6 მაისი, 2020

თეონა კონტრიძე: “განრისხებული ვარ!”

თეონა კონტრიძე: "განრისხებული ვარ!"მომღერალი თეონა კონტრიძე არ მალავს, რომ განრისხებულია იმ ქართველების გამოხმაურებით, რომლებმაც მას საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე შეურაცხყოფა მიაყენეს:

“განრისხებული ვარ, არ დაგიმალავთ და პასუხი რომ არ გაგცეთ, უბრალოდ, შეუძლებელია. წავიკითხე თქვენი კომენტარები მარი ნაკანის გვერდზე ჩემი ვიდეოს ქვეშ.

ჩემი მიმართვა ეძღვნებოდა საქართველოს მთავრობას, რომ დაგვხმარებოდა პანდემიის დროს რუსეთიდან დახსნაში.

აბსოლუტურად ამაზრზენი შემაძრწუნებელი თავისი სიმრისხანით და ხისტობით კომენტარები…
მინდა თავიდან დავიწყო:

რუსეთში წამოვედი 1994 წელს. ამ პერიოდში ბევრი ქართველი წამოვიდა რუსეთში, ვიღაც დარჩა, ვიღაც არ დარჩა. ვინც არ დარჩა, დღემდე იძახიან, რომ პატრიოტიზმი აწუხებდათ, ამ დროს ეს არის ტყუილი. ვიღაც მოერგო, ვიღაც ვერ მოერგო…

მე ინსტიტუტში ჩავაბარე, მიუზიკლში მიმიწვიეს, დაიძრა ჩემი კარიერა… 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში იყო სამოქალაქო ომი და არავის არ ეცალა მუსიკოსებისთვის და დღესაც ცოტა სცალიათ.

თქვენ შეგიძლიათ პრეტენზია წამიყენოთ, რომ ჩვენ ვუძლებდით და შენ რატომ არ უძლებდი. გპასუხობთ ამაზეც: ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იქ, სადაც მუშაობს, სადაც არის აქტუალური და სადაც შეუძლია სამყაროსთვის, პლანეტისთვის, ხალხისთვის რამის გაკეთება. თუნდაც საქართველოსთვის – რუსეთიდან უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, ვიდრე საქართველოში. ელემენტარულად, ჩემმა შემოსავალმა 14 ადამიანი მაინც შეინახა. შეიძლება თქვენ უფრო მეტ ადამიანს ინახავთ, მაგრამ მე რაც შევძელი, ის გავაკეთე.

2008 წელს, როდესაც თეონა კონტრიძე აკეთებდა ქორწილს, რაზე ფიქრობდა, რა ექორწილებოდა, როდესაც რუსეთი საქართველოს ბომბავდაო? გპასუხობთ: ქორწილი ერთი დღით არ იგეგმება, ქორწილი არის პროცესი. ჩვენ ჩამოვფრინდით 2 აგვისტოს, ყველაფერი დავგეგმეთ, მოსკოვიდან იყო ჩამოსული 34 ჩვენი მეგობარი, პატარა ქორწილი გვქონდა 80-კაციანი. ჯვრისწერა გვინდოდა 2008 წლის 8 აგვისტოს. ჯვარი დავიწერეთ სამების საკათედრო ტაძარში, მამა ადამმა ადრე დილით დაგვწერა ჯვარი, მცხეთაში წამოვედით სუფრაზე, დავსხედით და ოფიციანტები გვეუბნებიან, რომ რუსეთმა დაარტყა საქართველოს და ატყდა ომი. რა უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ? რა თქმა უნდა, დაიშალა სუფრა, ზოგი ერევნით გარბოდა მანქანით, ზოგი რიგით გაფრინდა… ჩემი საკუთარი ჯვრისწერის ვიდეო არ მაქვს, 4 ტელეკომპანია, რომელსაც უნდა გადაეღო ჩვენი ჯვრისწერა, ექსტრემალურად გავარდა ცხინვალში გადასაღებად. ეს ჩემი ქორწილის ისტორია…

