ნიკოლოზ რაჭველი ბოდიშს იხდის

ნიკოლოზ რაჭველი ბოდიშს იხდისევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი ბოდიშს იხდის. მისი ბოდიში ანიტა რაჭველიშვილის განცხადებას შეეხება:

“მიუხედავად შეჩერებული მუსიკალური პროცესებისა, ეს დღეები ძალიან დაკავებული აღმოვჩნდი “დოიჩე გრამაფონისთვის” ჩემს მიერ გაორკესტრებული მუსიკალური მასალის საფორტეპიანო ტრანსკრიფციებზე მუშაობის გამო. ე.წ. დედლაინი დამიწესეს გერმანელებმა და რომ იტყვიან მოსწრებაზე ვარ. როგორც ჩანს, ამის გამო, მხედველობიდან გამომრჩა ჩვენი პროფესიული სამყაროს გამოხმაურება შუა დღის გადაცემის ირგვლივ, სადაც ანიტა და მე გახლდით სასაუბროდ მიწვეულები.

ვინც ახლოს არ იცნობს ანიტა რაჭველიშვილს, ალბათ ვერ დაიჯერებს, რომ თუნდაც ჩვენს შემთხვევაში, ის ცალსახად სუბიექტური არასდროს არის. მე და არაერთმა ჩემიანმა ხომ კარგად ვიცით, რომ ჩვენი კოლექტივის მიმართაც მძაფრად კრიტიკულია და როგორც ხელმძღვანელს, ანუ პასუხისმგებელ პირს არასდროს მპატიობს დაშვებულ კომპრომისს მუსიკის და პროფესიონალიზმის წინაშე. ამ გადაცემაშიც არ აუვლია გვერდი იმ ორკესტრის მინუსების აღნიშვნისათვის, მე რომ ვხელმძღვანელობ. ხოლო ვინც ანიტას იცნობს, ისიც იცის, რომ ვულკანივით მძაფრად გამოთქვამს ხოლმე აზრს და ზოგჯერ ეს აზრი უტრირებულად აღიქმება. ასე იყო ახლაც. იმდენად გაბრაზებულია ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი პრობლემების დაუსრულებლობით, იმდენად გაუგებარია მისთვის, რომ მთელი ჩვენი საზოგადოების თანადგომის მიუხედავად, კვლავ ყველაზე ცუდ პირობებში ვიმყოფებით (რაშიც, რაღა დაგიმალოთ და, მეც მადანაშაულებს რიგ მიზეზთა გამო!), რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას მის მიერ ორკესტრების ინსტიტუციური კრიტიკა არაკოლეგიალურად აღსაქმელი გახდა და საპასუხო რეაქცია გამოიწვია.

არადა, მე ზუსტად ვიცი, რომ ანიტასთვის ყველა მუსიკოსი ძვირფასია, მითუმეტეს ქართველი, განურჩევლად იმისა, თუ სად უკრავს და ვისთან ერთად. ზუსტად ვიცი, რომ მას აზრადაც არ მოუვა მევიოლინეს, ფლეიტისტის თუ დასარტყამ საკრავზე შემსრულებლის დაკნინება, არც ერთი წამით ეს არ მიგრძვნია ჩვენი 10-წლიანი მეგობრობის განმავლობაში. ზუსტად ვიცი, როგორ უხარია ყველას წარმატება და გაუხმაურებლად უამრავ კეთილ საქმეს აკეთებს ქართველი ახალგაზრდებისათვის. გარდა ამისა, მთელი მსოფლიოს საოპერო სამყარო ანგარიშს უწევს მის მკაფიოდ დაფიქსირებულ პოზიციას ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის შესახებ, რაც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი და სამაგალითოა. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რამხელა წვლილი შეაქვს საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის მაღალ დონეზე წარმოჩინების საქმეში, ან უბრალოდ რას უშვება მუსიკას, რომელსაც ასრულებს…

გამორჩეულად დიდი და განსაკუთრებული ამაგი მიუძღვის საქართველოს ეროვნული ორკესტრისადმი, რომლის მიმართ 10 წლის განმავლობაში ამოძრავებს უსამართლობის განცდა, რადგან სწორედ ანიტაა თანამონაწილე თუნდაც იმ სირთულისა, რომ ვერ ვახერხებდით მისივე მეშვეობით დიდ დირიჟორებთან და მომღერლებთან საგასტროლოდ თბილისში ჩამოყვანის შეთანხმებას, რადგან ყველა ვარსკვლავი მინიმუმ 1 და მეტწილად 2 წლით ადრე ითხოვს მკაცრად განსაზღვრულ საკონცერტო თარიღს, ჩვენ კი დარბაზის არქონის გამო, ვერც თარიღს და ვერც ვერანაირ გარანტიებს ვთავაზობდით მათ…

ანიტამ 2012 წელს ფონდის დაარსების ინიციატივაც წამოჭრა ჩვენს მხარდასაჭერად და ყოველი მისი საქართველოში გამოსვლის შემდეგ, ან ინსტრუმენტს ვანახლებთ ან სარეპეტიციოს კომუნალურ გადასახადებს ვიხდით, რადგან არასდროს აუღია ჰონორარი ჩვენს სეზონებში. ასე იყო მუდამ. ერთგულება და თანადგომა – რაც დაუვიწყარი იქნება ჩემთვის სიკვდილის წუთამდე!

