21 მაისი, 2020

სოფიკო ჭიაურელის ყველაზე დიდი სიგიჟე

სოფიკო ჭიაურელის ყველაზე დიდი სიგიჟემსახიობი სოფიკო ჭიაურელი გულწრფელი, კეთილი, უბრალო, მგრძნობიარე ქალბატონი იყო. მისი არაორდინალური გადაწყვეტილებებიდან და სიგიჟეეებიდან ერთ-ერთმა – 65 წლის ასაკში პარაშუტით გადახტომამ – ყველა შოკში ჩააგდო.

არანაკლები სიგიჟე იყო მისი და კოტე მახარაძის დაქორწინება. წყვილს შორის გრძნობა სპექტაკლში “ურიელ აკოსტა” გაჩნდა, რომელიც ვერიკო ანჯაფარიძემ აღადგინა. კოტეს ურიელი უნდა ეთამაშა, სოფიკოს კი – ივდითი.

მას არ უნდოდა ამ როლის თამაში, ეშინოდა დედას კიდევ უფრო მეტად არ დაეჩრდილა, მაგრამ დედამ მოკლედ მოუჭრა “ივდითი შენ იქნები!” და რეპეტიციებიც დაიწყო:

“მე და კოტეს რომანი გვქონდა. ერთხელ მარჯანიშვილის თეატრის დასი მოსკოვში გავემგზავრეთ გასტროლებზე. კოტემ მოსკოვთან ახლოს, ერთ რომანტიკულ ადგილას დამპატიჟა. მასთან დაქორწინებას ვაყოვნებდი. არ ვიცოდი, ჩემი შვილები როგორ შეხვდებოდნენ ამას, ამიტომაც უარზე ვიყავი. კოტე კი გიჟდებოდა, ძალიან ნერვიულობდა. ზამთარი იყო, ნამდვილი რუსული ზამთარი – დიდი თოვლით და მინუს 18 გრადუსი ყინვით. რესტორანში შევედით. იქიდან გამოსულმა, ღვინომოკიდებულმა კატეგორიულად მომთხოვა პასუხი: ახლა ან “ჰოს” მეტყვი, ან არადა თავს მოვიკლავო. უდარდელად მივუგე, – კარგად იყავი-მეთქი. მეგონა, ხუმრობდა. ის კი ყველაზე მაღალ ადგილას ავიდა, იმის იქით უკვე ხრამი იწყებოდა, კარგადო, დამიძახა და ნამქერში გადაეშვა. წუთიც არ დავფიქრებულვარ, ისე ვისკუპე და უკან მივყევი მეც.

მეგობრებმა რომ მოგვიკითხეს, გაოცებულმა რესტორნის დარაჯმა ის ადგილი უჩვენა, სადაც ორი გადარეული ქართველი ხრამში გაუჩინარდა. ცოცხალ-მკვდრები ძლივს ამოგვიყვანეს იქიდან.”

კოტე მახარაძემ და სოფიკო ჭიაურელმა ათეული წლები იცხოვრეს ერთად და კოტეს გარდაცვალებამდე 3 წლით ადრე ჯვარიც დაიწერეს:

“კოტეს გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე მათ ჯვარი დაიწერეს. შეიკრიბა სამეგობროს შვიდი წყვილი და ყველამ ერთად დაიწერეს ჯვარი. ისეთი კარგი იყო, ყველანი ვესწრებოდით, შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები. სოფიკო და კოტე გაცნობიერებულად მივიდნენ აქამდე და ავტომატურად მათი ჯვრისწერა არ მომხდარა. მათი ჯვრისწერა შინაგანი სურვილის გამოძახილი იყო. ყველაზე მეტად სოფიკო იმას ნანობდა, რომ კოტესგან შვილი არ გააჩინა, მაგრამ კოტეს შვილებთან ჰქონდა არაჩვეულებრივი ურთიერთობა,” – იხსენებს მსახიობის შვილიშვილი ნატაშა შენგელაია.