14 მაისი, 2020

თამარ მეფის დედის დაუჯერებელი წინასწარმეტყველება

თამარ მეფის დედის დაუჯერებელი წინასწარმეტყველებათამარ მეფის დედის – ბურდუხანის წინასწარმეტყველება მის მიერ ნანახი სიზმარი აღმოჩნდა, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით ახდა.

ამ ამბავზე 1890 წლის გაზეთი „ივერია“ წერდა:

„თამარის მეტი შვილი იმის მშობლებს არა ჰყავდათ. თამარი ჯერ ისევ ათი-თორმეტი წლისა იყო, როდესაც იმისმა დედამ საკვირველი სიზმარი ჰნახა. მეორე დღეს დედამ შვილს უამბო:

„წუხელ, საყვარელო ჩემო შვილო, მეზმანა, რომ ვითომ შენ მამიშენის ტახტზე იჯექი, მეფურად შემოსილი იყავ და ხელში სამეფო გვირგვი და სფერაი გეპყრა. მჯერა, რომ მალე გახელმწიფდები. ეს მით უფრო სარწმუნოა, რომ უფალმა შენს გარდა სხვა შვილი არ მოგვცა. ღმერთმა მაჩვენოს, შვილო, შენი ბედნიერება და დიდება. იყავ, ჩემო თვალის სინათლევ, მოწყალე, წყნარი, მართლ-მოყვარე, ღარიბ-ღატაკთა ნუგეშინის მცემელი“.

სიზმარი გამართლდა.

სიკვდილის წინად მამამ თავისი ქალი სამეფო ტახტზე დასვა და მეფობა დაულოცა. ამის შემდეგ ბევრი ხანი არ გავიდა, რომ თამარს დედ-მამა დაეხოცა.

თამარი გახელმწიფდა და მთელი მსოფლიო დაიპყრო. ხოლო თამარს ისა სწყინდა, რომ მარტო კასპიის ზღვა იმის წინაშე ქედს არ იხრიდა. ამის გამო თამარი ძალიან განრისხდა და თავის ლაშქარს უბრძანა, რომ მთელი კასპიის ზღვა ნამჯით მოეფინათ, ზედ ნავთი დაესხათ და ცეცხლი მოეკიდებინათ.

აბა ლაშქარი როგორ არ გაუგონებდა თავის საყვარელ პატრონს. თამარის ბრძანება მალე სისრულეში მოიყვანეს.
შესწუხდა კასპიის ზღვა, გალაღებული ქედი თამარის წინაშე მოიხარა და ვითარცა მონა, ისე შემოეხვეწა ურჩობა ეპატიებინა. თამარი მოწყალე იყო, დანაშაული შეუნდო, ზღვამ მადლობა გადაუხადა და დიდი ხარჯი თავს იდვა. კასპიის ზღვა თამარს ხარკად ყოველ-წლივ აძლევდა დიდ ძალ ოქროსა, ვერცხლსა, გიშერსა, მარგალიტსა, იაგუნდსა და ცხენ-კამბეჩს.

ამის შემდეგ თამარი მოსვენებით იყო თავის ტახტზე და განაგებდა მთელს ქვეყანას, მაღრუბიდგან-მაშრუყამდის.“