რაც შეეხება ცხონებული ტატუნაშვილის სიკვდილს, თქვენ მიყენებთ პრეტენზიას, რომ თუ ოდესმე სადმე მითქვამს ამ თემასთან დაკავშირებით. გპასუხობთ: მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ტელეკომპანია “დოჟდს”, ეს არის ერთადერთი ეფექტური, ალტერნატიული, ადეკვატური, სამართლიანი ტელეკომპანია, მივაწოდე ხმა ამ შემაძრწუნებელ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენი ხარჯებით გადმოვაფრინე 4 დღეში ჯგუფი, დავაკავშირეთ ქართულ მხარეს, ქართული მხარე არის ნანუკა ჟორჟოლიანი, ნიკა გვარამია, სუპერ ანტირუსული განწყობის ხალხი. მე ისინი მყავს მოწმეები, შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ ასე იყო თუ არა. “დოჟდის” ბავშვებმა გადაიღეს დოკუმენტური ფილმი და მთელ ანტიპუტინურ, ალტერნატიულ რუსეთს მიაწოდეს ხმა.

უნდა იცოდეთ, რომ დღესდღეობით რუსეთში ნებისმიერი ალტერნატიული სიტყვა არის გადალახვასთან დაკავშირებით. კატეგორიულ უარს ვიძახი ყველა სახელმწიფო შეკვეთაზე. არც ერთ სახელწიფო კონცერტში დაფიქსირებული არ ვარ ჩემი 25-წლიანი ცხოვრების განმავლობაში რუსეთში. ვიძახი უარს ყოველთვის ყირიმში კონცერტზე. მინდა იცოდეთ, რომ ყირიმში უარი 14 კონცერტზე ვთქვი შარშან, 14 კონცერტი დაახლოებით არის 240.000 ევრო. ახლა მიპასუხეთ, ოდესმე საქართველოსთვის თუ გითქვამთ უარი ამხელა თანხაზე? არა მგონია.

კარგით, ეს თქვენთვის არ არის ფასეული, ფული თქვენთვის არ არის ფასეული, მაღალ მატერიებზეა თქვენთან საუბარი. ორ ბანძ და შემაწუხებელ კითხვაზე სრულიად უსაფუძვლო და უძირო პრეტენზიაზე გითხარით პასუხი.

რაც შეეხება მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, მე საქართველოში ვერ ვიცხოვრებ. იცით რატომ? ბევრჯერ გადავწყვიტე, მიხეილ სააკაშვილის პერიოდშიც მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ კორონავირუსით მოვკვდები რუსეთში თუ ბულინგით საქართველოში, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მე კორონავირუსით სიკვდილს ვირჩევ ბულინგით სიკვდილს საკუთარ სამშობლოში. თქვენნაირმა ტუტუცმა და ზედაპირულმა ხალხმა 10 ათასჯერ გადამაფიქრებინა საქართველოში წამოსვლა. მე მყავს რუსი ქმარი და მყავს ნახევრად რუსი ქართულად არ მოლაპარაკე პატარა ბავშვი. მათ რომ შეეხოთ სკოლაში ბულინგი და აუცილებლად შეეხებათ… იმიტომ რომ თქვენთვის რუსეთში მცხოვრები ყველა ადამიანი უაღრესად პატრიოტიც რომ იყოს, სიყვარულით საქართველოსი რომ კვდებოდეს, არის მტერი. რუსეთები, მოსკოვები – თქვენ ხართ ორსონები. ეს არის უსერიოზულესი პრობლემა.

არ შემიძლია ჩემს თავზე ვთქვა, რომ დიდი ინტელექტუალური და კულტურული რესურსი ვარ, მაგრამ რაღაც-რაღაცეების გაკეთება შემიძლია საქართველოსთვის, მაგრამ ამას ვერასდროს გავაკეთებ, იმიტომ რომ ვერასდროს გავრისკავ ჩამოვიდე იმ ქვეყანაში და იმ გარემოში, სადაც ბულინგის 1 პროცენტი მაინც არის, იმიტომ რომ მე იმ ცივ, გაყინულ, როგორც თქვენ იძახით, ჩრდილოეთში იმხელა სიყვარულში ვცხოვრობ 25 წელია, გალოკილი ვარ თავიდან ბოლომდე.”