28 მაისი, 2020

ეკატერინე გაბაშვილი ივანე მაჩაბელზე

ეკატერინე გაბაშვილი ივანე მაჩაბელზემწერალი ეკატერინე გაბაშვილი მთარგმნელსა და მწერალთან ივანე მაჩაბელთან პირველ შეხვედრას ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებდა:

,,ცხრა თუ ათი წლისა ვიქნებოდი, როდესაც პირველად ვნახე ვანო მაჩაბელი. იმ დროს ციებამ დამიგდო და ბებიაჩემმა მკითხავის რჩევით გერისთავში წამიყვანა. ეკლესიის ეზო სავსე იყო ხალხით და დაჩარდახული ურმებით. აქა-იქ დიდი ლხინები იყო გაჩაღებული და ჩვეულებრივი ჯვარობის ჟრიამულისგან ყურთასმენა აღარ იყო.

მამაჩემს ხელმოკიდებული დავყავდი ერში და მიხსნიდან გერისთობის ბაზრის მნიშვნელობას ზემო ქართლის ცხოვრებაში. ეკლესიაში წირვა იდგა. ხალხი შედიოდა ხატის სამთხვევად და პარაკლისის გადასახდელად, ჩვენც იქითკენ ვიწევდით, რამდენადაც ხალხის ტალღა ნებას გვაძლევდა.

უცებ ხმა გავარდა, სამოციქულოს სულ პაწაწინა ბავშვი კითხულობსო და ხალხი უფრო აჩოჩქოლდა და ეკლესიის შესავალს მიაწყდა. მამაჩემმა ფეხს აუჩქარა, ხელი უფრო მაგრად ჩამჭიდა და რამდენიმე წამის შემდეგ ეკლესიაში შემიყვანა.

ხატების წინ მრავალი სანთელი ენთო, მაგრამ ეკლესიაში მაინც ბნელოდა, პატარა საყდრის ვიწრო სარკმლებიდან საკმაო სინათლე არ შემოდიოდა და ხალხს ვერ ატანდა. ამ ბინდში მკაფიოდ მოჩანდა მხოლოდ ხელში აყვანილი რვა წლის ბავშვი, რომელსაც მარჯვენა ხელში დიდი კელაპტარი ეჭირა და წინ გადაშლილ უშველებელ წიგნს კითხულობდა.

სიზმარივით ჩამრჩა ეს სანთლის შუქით განათებული მშვენიერი ბავშვის გაფითრებული სახე. დიდრონის, მომწვანო თვალებით შემკული და ქერა ხუჭუჭი თმით გადაფენილი სპეტაკი შუბლი.
ის არა ბავშვური სახის გამომეტყველებით დაშტერებოდა წიგნს და მაღალი ხმით, გარკვევით კითხულობდა სწორედ იმ კილოთი და ტონით, რომლითაც ჩვეულებრივ სამოციქულოს კითხულობენ.

ხალხი გაკვირვებული, თითქმის ცრუმორწმუნეობამდე მისული, უცქეროდა და უსმენდა. მე თან სიამოვნებით და თან შურით შევცქეროდი არა ჩემოდენას, მაგრამ გასაოცარ ბავშვს და ვკვირობდი იმის თავისუფლად თავის ჭერას და ხმის რიხიანობას.

– როგორ მოგწონს? – წამჩურჩულა მამაჩემმა.

– მიკვირს ამოდენა ხალხში როგორ ბედავს, არა კრთება, – ჩურჩულითვე მივუგე მამას და უფრო ჩავაკვირდი მის გაფითრებულ სახეს, ამაყურად მოღერებულ ყელს, მწვანე, კატის თვალებისმაგვარ თვალებს, მორკალულთ ქერა წარბებით, წვრილ-წვრილ ტუჩებს, ცოტათ ჩავარდნილ ბაგეზედ; და მაშინდელი იერი უცვლელად შერჩა ვანოს, რომლის სიცოცხლემ მართლაც რომ ჩემს თვალწინ გაიარა.

– ვინ არის? ვისი შვილია? – გაისმა კითხვა. ყველას უნდოდა უფრო ახლო დაენახა ეს არაჩვეულებრივი, იშვიათი ბავშვი, მაშინდელ დროს თითქმის უმაგალითო მოვლენა.

მამაჩემმა კითხვით მიმართა ჩვენს ახლო მდგომ მანდილოსანს და იმან სიცილით მიუგო:

– კნიაზო რევაზ, ნუთუ ვერ მიცან ელენე, დიასამიძის ქვრივი, ჩემი ძმისწულია ვანო და თან ჩემი საამაყო და საყვარელი მოწაფე.

– ახლა კი მესმის, თუ საიდან შეისწავლა ამ პატარამ ასე მკაფიოდ საღმრთო წერილის კითხვა. თქვენი სიბრძნე განთქმულია მთელს ქართლში.

– კარგი, კარგი, შენს გაზრდას, ქათინაურებს ნუ მოჰყვები! – და წინ წამოაყენა მასთან მოახლოებული, ახლა მთლად გაწითლებული ვანო.

– აი, ჩემი იადონი და მომავალი საქართველოს პატრიარქი! – სიცილით დაუმატა მოხუცმა ელენემ…”