ლევან აბაშიძის მთავარი საიდუმლო

ლევან აბაშიძის მთავარი საიდუმლო29 წლის ასაკში აფხაზეთის ომში დაღუპული მსახიობის ლევან აბაშიძის  მთავარი საიდუმლო – უბრალოება, თავგადასავლების სიყვარული და უსაზღვრო რომანტიკოსობა იყო. მან მაყურებლის სიყვარული პირველივე როლიდან მოიპოვა და ეს იყო ლევანისთვის უდიდესი ჯილდო. ლანა ღოღობერიძის ფილმში “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” ნათამაშევი როლი მსახიობისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

საოცრად რომანტიკოსი და თავგადასავლების მოყვარული მსახიობი საყვარელი გოგონას გულის მოსაგებად, არაერთხელ დაშავებულა. შეყვარებულის გამო ერთხელ ისე იჩხუბა, თითი მოიტეხა და თაბაშირში ჩასმა დასჭირდა. გონებაგამჭრიახმა მსახიობმა თაბაშირი საგულდაგულოდ შეინახა, რომელიც შემდეგ სკოლაში საკონტროლოების დროს მთავარ მხსნელად ევლინებოდა.

“ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” – ეს ფილმი ლევან აბაშიძისთვის საეტაპო აღმოჩნდა. რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერა. გადაღებების დაწყებამდე მსახიობის ხიფათიანმა თავგადასავალმა არ დააყოვნა და ფეხი მოიტეხა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ორთვიანი წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, ლევან აბაშიძემ ფილმში ნატკენი ფეხით ითამაშა:

“ბატონმა გიორგი შენგელაიამ ფილმის “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის” გადაღებამდე რამდენიმე ხნით ადრე მირჩია, წამეკითხა ოთარ ჩხეიძის რომანი “ბორიაყი”. მერე სცენარსაც გავეცანი და მივხვდი, მთავარ როლს ვითამაშებდი. გადაღების დაწყებამდე, უკვე მერამდენედ, ფეხი მოვიტეხე და ტრავმატოლოგიურ ცენტრში ამოვყავი თავი. ექიმს ვკითხე, დიდხანს მომიწევს წოლა-მეთქი? ორი თვე მაინცო. ორი თვე რა გამაჩერებდა? ამიტომაც მთელი ფილმის გადაღების მანძილზე ნატკენი ფეხით მომიწია თამაში. მაყურებელი, ალბათ, ვერც ხვდება, ზოგს შეიძლება უკვირს კიდეც, როგორ დადის ეს კაციო.”

ეს ტრავმა არ აღმოჩნდა უკანასკნელი. რომანტიკული თავგადასავლების მოყვარული ლევან აბაშიძე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ფეხმოტეხილთა რიგებში, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ბიჭვინთაში წასულიყო, თაბაშირიანი ფეხით შეყვარებულთან მეშვიდე სართულზე ასულიყო და მის კართან ყვავილები დაეტოვა…