19 მაისი, 2020

თემურ ცაგურია ზვიად გამსახურდიაზე

თემურ ცაგურია ზვიად გამსახურდიაზემომღერალი და კომპოზიტორი თემურ ცაგურია ყოველთვის სიამაყით იხსენებს გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ვიზიტს დაღესტანში, სადაც ზვიად გამსახურდია გადასახლებაში იმყოფებოდა.

კონსტანტინე გამსახურდია, ზვიად გამსახურდიას შვილი:

“მომღერალი თემურ ცაგურია, რომელიც დიდი ხანია, აშშ-ში ცხოვრობს, უკეთილშობილესი ადამიანი, ხელოვანი, ქართველი და კოლხია.

მიყვარს პოლიტიკურად ისეთი არაანგაჟირებული ადამიანები, რომელთა გულშიც არ არის ზაკვა, ჟანგი, ბოღმა, მძულვარება. ზუსტად ასეთი ადამიანია თემური. ეს აქედანაც ჩანს, რასაც ინტერვიუში ზვიად გამსახურდიაზე ამბობს.

ზვიადის ზღაპარი მახსენდება მგელთავაზე, სადაც ვკითხულობთ, რომ ვინც სიარას ზეციურ ქარს გადაყლაპავს, მისი გული ქნარად იქცევა, მასში სიავის ნატამალი აღარ რჩება და სულ ჰანგებით ჟღერსო.

თემურ ცაგურია იხსენებს გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, როდესაც ზვიად გამსახურდია გადასახლებაში იმყოფებოდა დაღესტანში, სოფელ კოჩუბეიში:

“იმ პერიოდში გასტროლები მქონდა დაღესტანში, ყიზლარში მეცხვარეებთან… ფილარმონიიდან გვაგზავნიდნენ და მეცხვარეებთან ვმართავდით კონცერტებს, რომელიც ხშირად ღია ცის ქვეშ იმართებოდა. იმ პერიოდში ყიზლარში, გადასახლებაში იყო ზვიად გამსახურდია. მას ერთი კონცერტიც კი არ გამოუტოვებია. წავიდოდით მწყემსებთან, ვიქეიფებდით, მათ მივეფერებოდით, ისინი გვეფერებოდნენ და ვბრუნდებოდით უკან. დაახლოებით 30 კონცერტზე წამომყვა და ამ ხნის განმავლობაში, ძალიან დავახლოვდით…

ზვიადი სუფრაზე ძალიან მხიარული და ლაღი იყო, იუმორითა და სიყვარულით სავსე. იქ ხალხს სიგიჟემდე უყვარდა იგი. ზვიადი მათთვის იყო როგორც ლამპარი, ხატი… თუმცა, პოლიტიკაზე საუბარს როგორც კი დაიწყებდა, მაშინვე სხვანაირი ხდებოდა. ეტყობოდა დიდი გულისტკივილი და ამიტომაც, მასთან პოლიტიკაზე საუბარს ყოველთვის ვერიდებოდი.

ჟურნალისტი: ზვიად გამსახურდიას თამადობა გახსოვთ?

თემურ ცაგურია: ყოველთვის თავს არიდებდა თამადობას და ამიტომაც სულ ადგილობრივი მწყემსები იყვნენ სუფრის წინამძღოლები.”

ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ბატონ თემურს.”