21 მაისი, 2020

ოთარ ჭილაძე ემიგრანტებზე

მწერალ ოთარ ჭილაძეს სამშობლოდან გადახვეწილ ქართველებზე – ემიგრანტებზე საოცარი ჩანაწერი აქვს:

“საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა, ანუ, ემიგრაცია, უაღრესად რთული, უაღრესად სათუთი თემაა და დიდი სიფრთხილე გვმართებს, რათა დაუმსახურებლად არ ვატკინოთ ვინმეს გული, ანდა, კიდევ უარესი, ასევე დაუმსახურებლად არ მივუტევოთ “დროებითი”, “ეპიზოდური”, ასე ვთქვათ, სიტუაციიდან გამომდინარე და ამდენად, ვითომ გამართლებული ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტე და სულმოკლეობა.

ჩვენი ემიგრაცია, როგორც ყველაფერი ქართული, აშკარად განსაკუთრებულია და, ალბათ, მხოლოდ მიახლოებით თუ ჰგავს ემიგრაციის კლასიკურ მოდელს. სხვათა შორის, არც ემიგრაციაში წასვლის მიზეზია საერთო. ვინ იძულებით მიდის, ვინ საკუთარი ნებით; ვინ ფეხის ხმასაა აყოლილი, ვინ ახლობლების რჩევასა თუ მოთხოვნას.

მოკლედ, რაც ერთისთვის ტანჯვაა, მეორისთვის ნეტარებაა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთს დაბრუნება უნდა, მაგრამ არ შეუძლია, მეორეს შეუძლია, მაგრამ არ სურს რომ, ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, ლუკმა-პურის მაძიებელი ჭარბობს მათ შორის, თუ “ტკბილი ცხოვრებისა”. ერთი ცხადია, ემიგრანტობა, ცხოვრების წესად თუ არა, მოდად ნამდვილად იქცა ჩვენში, რასაც თავის დროზე თავად ხელისუფლებამაც შეუწყო ხელი.

შეიძლება მკრეხელობას ჩავდივარ, მაგრამ ჩვენი ემიგრაციის მთავარი მიზეზი მაინც არასწორად გაგებული თავისუფლება მგონია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სამშობლოსგან ვთავისუფლდებით, ქართველობაზე ვამბობთ პირველ რიგში უარს და თუ ეს მართლა ასეა, ძალიან სერიოზული ძალისხმევა გვმართებს ყველას ამ დამღუპველი პროცესის შესაჩერებლად.

ქართველმა ებრაელებმა, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცათ, გენი დაუბრუნეს სამშობლოს, ჩვენ კი, სამშობლოდან, უპირველეს ყოვლისა, გენი გაგვაქვს. მშობლების, ბებია-ბაბუების პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მშობლიურ გარემოს ძალით მოწყვეტილი ბავშვი ქვეყნის ქომაგად ვერ გამოდგება.”