12 მაისი, 2020

ქართული ფენომენის საუკეთესო ახსნა რეზო ესაძისგან

ქართული ფენომენის საუკეთესო ახსნა რეზო ესაძისგანრეჟისორი, მწერალი და მხატვარი რეზო ესაძე თავის ერთ-ერთ მოგონებაში ქართული კულტურისა და ქართული ფენომენის საოცარ ახსნაზე საუბრობს:

“ფიზიკის ფაკულტეტი რომ დავამთავრე, თეატრალურ ინსტიტუტში ვცადე ჩაბარება, მაგრამ არ მიმიღეს. ჩემთან ერთად აბარებდა ჯემალ ჭკუასელი, „ერისიონის“ ხელმძღვანელი რომ არის ახლა. ჯემალთან აკვნიდან აკვანში მაქვს გადაყოფილი ხელი. შერმანდი, მამამისი, შესანიშნავი ლოტბარი იყო. სახლი რომ დაეწვათ, ბაბუაჩემმა შეიკედლა და ერთხანს ცხოვრობდნენ ჩვენთან. ჩვენ საერთო წისქვილი გვქონდა. თუ რამე გამომყვა ბრძნული ბავშვობიდან, იქ, იმ წისქვილში არის ყველაფრის საწყობი.
ინსტიტუტში არ მიმიღეს-მეთქი და საიდან სად გადავხტი, თითქოს ღელეზე გადავდიოდე, მაგრამ კარგი ღელეა ეს. მოკლედ, შერმანდის კალთაში ვარ გაზრდილი. მას პირდაპირი, სისხლხორცეული კავშირი ჰქონდა სიმონიშვილებთან, ერქომაიშვილებთან, დიდ მომღერლებთან. ის გვირგვინია, თაიგულია, რომელსაც ვერავინ გაიმეორებს. საოცრად გვიყვარდა მისი სიმღერა, მარტო უფროსებს კი არა, ბავშვებსაც. 30 კაცის ბანი ჰქონდა და კრინიც შეეძლო, უიშვიათესი ამბავია. ჩვენს სოფელში კარგი მომღერლები იყვნენ მახარაძეები, კიდევ სხვებიც. არ მღეროდა შერმანდი მათთან. იშვიათად მღეროდა საერთოდ, წინდაწინ უთანხმდებოდნენ, იმღერეო. თუ დათანხმდებოდა, ბავშვები წყალგაღმა მაკვინეთში გავრბოდით, იქიდან დუმბაძეები უნდა გამოგვეძახა…

უკვე ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი სოფელში ვარ ჩასული. მიხარია, წისქვილში უნდა წავიდე. განვმარტოვდი ამ წისქვილში შერმადინ ბიძიასთან. ვუთხარი:

– ბავშვობაში ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, მარა რო გევიზარდე, ერთი კითხვა გამიჩნდა-მეთქი.

– რაიო?

-რა და, აგერ, ამ სოფელში შესანიშნავი მომღერლები არიან და საკმარისია, შენ პირი დააღო, სიმღერაზე თანახმა ვარო, დუმბაძეებთან გავრბივართ მაკვინეთში. რა, აგენთან ვერ იმღერებ?

უცებ დაიჭყანა, ამის აღწერა შეუძლებელია, კაუჩუკის ნიღბები რომაა, თითებს შეყოფ და დაიჭმუჭნება, მთელი სახე ისე დაეჭმუჭნა, ყურები სადღაც კეფაზე მოექცა. ორი წუთი იყო ასე, რო გაახილა თვალი, მკითხა:

– რეზოია, ბიძია, თორმეტგვერდიანი არითმეტიკის რვეული როა, იმას უკან ყდაზე რა აქვს, თუ იცი შენ? – გადავირიე, რა კითხვა დავუსვი და რას მპასუხობს. – გამრავლების ტაბულაა-მეთქი.
– ორჯერ ორი რამდენიაო? – მთლად გავგიჟდი, რა უნდა ამ კაცს-მეთქი? ვუპასუხე. – ხუთი არ იქნება?
– ხუთჯერ ხუთი რამდენია? – ისევ სწორად გავეცი პასუხი.
– ცხრაჯერ ცხრა ხო ნამდვილად 81 და სხვანაირად არ იქნებაო?

მოკლედ, ვერ გავიგე ვერაფერი. ისევ თვითონ გააგრძელა:

– მასე არიან მაგენი, კანონში ზიან. თლად რო დაგჭამონ ცოფიანმა ძაღლებმა, ვერ გოდოუხვევ, ვერ ოუვლი გვერდს, უნდა დაეჭამინო. – აბა, იგინი? – უცებ ღიმილი და სიკეთე ჩაუშვა მუცელში, ტერფებამდე გაატარა, დათესა მიწაში, გაზაფხულზე აყვავდება ის სიკეთე ისევ.

– იმათთან, რო დევიწყებთ დასაწყებს, მერე მე ჩემდა წავალ, აგი მიზდა წავა, იგი მიზდა წავა… ვივლით ასე, ვივლით, მოვივლით დუნიას… – ხელებს ისე იქნევდა, თითქოს ფრინველმა ირაო შეკრა ფრთებითო… – მერე მოგვენატრება ერთმანეთი, შევიყრებით, ჩავეხუტებით: – სა ხარ, ბიჭო? რავა ხარ, ბიჭო? კარგად, შენ? ის რავაა? მერე ისევ დევიშლებით და რომ დევიშლებით, კიდე უფრო ახლო მივალთ ერთმანეთთან. მე თუ სიმღერაში არ გევიგულავე და არ გავფრინდი, რა სიმღერაა იგი. ჩვენ ისე გვიყვარს სიმღერა და ისე ვართ მისით სავსე, ამით ღმერთთან ვართ. ჩვენ ერთი სიმღერა ორჯერ ერთნაირად არ გვიმღერია და თუ დააკვირდები, ქართველი კაცი ამფერია და ყველა ქართული ამფერია. აბა, დააკვირდი, ბებიაშენი კატო და ჩემი ცოლი ანიჩკა სტოლს როგორ სხვადასხვანაირა აწყობენ?..

მე ქართული კულტურის, ქართული ფენომენის ასეთი ახსნა არ მომისმენია…”