ფილმი “თუში მეცხვარე” საოცარი ისტორიებით

ფილმი "თუში მეცხვარე" საოცარი ისტორიებითრეჟისორ სოსო ჩხაიძის 3-სერიანი ფილმი “თუში მეცხვარე” თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულად ძვირფასია.

ფილმის გადაღებები შემოქმედებითმა ჯგუფმა 1973 წელს დაიწყო. სოსო ჩხაიძემ 5 წლის მანძილზე ურთულეს პირობებში თუშეთის მაღალმთიან სოფლებში ცხვრის ფარასთან და მის მიერ შერჩეულ მეცხვარე-მსახიობებთან ერთად იმუშავა.

გადაღებების დაწყებამდე კი არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ფილმის სცენარზე მუშაობა. თუშეთში მოგროვილი ფოტო მასალის, მაგნიტურ ფირზე ჩაწერილი სხვადასხვა ისტორიის თუ ყოფითი ამბის გაშიფვრის შემდეგ იწერებოდა სცენარი, პერსონაჟების დიალოგები. გადაღების დროს კი მეცხვარეებს, რომლებიც ფაქტობრივად თავიანთ თავს ასახიერებდნენ ფილმში, აღარ უჭირდათ ტექსტის სწავლა და მისი უშუალოდ თქმა, რადგან ეს მათივე მონათხრობი, მათი ლექსიკით თუ იუმორით შეზავებული წინადადებები იყო.

როცა ფილმი ეკრანებზე გამოვიდა, ბევრი, მათ შორის კინოში კარგად გარკვეული ადამიანებიც, კი ვერ ხვდებოდა რასთან ჰქონდათ საქმე, დოკუმენტურ თუ მხატვრულ ფილმთან, იმდენად რეალური იყო რეჟისორის მიერ წარმოსახული, დადგმული სცენები. ამ ფილმმა სოსო ჩხაიძეს, როგორც რეჟისორსა და სცენარის ავტორს, დიდი წარმატება მოუტანა.

1979 წელს მას და ფილმის დამდგმელ ოპერატორს ირაკლი ონოფრიშვილს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭათ. “თუში მეცხვარე” მთელი საბჭოთა კავშირის ყურადღების ცენტრში მოექცა.

სოსო ჩხაიძის ნამუშევარმა არაერთი პრიზი დაიმსახურა, ადგილობრივ, საკავშირო თუ საერთაშორისო კინოფესტივალებზე. საქართველოს ტელევიზიის დაარსების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ფესტივალზე დაწესებული ერთადერთი მთავარი პრიზი – ამ წლების მანძილზე შექმნილი საუკეთესო ფილმი ტელემაყურებლის გადაწყვეტილებით, სწორედ „თუში მეცხვარე“ გახდა.

გერმანიის ქალაქ მანჰაიმში ჩატარებულ 30-ე საიუბილეო საერთაშორისო კინოფესტივალზე „თუში მეცხვარე“ სამივე მთავარი პრიზის მფლობელი გახდა – პრიზი საუკეთესო სატელევიზიო ფილმისთვის, ოქროს დუკატი საუკეთესო რეჟისურისათვის და საერთაშორისო კათოლიკური კინოპრიზი.

ფილმის ოპერატორი ირაკლი ონოფრიშვილი:

“ფილმზე მუშაობის დროს ცხენების დაცურებისა და ცხვრის საზაფხულო საძოვრებზე გადარეკვის ეპიზოდს ვიღებთ თორღვაის უღელტეხილზე. სანამ მეცხვარეები უღელტეხილს გადალახავენ, ერთ-ორ დღეს მთის ძირში ბანაკდებიან და ხელსაყრელ ამინდს ელოდებიან. ჩვენც მათთან ერთად ვიყავით. სოსო დროს არ კარგავდა და რეპიტიციას გადიოდა მეცხვარეებთან.

მეორე დღეს კარგი ამინდი გამოვიდა, მეცხვარეები აიყარნენ და გზას გაუდგნენ. სოსო და ჯგუფის წევრები მათ გაჰყვნენ. მე და ჩემი ასისტენტი ილია ვაჩნაძე მოკლეზე წავედით და თოვლით დაფარულ მთებს შევუყევით. ამ დროს ცხვარიც მოადგა უღელტეხილს. სოსო მეცხვარეებს გაჰყვა იმ ადგილის სანახავად, სადაც ცხვარი უფრო ადვილად გადავიდოდა. ამინდი ნელ-ნელა შეიცვალა. ეს უკვე ჩვენი მეორე ასვლა იყო, პირველ წელს ისე გაფუჭდა ამინდი, რომ ვერაფერი გადავიღეთ.

არადა, იქ ასვლა არც ისე ადვილია – ალპური ზონაა და თორღვაის უღელტეხილი 3000 მეტრამდეა ზღვის დონიდან. ამინდი უარესდებოდა, ქარბუქი ამოვარდა, თოვლი წამოყარა. ირაკლი ხიზანიშვილს ფიფქები თოვლის ბაბუასავით ჰქონდა წვერზე მიყინული. საშინელი გრუხუნი გაისმა, იქვე ახლოს ზვავი ჩამოწვა და 300 ცხვარი მოყვა ქვეშ. უკვე ერთმანეთის დანახვაც გაგვიჭირდა. მართალი გითხრათ, შემეშინდა – ჩვენ თავს ვიღუპავთ ერთია და სხვებს რას ვერჩით-მეთქი და ვუთხარი ბარისკენ დაეშვით, მე სოსო დაველოდები-თქო.

მთაში ხო იცით ამინდი რა სწრაფად იცვლება. ჰოდა, სანამ სოსო მოვიდოდა ღრუბლები გადაიყარა და მზეც გამოვიდა… სოსო გამოჩნდა, მკითხა – სად არიან ჩვენი ბიჭებიო. ისეთ დღეში ჩავვარდი, მტერს არ ვუსურვებ. ძლივს მოვუყევი ასე და ასე მოხდა და ბიჭები ბანაკში დავაბრუნე-მეთქი. ვიჩხუბეთ, სოსოს ვერ ვაჯერებდი რაც მოხდა, ძალიან გამწარდა. აბა, როგორია, მომავალ წელს ისევ უნდა ამოვსულიყავით ამ ეპიზოდის გადასაღებად. მერე შტატივი აიღო, მე კინოაპარატი და ნელ-ნელა დავეშვით ბანაკისკენ.”