21 ივნისი, 2020

აკაკი წერეთლის ყველაზე ორიგინალური თავგადასავალი

აკაკი წერეთლის ყველაზე ორიგინალური თავგადასავალიმწერლისა და პოეტის აკაკი წერეთლის თავგადასავალი, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ ყველაზე ორიგინალურია მისი ცხოვრების მრავალფეროვანი თავგადასავლებიდან:

აკაკი წერეთელს ძალიან უყვარდა ხალხმრავალი თავყრილობები და ტრადიციული ქართული სუფრა. პოეტი მაშინვე ყურადღების ცენტრში ექცეოდა და მოსწრებული სიტყვა-პასუხით ამხიარულებდა შემოკრებილ ადამიანებს.

აკაკი ღვინოს არ ეტანებოდა. ამბობდა კიდეც, ხასიათზე მოსასვლელად სასმელი არ მჭირდებაო. მისი ეს თვისება ყველამ იცოდა და, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სუფრაზე ღვინის დაძალება არცთუ იშვიათი იყო, აკაკის ამას ვერავინ აკადრებდა. თუმცა, ღვინოსთან დაკავშირებით ერთი თავგადასავალი მაინც გადახდა:

მგოსანი ქუთაისში მოხვდა სუფრაზე, რომელსაც მისი ნათესავი, ცნობილი თამადა – თავადი აბაშიძე უძღვებოდა. ყველამ იცოდა, რომ აბაშიძე თავის სუფრაზე ღვინის “მოპარვას” არავის აპატიებდა, თუმცა, სათაყვანებელ მგოსანსაც თუ გაუბედავდა დაძალებას, ვერავინ წარმოიდგენდა. იმან კი, როდესაც აკაკიმ დალევაზე უარი განაცხადა, შესძახა – თუ ღვინოს არ სვამდი, ჩემს სუფრაზე რაღას ჯდებოდიო, ჩამოართვა სასმისი და კისერში ჩაასხა ღვინო. ყველა სახტად დარჩა. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ დაძაბულობა ისევ აკაკიმ განმუხტა – რას იზამ, წესი წესიაო, – ღიმილით ჩაილაპარაკა და მხიარულებაც გაგრძელდა.

ქალაქში მაშინვე გავრცელდა ხმა აკაკის “შერცხვენის” შესახებ. საზოგადოება მოუთმენლად ელოდა “შურისძიებას”. აკაკიმაც ცნობისმოყვარეები დიდხანს არ ალოდინა. მშობლიურ სხვიტორში წვეულება გამართა და სუფრის თამადად თავისი ნათესავი თავადი მიიწვია. სუფრის გაშლამდე ნარდის თამაში და მასლაათი გაჩაღდა. გაშალეს სუფრა, მაგრამ მასპინძელი არსად ჩანდა, ისე კი მაგიდას ვერ შემოუსხდებოდნენ. დაუწყეს ძებნა. აბაშიძემ, როგორც შინაურმა, სახლი მოიარა, აკაკის კაბინეტშიც შეიხედა და იქ აღმოაჩინა პოეტი, რომელიც საწერ მაგიდას უჯდა და რაღაც ხელნაწერს ჩაჰკირკიტებდა. მიუახლოვდა, აკაკის მხარზე ხელი მოხვია და მოახსენა, – სუფრასთან გვიხმობენო, თანაც ხელნაწერს შეავლო თვალი.

აკაკიმ გულუბრყვილოდ ამოხედა – უცებ ლექსი მომივიდა თავში, მაგრამ ერთი სტრიქონი, მგონი, ვერ ავაწყვე, აბა, ერთი შენც ნახეო, – მიუგო თავადს და ადგილი დაუთმო. აბაშიძე ვერ მიუხვდა “მზაკვრულ” ჩანაფიქრს, სკამზე ჩამოჯდა და ხელნაწერის კითხვა დაიწყო, თუმცა, მალევე ასწია თავი და განაცხადა: – აბა, რა გითხრა, აკაკი, მე ლექსის წერისა რა ვიციო.

– თუ ლექსის წერა არ შეგეძლო, ჩემს მაგიდასთან რაღას ჯდებოდიო! – დასჭექა აკაკიმ, დაავლო ხელი სავსე სამელნეს და დაბნეულ აბაშიძეს მელანი კისერში ჩაუშვა!”