გალაკტიონ ტაბიძის ყველაზე სასტიკი ჩანაწერები

გალაკტიონ ტაბიძის ყველაზე სასტიკი ჩანაწერებიყველასთვის ცნობილია, რომ პოეტი გალაკტიონ ტაბიძე ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ისტორიებს წერდა.

“შიმშილის დღიური” – ასე შეიძლება ეწოდოს გალაკტიონის უბის წიგნაკიდან ამოკრებილ ჩანაწერებს, რომლებიც 1930 წლით თარიღდება.

,,12 ოკტომბერი.

მატერიალური მდგომარეობა ასეთი – ერთი კაპეიკიც ჯიბეზე არა მაქვს: ეს გოგიბერიძე თავს მომაკვლევინებს, არ ვიცი, როდის იქნება გონორარი. პაპიროსის ფულიც კი არა მაქვს, ფეხსაცმელები დაგლეჯილია, პალტო არაა, პირი ვერ გავიპარსე, მეზარება ქუჩაში გავლა, ხალხში გამოჩენა.

რამდენი ტკივილებია ხელმოკლეობისაგან, რამდენი შეურაცხყოფა! ტრამვაის ფული რომ კაცს არ გექნება… მეგობრები, ნაცნობები… ისინი მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, როდესაც გაიგებენ, რომ ჯიბეში ორიოდე გროში გაქვს. ღმერთმა ნუ ჰქნას ეხლა ავად გახდომა! რაღაც ვერა ვგრძნობ კარგად თავს. ვსუსტდები.

ო, რა საშინელებაა ამნაირი ცხოვრება, იმედი კარგია, მაგრამ მხოლოდ იმედით ხომ ვერ იცხოვრებ ადამიანი, არა და გამოუსვლელი მდგომარეობა რკინის სალტეებს გიჭერს, სულს გიხუთავს, მუნჯადა და კუტად გხდის, განაპირა ქუჩებით გატარებს.

საბოლოოდ უნდა გამოირკვეს ეს საქმე. არა, რას მიპირებს ეს ხალხი! თუ ჰგონიათ, რომ ცოცხალი თავით დავნებდები სიღარიბეს? არასოდეს!

18 ოკტ.
ბევრი საქმეებიდან გავაკეთე სულ ორი: ლომბარდიდან გამოვისყიდე პალტო და ორდერით ვიყიდე ფეხსაცმელი.

22 ოკტ.
დავკარგე პალტო და ფეხსაცმელები.

31 ოკტომბერი.
ვიყავი ავად გრიპით, რადგან დავკარგე პალტო და ფეხსაცმელი, თან ცოტაოდენი ფული. და ასე დაიკარგა 10 დღე.

7 ნოემბერი.
ოქტომბრის დღესასწაულია. გაზეთები სუსტად არიან შედგენილნი.
გადავეცი ლექსი რადიანს – ლიტგაზეთისათვის.
„მნათობს“ ისევ აგვიანდება. ამ ჟურნალს საშველი არ დაადგა…
ფეხსაცმლის და პალტოს საკითხი გამოურკვეველია.

11 ნოემბერი.
კრიზისია.
მნათობი არ გამოდის, სალიტ. გაზეთს დააგვიანდა, ოლია ავადაა.
ფული გროში, კაპიკი არ არის, პალტო არა მაქვს, ფეხსაცმელში თითი მომიჩანს, ალბად ამინდები მალე შეიცვლება – ზამთარი მოდის. როდის მოეღება ბოლო ასეთ მდგომარეობას?”