19 ივნისი, 2020

ბესიკ ხარანაულის სავედრებელი

ბესიკ ხარანაულის სავედრებელიპოეტისა და მწერლის ბესიკ ხარანაულის მთავარი სავედრებელი უფალს: – ღმერთო, ჩემი ძალის რწმენა მომეცი!

შემოქმედი ახალ ვირუსთან და მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით ამბობს, რომ იგი ახალი დროის ფანჯარაა:

“მე მგონია, რომ ეს ახალი მსოფლიო პანდემია უხილავ ვირუსისა, კაცისთვის ფანჯარაა ახალი დროისა, რომელსაც, ხამს, პირველი მიეგებოს პოეტი.“

ძახილი ბორბალოს მთიდან
კორონა ვირუსის შიშით კავკასიონს შეფარებულ კაცისა

ვიყურებოდი ბორბალოს მთის საძახებლიდან,
ვხედავდი,
დედამიწის კონტინენტები
ტაშტებივით ერთმანეთში რომ იღვრებოდნენ,
ვგრძნობდი, უთუოდ რაღაც მოხდებოდა.
წინათ ჩემს ხალხში ერთი ცრემლით მეტი ვიყავი,
მაგრამ დამიშრა ცრემლის ლოპო –
ახლა ერთი სიცილით მეტი ვარ.
ესეც ნიშანია დიდი ცვლილებისა,
სახრჩობელაზეც კი მღერიან ჩემნაირები.
კორონა ვირუსის შიშის ძალით გამოკეტილებს
მინდა ვუთხრა ორიოდე სიტყვა ქართული –
თან გასართობად
და თან კიდევ შესამეცნებლად.
მე ეს შემიძლია, რადგან ისედაც გამოკეტილი ვარ
კავკასიონის მთების ძირას ამართულ სახლში,
მარტო ვცხოვრობ, გარიყულივით,
ძაღლსაც არ ვყოლიობ,
მარტო ყორანი დასტრიალებს ჩემს ქვიტკირს თავზე
და ვგრძნობ, რომ ესეც ძალაა.
მე ვიცავ ჩემს სახლს და ჩემს გორას,
საიდანაც, გრძნობები რომ მომეძალება,
გავძახებ ჩემს მეგობარ რაინდებს შორეულ დროებში,
მე ეს შემიძლია – ირონიულად რომ ვთქვა ჩემზე,
რადგან კიდევ ბევრი დამრჩება.
მე შემიძლია მადლიერება გამოვუხატო მეფე დემეტრეს,
რომელმაც ათი საუკუნის იქიდან მომნახა მე,
ამ ჩემს ქვიტკირში
და ასე დამცინა:
“ორბობს მოხუცი, მღვიმე ფართობს სამყაროდ”.
ერთი მკრეხელობა კაცს ვერ დააამებს, სხვაც უნდა მისწიოს:
ჩემზე ამბობენ, რომ საძახებლად ბორბალო არა მყოფნის
და საწერად კოლხეთის დაბლობი!
ერთი ღამე მაინც გაათენონ,
როგორც მე ვათენებ სამას სამოცდახუთ ღამეს წელიწადში,
ვნახავ, ვისი თმა იქნება გადარჩენილი…
– ღმერთო, ესღა დამაწერინე! – რომ შესთხოვენ
კალმის მჭერლები,
აბა, მივიდნენ ღვთის კარზე და იკითხონ, მე თუ მითხოვია.
თუ ძალა არაა შენში, არ მიიღებს ღმერთი შენს თხოვნას!
– ღმერთო, ჩემი ძალის რწმენა მომეცი! – აი, ჩემი სავედრებელი.”