იოსებ ნონეშვილი და გალაკტიონ ტაბიძე

იოსებ ნონეშვილი და გალაკტიონ ტაბიძეპოეტებს იოსებ ნონეშვილს და გალაკტიონ ტაბიძეს ათასობით მკითხველი ჰყავს.

ოთარ რურუა მათ შესახებ საინტერესო ისტორიას იხსენებს:

“ქართველი პოეტებიდან (თუნდაც გარდაცვლილებიდან) ყველაზე ალალი და კეთილშობილი პიროვნება იოსებ ნონეშვილი იყო. ყველას ეხმარებოდა, განურჩევლად ეროვნებისა. მსახიობმა გოგი გეგეჭკორმა პოეტს ,,სიკეთის მფანტველი“ უწოდა. ნონეშვილი ყველაზე ბოლოს შედიოდა მწერალთა სახლში.

ერთხელ თურმე ორი ბიჭი მანქანაში ჩაისვა, თბილისიდან ქუთაისში ჩაიყვანა, რაღაც პრობლემა მოუგვარა და შემდეგ დაბრუნდა უკან.

ბებიაჩემს არ უყვარდა გალაკტიონი, რაღაცნაირი ლექსები აქვსო, გულს უფრო მიდარდიანებს, ვიდრე მიკეთებსო. სამაგიეროდ იოსებ ნონეშვილი უყვარდა ძალიან, სურათიც აქვს ნონეშვილთან ერთად გადაღებული, ხალასი ლექსები აქვსო კარდენახში დაბადებულ პოეტს. იშვიათად მინახავსო ნონეშვილისნაირი ალალი და კეთილშობილი პიროვნება, ყველას ეხმარებოდაო განურჩევლად სქესისა და ეროვნებისა, სიკეთეს უანგაროდ ჰფანტავდაო.

მოგეხსენებათ როგორი რთული ვითარება იყო 90-იანი წლების თბილისში, ქართველი ქართველს ტყვიას ესროდა რუსთაველის პროსპექტზე. პოეტის ვაჟმა სანდრო ნონეშვილმა: ,,იოსებ ნონეშვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, თბილისში სულ სხვა ვითარება იქნებოდა“-ო, ძნელია არ დაეთანხმო.

გალაკტიონი მწერალთა კავშირში მიბრძანდა და ირაკლი აბაშიძე იკითხა. უთხრეს, ირაკლი არ გახლავთ, მაგრამ კლუბში შებრძანდით, იოსებ ნონეშვილი საფრანგეთიდან ჩამოვიდა და ლექციას კითხულობსო.

– რა თემაზე კითხულობს? – დაინტერესდა გალაკტიონი.

– საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი საფრანგეთში.

– საფრანგეთში ნამყოფი ვარ და ვიცი, როგორ ცხოვრობენ ფრანგები. როცა იმაზე ჩაატარებს ლექციას, თუ როგორ ვცხოვრობთ ქართველები საქართველოში, დამირეკეთ და აუცილებლად მოვალ, – მიუგო გალაკტიონმა.”