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ორკესტრების საშემსრულებლო დონის ანიტას მხრიდან ასეთ უარყოფით შეფასებას, ცხადია, ეს ჩემი პოზიცია არ არის, არა იმიტომ, რომ ასე არ ვთვლი, ან ასე ვთვლი, არამედ იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, თავად ვარ ერთ-ერთი კოლექტივის ხელმძღვანელი და, მეორეს მხრივ, არც ჩვენი საშემსრულებლო ხარისხით ვარ ყოველვის ისეთი კმაყოფილი, რომ სხვათა გაკრიტიკების უფლება მივცე საკუთარ თავს. ზოგი კონცერტი კარგი გამოგვდის, ზოგი – საშუალო, ჩვენი ცუდად დაკრულიც მახსოვს და ძალიან კარგიც, ცხადია, ძალიან კარგი ჯერჯერობით მაინც არ არის ის, რაც ევროპული და ამერიკული მაღალი კლასის ორკესტრების საერთო ხარისხს გაუთანაბრდება, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, მიუხედავად იმისა, რომ გვიჭირს მორალურადაც, ტექნიკურადაც, აკუსტიკურადაც და ლოჯისტიკურადაც… და მაინც ყველანი ვცდილობთ ისე, როგორც შეგვიძლია, როგორც გამოგვდის. სათანადო პირობები რომ გვქონდეს, კიდევ უკეთესები ვიქნებით, თან მგონია, რომ გაცილებით. ბევრ მაგარ დირიჟორს და მუსიკოსს ჩამოვიყვანდით, ბევრ დიდ ქმნილებას შევეჭიდებოდით რეგულარულ რეჟიმში, რაც კიდევ უფრო განავითარებდა ჩვენი დაკვრის ხარისხს!

მჯერა, რომ იგივე განცდით უდგება საქმეს თითოეული ჩვენი კოლეგა ყველა ანსამბლში, სიმფონიურ ორკესტრში, გუნდში თუ სასწავლებლის საკლასო ოთახში!

ამიტომ ჩვენი კოლექტივის მიმართ მხარდაჭერის საპირწონედ დანარჩენ კოლექტივთა შესახებ გამოხატული ნეგატიური შეფასებების გამო, რაც ანიტას მხრიდან, როგორც ვიცი, მართვის პოლიტიკას და მხატვრულ ხელმძღვანელობას ეხებოდა და არა უშუალოდ მუსიკოს-შემსრულებლებს, გულწრფელ ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ამა თუ იმ ორკესტრში მსახურობს, ანიტას მოსაზრება თავის თავზე მიიღო და გული ეტკინა. სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე, რომ ეს ის არ იყო რისი თქმაც გვსურდა გადაცემაში ორთავეს. უნებურად ასე გამოვიდა და თუ დავფიქრდებით, ალბათ გავიხსენებთ, რომ ყველას მოგვსვლია საკუთარი აზრის დაფიქსირებისას მსგავსი გაუგებრობა თუნდაც ერთხელ მაინც!..

და ბოლოს: უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ძალიან ბევრ ჩემს ახლობელს, ნაცნობს და სრულიად უცნობ ადამიანებს, მთელს ჩვენს საზოგადოებას ასეთი გულშემატკივრობისა და თანადგომისთვის ჩვენი 95-წლოვანი ისტორიის მქონე ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მიმართ, ასევე პირადად ჩემდამი მართლაც უზღვავად გამოხატული სიყვარულის გამო, რისი ტარებაც ძალიან რთულია, ძალიან საპასუხისმგებლო არა მარტო საქმიანი კუთხით, არამედ სულიერადაც. ხშირი შექება და თან ხელმძღვანელის პოზიციაზე ყოფნა, სისუსტის შემთხვევაში, პირდაპირი გზაა ამპარტავნებისაკენ. ჰოდა, მეც ცხოვრება ასეთ ბრძოლებში გამყავს, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ მეგობრობა არის საუკუნეებში გამოცდილი უმაღალესი რანგის ღირებულება და ამიტომ ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც არის ჩემი მეგობარი ანიტა, რომელმაც, თავის მხრივ, არაერთხელ დამანახა და ლამის უკვე მთელი შეგნებული ცხოვრებაა მაგრძნობინებს, როგორია ნამდვილი მეგობრობა, ისეთი, რომ სასოწარკვეთილებისაც არ გეშინია, რადგან ყოველთვის გახსოვს, რომ არსებობს იმედი და გყავს დასაყრდენი.

ღმერთს ვთხოვ, შემაძლებინოს სათანადოდ დაფასება საქმით, ერთგულებით და მუსიკით!

P.S. პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოზე გადაღებულ ფოტოზე ანიტასთან და ჩემთან ერთად ორი ორკესტრი თანამუზიცირებს, ოპერისა და ჩვენი. ნიშნად სიყვარულისა და თანადგომისა!”