მიხეილ ჯავახიშვილის საბედისწერო დღე

მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვები სიკვდილმისჯილთა საკნიდანმწერალ მიხეილ ჯავახიშვილისთვის საბედისწერო დღე 57 წლის ასაკში დადგა, როდესაც ქვიშხეთში დასასვენებლად ჩასულს თავზე ჩეკისტები დაადგნენ.

ნინო ნატროშვილი:

“ჯავახიშვილები ქვიშხეთში დასასვენებლად აგვისტოში ჩავიდნენ – მიხეილი, მისი მეუღლე ლუბა ჯაჭვაძე, ქალიშვილები – 23 წლის ქეთევანი და 8 წლის რუსუდანი, 3 წლის შვილიშვილი – რამაზ შიშნიაშვილი, სიდედრი ნინო და მოსამსახურე ქალი, ნიურა. მწერალთა დასასვენებელი სახლის ახლოს იქირავეს ოროთახიანი, აივნიანი ბინა.

14 აგვისტოს 57 წლის მიხეილ ჯავახიშვილის დასაჭერად გამთენიისას მივიდნენ ქვიშხეთში. ორნი იყვნენ, ერთი ქართველი და ერთი სომეხი. მძინარეს ქართველი ჩეკისტი დაადგა თავზე და გამოუცხადა, დაპატიმრებული ხართო. მიხეილი წამოდგა და ჩაცმა დაიწყო.

მთელ ოჯახს თავზარი დაეცა. ფეხშიშველი და ღამისპერანგიანი ქეთევანი გიჟივით შევარდა მამის ოთახში. უაზროდ ლაპარაკობდა, ცდილობდა ჩეკისტისთვის აეხსნა, რომ მიხეილ ჯავახიშვილი დიდი მწერალია, ხალხს უყვარს და მისი დაჭერა არ შეიძლება. ალბათ ეს ყველაფერი იმ ჩეკისტმაც იცოდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. მამამ გააჩუმა: – ჩაიცვი, არ გაცივდეო. მერე სომეხმა ჩეკისტმა აივანიდან ხმამაღლა გამოსძახა: – Отберите у этого негодяя орден! – შრომის წითელი დროშის ორდენს გულისხმობდა, გასულ წელს რომ მიანიჭეს. ამის გაგონებაზე ქეთევანი მისკენ გაქანდა, მაგრამ ის ეზოში ჩავიდა და მანქანაში ჩაჯდა. აღარ გაჰკიდებია, მამასთან ამობრუნდა.

ცოლი გაქვავებული იდგა, ერთი კი ჩაილაპარაკა, “ხომ ვიცოდი, არ გაპატიებდაო.” მიხეილს თითქმის არაფერი უთქვამს, მხოლოდ წასვლის წინ ჯიბიდან სოჭის საგზური ამოიღო და ქალიშვილს მისცა, ხვალვე მწერალთა კავშირს დაუბრუნეო. სიდედრმა სთხოვა ჩეკისტს, ლოგინს გავატანთო. არ დასჭირდებაო, უპასუხა. მიხეილმა ამაზე ჩაიცინა, ნათელი იყო, რატომ არ დასჭირდებოდა.

მთელმა ქვიშხეთმა გაიგო მიხეილ ჯავახიშვილის დაჭერის ამბავი. გაიგეს მწერალთა დასასვენებელ სახლშიც, მაგრამ მხოლოდ ერთი, ალექსანდე აბაშელის ქალიშვილი, მედეა გამოვიდა, სხვა არავინ გაჰკარებიათ. ქალებმა მარტო შეკრეს ბარგი და თბილისში წამოსასვლელად სადგურზე გავიდნენ…”