18 მაისი, 2020

გუგლის კულტურული ინსტიტუტის საგანგებო გამოფენა საქართველოს

მეფე პოეტის თეიმურაზის პორტრეტი 257 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდამსოფლიოს უდიდესმა კულტურულმა გაერთიანებამ – გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საკუთარ ონლაინ პლატფორმაზე საქართველოსადმი მიძღვნილი საგანგებო გამოფენა ჩატვირთა.

გიორგი კალანდია:

“მუზეუმების საერთაშორისო დღე გუგლმა საქართველოს განსაკუთრებულად მიულოცა.

მსოფლიოს უდიდესმა კულტურულმა გაერთიანებამ – გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საკუთარ ონლაინ პლატფორმაზე საქართველოსადმი მიძღვნილი საგანგებო გამოფენა ჩატვირთა.

გუგლისათვის დამახასითებელი სპეცეფექტების გამოყენებით მომზადებულ ონლაინ გამოფენას „სამეფო საგანძურის დაბრუნება“ ეწოდება და ეძღვნება ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზის უნიკალურ პორტრეტს.

ერთი ნამუშევრისადმი მიძღვნილი ასეთი მასშტაბური ონლაინ გამოფენა კავკასიის რეგიონში გუგლმა პირველად მოამზადა. ამ თემაზე გუგლის სპეციალისტებთან ერთად ხელოვნების სასახლის თანამშრომლები რამდენიმე თვე მუშაობდნენ. გამოფენაზე მოყოლილია უნიკალური პორტერტის თავგადასავალი, მისი შექმნისა და დაკარგვის ისტორია. საგანგებოდ აღნიშნულია, რომ პორტრეტი საქართველოს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ დაუბრუნა.

ონლაინ გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებელს საშუალება აქვს შეიხედოს პორტრეტის შიგნითაც, ნახოს ულტრაისფერი და ინფრაწითელი სხივებით გადაღებული ფოტოები, სადაც კარგად მოჩანს პორტრეტის საუკუნოვანი წარსული, დაზიანებისა და რესტავრაციის კვალი.

ქართლ-კახეთის მეფის პორტრეტი მსოფლიოში სახელგანთქმული XVIII საუკუნის მხატვრის ალექსანდრე ანტროპოვის მიერაა შექმნილი და იგი ძალიან დიდხანს დაკარგულად ითვლებოდა. ნახატი ირანში 1819 წელს თეიმურაზის შვილიშვილს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებულ ალექსანდრე ბატონიშვილს უნდა წაეღო, მისი სიკვდილის შემდეგ კი პორტრეტი ევროპაში გაიგზავნა და გარკვეული პერიოდი გერმანიის საიმპერატორო ოჯახის ერთ-ერთი წევრის პირად კოლექციაში ინახებოდა.

შედევრად აღიარებული ფერწერული ტილო 2018 წელს ფონდმა ქართუმ ლონდონის ერთ-ერთ აუქციონზე შეისყიდა და ხელოვნების სასახლეს – კულტურის ისტორიის მუზეუმს საჩუქრად გადასცა.”