30 მაისი, 2020

ეთერ კაკულიას უკანასკნელი სიმღერა

ეთერ კაკულიას უკანასკნელი სიმღერამომღერალ ეთერ კაკულიასთვის უკანასკნელი – გედის სიმღერა აღმოჩნდა კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის მიერ დაწერილი “სიმღერა ჩემი ფრთებია”, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს შეიქმნა:

“ეს სიმღერა შევქმენი 80-ანი წლების ბოლოს, სადღაც 87-89წ., ზუსტად აღარ მახსოვს.

სიმღერა დავწერე თამარ გვერდწითელისთვის, რომელთანაც ვმეგობრობდი და შემოქმედებითად ვთანამშრომლობდი. თამარს უკვე ჰქონდა ჩაწერილი ჩემი სხვა 2 სიმღერა ,,შემოდგომის ზარები” და ,,გვფარვიდე უფალო”. როცა მოვასმენინე, აღფრთოვანდა და მითხრა, ზუსტად ის არისო, რაც მინდოდაო.

არაერთხელ მითქვამს, რომ სიმღერას თავისი ბედი აქვს ისევე როგორც ადამიანს. მოკლედ, ჩაწერა გაჭიანურდა და ვეღარ მოვაბით თავი, ცუდი პერიოდი იყო, მოგეხსენებათ. მერე თამარი რუსეთში გაემგზავრა და იქ განაგრძო მოღვაწეობა და სიმღერის ჩაწერა ვეღარ მოხერხდა. ის კარგა ხანს არქივში მედო ერთი-ორი ათწლეული. რატომღაც მეგონა, რომ თამრიკო მოიცლიდა, შევხვდებოდით და ბოლოსდაბოლოს ჩავწერდით, მაგრამ ვერც ეს მოხერხდა.

ერთხელაც ცხონებულ ეთერ კაკულიას მოვასმენინე, სხვათაშორის, რომელთანაც ასევე ვმეგობრობდი, ვთანამშრომლობდი და ხშირად თვეობით ვიმყოფებოდით საგასტროლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ეთერი აღფრთოვანდა და მთხოვა მისი შესწავლა და ჩაწერა. მანამდე კი კონცერტებზე ხშირად ასრულებდა ჩემივე საფორტეპიანო თანხლებით წარმატებით. მერე სტუდიაშიც ჩავწერეთ და ეს სიმღერა გახდა მისი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. თან როცა ასრულებდა, ემოციებს ვეღარ მალავდა და მისამღერის კულმინაციაში თვალზე ცრემლი ადგებოდა.

სხვათაშორის, სწორედ ამ სიმღერით დაასრულა თავისი სასცენო მოღვაწეობა და 2014წ, როდესაც შესდგა მისი შემოქმედებითი საღამო დიდ საკონცერტო დარბაზში და მისი ვარსკვლავიც გაიხსნა, კონცერტის ფინალში ეს სიმღერა შეასრულა. მთელი დარბაზი ფეხზე დადგა თვალცრემლიანი, რადგან იცოდნენ რომ მომღერალს განუკურნებელი სენი სჭირდა.

მანამდე კი მის დასახმარებლად სპეციალურად მიძღვნილი გადაცემისთვის მაია ასათიანთან მთხოვეს ამ სიმღერის გალა-ვერსია ჩაგვეწერა ახალგაზრდა მომღერლებთან ერთად, სადაც ეთერის მიერ შესრულებული ჩანართიც იქნებოდა. ეს სწორედ ის ვერსიაა, რომელიც გადაცემისთვის ჩაიწერა.”