ლანა ღოღობერიძე ძნელბედობის ჟამს

ლანა ღოღობერიძე ძნელბედობის ჟამსრეჟისორი ლანა ღოღობერიძე ამ ძნელბედობის ჟამს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებსაც ამხნევებს და სხვადასხვა ლექსს სთავაზობს:

“ამ ძნელბედობის ჟამს სხვადასხვა ლექსი მახსენდება. მეჩვენება, რომ ზოგიერთი პირდაპირ ეხმიანება ჩვენს დღევანდელობას. მათ შორის, ალბათ, ყველაზე მეტად ბოდლერის “ბოროტების ყვავილები”.

ბოროტების ყვავილები – ანუ პირდაპირ ჩვენი კორონა! ვიზუალურადაც კი. და არსებითად? ცოტა უცნაურია, მაგრამ ბოდლერის ბოროტების ყვავილი სათუთიც არის და მარტოც, და სულიერ საზრდოსაც ეძებს. ვინ იცის, იქნებ ეს კორონაც ასეთია?

ამავე დროს ამ ლექსში არის სტრიქონები, რომლებიც თითქოს უშუალოდ ჩვენი პლანეტის დღევანდელ მდგომარეობას ასახავს: “საფლავად ქცეულ დედამიწის უცხო სტუმარი”, “დრო ჭამს სიცოცხლეს, საშველი არ ჩანს, და ჩვენი სისხლით იკვებება მტერი მდუმარე”. მტერი მდუმარე, რომელიც ჩვენი სისხლით იკვებება…

ეს ლექსი ბევრი წლის წინ ვთარგმნე, როცა თბილისის იმ საბედისწერო სამოქალაქო ომის შემდეგ ვენეციაში ვიყავი მიწვეული ევროპის კულტურის ასოციაციის კონფერენციაზე საქართველოზე სასაუბროდ. მატარებელში ვიჯექი. ჩემს გვერდით იტალიელი ახალგაზრდები ისე ლაღად მხიარულობდნენ… მე კი ჩემი დანგრეული თბილისი მედგა თვალწინ. და მაშინ გამახსენდა ბოდლერის ეს ლექსი და იქვე დავიწყე თარგმნა.

დღეს კი მისი თქვენთვის გაზიარება იმიტომაც მომინდა, რომ მიუხედავად ლექსის აბსოლუტურად ტრაგიკული ინტონაციისა, ის მაინც შვების მომტანია. როგორც საერთოდ ხელოვნება, და ამ შემთხვევაში, პოეზია.

როგორც მშვენიერებასთან ზიარება!

შარლ ბოდლერი

ჩემი პირქუში, ბობოქარი ახალგაზრდობა, –
ქარიშხლებისა და ვნებების ბნელი თარეში,
წვიმამ და ქარმა დაარბიეს ჩემი წალკოტი
და დამრჩა ბაღი ნაყოფის და ხილის გარეშე.

მეც შემოდგომა მეწვია თურმე,
დავეხეტები გრძნობისა და ფიქრის ამარა,
წყალი თხრის ორმოს, წყალი თხრის ორმოს,
ის უფრო ღრმაა, ვიდრე სამარე.

და მე არ ვიცი, სად იპოვის სულიერ საზრდოს
ნაზი ყვავილი, სათუთი და სრულიად მარტო,
საფლავად ქცეულ დედამიწის უცხო სტუმარი.

დრო ჭამს სიცოცხლეს, ო ტანჯვავ, ტანჯვავ,
დრო ჭამს სიცოცხლეს, საშველი არ ჩანს,
და ჩვენი სისხლით იკვებება მტერი მდუმარე.”