ბილეთი.

– გიორგი მინისტრი მინისტრია, ცეკა კიდევ სხვა რამო, – თვითდაჯერებულად განუცხადა დევიმ.
– დამირეკე ათ წუთშიო. – გადის ათი წუთი და დევი სტურუა ეუბნება:
– ყველა ბილეთი გაყიდულია, გიორგი, ხვალამდე გამორიცხულია ვერ გაფრინდები დღესო.

რაღა გაეწყობოდა, შეეგუა, რომ ჩაეშალა გადაღება, უხასიათოდ გამობრუნდა გია დანელია უკან და მის საყვარელ ლაღიძეში შეიარა რუსთაველზე, სადაც მისი ბავშობის მეგობარი მთაწმინდელი ,,სვოი-ბიჭი”, ვოვა მარტინოვი შეხვდა. გადაეხვივნენ ერთმანეთს:

– რა ყურები გაქ ჩამოყრილი გია-ჯან ხო მშვიდობააო, – ეკითხება ვოვა.
– ეეჰ, რა ვიცი, სასწრაფო გადაღება მქონდა დღეს და ბილეთი ვერ ვიშოვე მოსკოვზეო.
– უჰ, შენ რა გითხარი, ვიფიქრე რამე ცუდი შეგემთხვა, მაგის დარდი გაქ ძმობილო წამოდი მერე ავიღოთო.
– გამორიცხულიაო, – გია ეუბნება, – ვერც ავიაციის მინისტრმა და ვერც კომპარტიის ცეკადან სტურუამ ვერ იშოვნაო.

– აუ, შენც ჩამომითვალე ეხლა ავტორიტეტებიო, – გაეცინა ვოვას, – წამოდი, რომ გეუბნებიო, და წავიდნენ. მივიდნენ კვლავ ,,ავია-სალაროსთან” ამბავია, რომ იტყვიან- დედა შვილს არ აიყვანს, რიგია უზარმაზარი და, მიუხედავად იმისა, რომ ვოვა მაღალი მხარბეჭიანი ბიჭი ყოფილა ცხონებული, მაინც ვერ ხედავს მოლარე, მაგრამ ქუდი მოუხდია, აუწევია მაღლა ხელი და იქნევს ქუდს და იძახის:

– ნანა, ნანა, – მოლარემ გამოსძახა, – გისმენო, – ხედავ ქუდსო, ვოვა ვარო, – ჯინსის ,,კეპოჩკა” ეხურა სვეტსკი თურმე თბილისში სულ-ორ კაცს, ვოვას და დინამოს კაპიტანს და სსსრ ნაკრების ფორვარდს დათო ყიფიანს ჰქონიათ მხოლოდ მასეთი კეპი.
– კი, ვოვა, გისმენ რა გინდაო, – გამოსძახა სალაროდან ნანამაც.
– ერთი ბილეთი მოსკოვზე, 1:15 წუთზე რო რეისიაო.
– მაიტა პასპორტიო, – ნანამ. მიუბრუნდა გიას: – მომეცი დროზე პასპორტიო. – გიამ მიაწოდა, გადააწოდეს ნანას, ნანამ გამოსძახა: – მაიტა ფულიო, – ამოიღო ჯიბიდან ვოვამ ფულიც, გადააწოდა და ბილეთი მისი პასპორტიანად მიაწოდა რეჟისორს.

სასიამოვნოდ გაოცებულმა გია დანელიამ ამოიღო ფული და ვოვას დაუპირა პიჯაკის ჯიბეში ჩადება:
– ჰაა, გია, ძმაო, შენ ძაან ხომ არ გამირუსდი იმ მოსკოვშიო, – გადაიხარხა თავად რუსმა ვოვამ, გადაეხვია გია დანელიას და გამობრუნდა.”