24 ივნისი, 2020

გაიცანით სულ სხვანაირი ფიროსმანი

მოგისმენიათ ფიროსმანის სადღეგრძელო?!სიკვდილის შემდეგ გენიოსად შერაცხული მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის, იგივე ნიკალას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე რაც დროს გადის, მით უფრო მეტი ინტერესი ჩნდება.

ფიროსმანის შემოქმედების მკვლევარებისთვის თითოეული ინფორმაცია მნიშვნელოვანია. მხატვრის შესახებ ნიკოლოზ სოზაშვილი თავის მოგონებებში აღნიშნავდა:

“ნიკო იყო მაღალ-მაღალი ჭაღარაშერთული ახოვანი, ჯანსაღი და წამოსადეგი ვაჟკაცი. თავის სიღარიბეში სუფთა კაცი იყო, ბოლო დროს ცოტათი მოეშო. ხმა ჰქონდა ბოხი, ძალიან მშვიდი და უწყინარი კაცი იყო, მეც გულმხურვალედ ვუყვარდი, მაინცა და მაინც არ იყო ნაკითხი, მაგრამ არც უცოდინარი კაცი იყო. ქართული, მწერლობა ცოტად იცოდა. ძალიან უყვარდა ვაჟა-ფშაველა. სხვათა შორის თითონაც სწერდა ლექსებსა.

დიდი მოყვარული იყო ქართველი ერის. ნიკო ვერ ითმენდა რუს მოხელეებს და გორდოვებს. ამბობდა, რომ მაგათ გაგვაბინძურესო. ცუდი წარმოდგენისა იყო ქალებზედაც და ძალიან ერიდებოდა. სმაში არაყი უყვარდა. გამომართმევდა აბაზობით, წავიდოდა და არაყ-გადაკრული დაბრუნებოდა, – ეგ მაცხოვრებსო. უმაგისოდ ცხოვრება არ შემიძილიანო და ხატვა ხომ სულ ვერაო.

სიკვდილის წელს ვგონებ, რომ ორმოცდაათას გადაცილებული იყო. სამი დღე უპატრონოდ გდებულიყო ნაგავში. როცა “სწრაფი დახმარების” ეტლში ჩასვეს მან სთქვა: “ხორველა მჭირსო”.

დამარხული უნდა იყოს წმიდა ნინოს სასაფლაოზე, არავინ მის კუბოს არ გაჰყოლია მიხეილის საავადმყოფოში გარდაიცვალა და საავადმყოფომვე დამარხა.”