ისტორიული ხელშეკრულება პანტომიმის თეატრისთვისშალიკაშვილის პანტომიმის თეატრმა ისტორიული ხელშეკრულება გააფორმა.

თეატრის 55 წლის იუბილეზე თეატრს გადაეცა მიწის ნაკვეთი, სადაც თეატრი აშენდება.

ამირან შალიკაშვილი უმცროსი:

“13 მაისს თეატრი რომ გახდა 55 წლის, ამ დღეს გაფორმდა ისტორიული ხელშეკრულება – თეატრს გადაეცა მიწის ნაკვეთი, სადაც თეატრი აშენდება განუსაზღვრელი ვადით (უვადოდ!)

ეს სიმბოლურიც იყო რომ 55 წლის იუბილეზე ასე მოხდა: მამაჩემი მეუბნებოდა, კალაძე თეატრს გადაარჩენსო და ასეც მოხდა!

ეს პოსტი ჩვენი თეატრის გვერდზე არ იწერება მარტო იმის გამო, რომ დღეს შალიკაშვილის პანტომიმის სახელმწიფო თეატრი გადარჩა, ამას ვწერთ იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის!

თბილისისთვის საქმის კეთება, თან ხარისხიანად, მისი ცხოვრების ნაწილად იქცა! მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად, როდესაც თეატრზე ფიქრობ და თან აშენებ, ეს უკვე დასაფასებელია. საუკუნის საქმე კეთდება!

ამირან შალიკაშვილმა სიკვდილის წინ თქვა რომ, კახა კალაძე გადაარჩენს ჩემს თეატრს. ის არასოდეს ცდებოდა ადამიანის ამოცნობაში და დღეს ეს ყველაფერი გამართლდა და დაიძრა. ჩვენ ქვეყანას ექნება საერთაშორისო პანტომიმის და პლასტიკის ცენტრი და შალიკაშვილის თეატრი უმაღლესი სტანდარტების თანამედროვე შენობით!

საერთოდ, ჩვენი აზრით, სულ ცუდზე ლაპარაკს, ჯობია ჩავანაცვლოთ კარგზე ლაპარაკით, დაუნახავები არ უნდა ვიყოთ. რაც მოხდა 9 წლის უკან პანტომიმის სახელმწიფო თეატრის ირგვლივ, ყველამ იცის და წლების მანძილზე ვერავინ შეძლო ამის გამოსწორება.

დღეს ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ მოისმინა ჩვენი აზრი და გვერდში დაგვიდგა! მადლობა ნდობისთვის და მადლობა ყველაფრისთვის რაც დღეს კარგი ხდება ჩვენს ქალაქში.

წარმატებებს გისურვებთ ბატონო კახა და იმედი გვაქვს ძალიან მალე ერთად სრულიად ახალი და თანამედროვე ამირან შალიკაშვილის სახელობის პროფესიული პანტომიმის სახელმწიფო თეატრის ლენტს გავჭრით.

პირველი აგური ჩვენი ახალი თეატრის ასაშენებლად უკვე გვაქვს!

ეს აგური მიმების საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტმა გვაჩუქა და თავისი ხელმოწერაც დაგვიტოვა.
2015 წლიდან ჩვენ გვაქვს ლიცენზია, რომ ავაშენოთ საერთაშორისო პლასტიკის ცენტრი. ჩვენ ამას შევძლებთ.”

#ჩვენვაშენებთთეატრს

ისტორიული ხელშეკრულება პანტომიმის თეატრისთვის