12 მაისი, 2020

დოდო აბაშიძის და გუგული მგელაძის ისტორია

დოდო აბაშიძის და გუგული მგელაძის ოსაცარი ისტორიამსახიობ დოდო აბაშიძისთვის რეჟისორ გუგული მგელაძის ფილმი “ფესვები” უკანასკნელი აღმოჩნდა.

რეჟისორმა თავიდანვე გადაწყვიტა, რომ ამ ფილმში დოდო აბაშიძეს და ლევან აბაშიძეს აუცილებლად უნდა უნდა ეთამაშათ.

“ფესვების” გადაღებებს რეჟისორი ასე იხსენებდა:

“ფესვები” რომ გადავიღე, ერთხანს ვფიქრობდი, სენტიმენტალური ფილმია და ხალხიც ამიტომ ტირის, ინდურ ფილმებზეც ხომ ტირიან-მეთქი, მაგრამ, არა. აქ რაღაც სხვა იყო… ეს ფილმი ძალზე ქართულია და ამიტომაც ეტირებათ.

სულიკო ჟღენტი სცენარს რომ მომიყვა, შემზარა. მარტო ფინალისთვის ღირდა ამ ფილმის გადაღება.

დოდო აბაშიძემ გიორგი ზაქარეიშვილის როლში ყოველგვარი “თამაშის” გარეშე გამოხატა თავისი გულისწუხილი…

საფრანგეთში 11 დღე დავყავით. ერთხელაც, პარიზის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ვიღებდით სცენას, როცა ბაბუას შვილიშვილი მანქანით სკოლაში მიჰყავს. მაგრამ, მანქანების უწყვეტი ნაკადი გვიშლიდა ხელს. გადაღება რომ უნდა დაგვეწყო, დოდომ კატეგორიულად განაცხადა: “ასეთ მოძრაობაში მანქანას ნიკი ლაუდა ვერ წაიყვანს და მე როგორ ვატაროო”, თანაც ბაბუასა და შვილიშვილს კრიმანჭული უნდა ემღერათ და ეს უფრო ართულებდა საქმეს.

ჩვენს ოპერატორს, ცხონებულ აბიკო მაისურაძეს ერთი სომხის ასისტენტი ჰყავდა, პატარა ტანის კაცი. მივიდა დოდოსთან და ეუბნება, “დოდოჯან, სამშობლოზე ფილმს ვიღებთ და შენ რას შვები?! რას აკეთებ, სირცხვილია, ახლავე ჩაჯექი მანქანაში! რისთვის წამოვედით ამდენი ხალხი პარიზში?!” დოდომ დაუჯერა, ჩაჯდა მანქანაში, გვერდით მოისვა შვილიშვილი, რომლის როლსაც 7 წლის ნიაზ დიასამიძე ასრულებდა და რიხიანად ატარა დოდომ მანქანა და რიხიანი სიმღერაც დასჭექეს ზაქარეიშვილებმა.

არ ვიცოდი, გადაღების პერიოდში დოდო თუ ავადმყოფობდა და თურმე სიკვდილას პირას იყო მისული. “ფესვები” მისი ბოლო ფილმია. დოდო საავადმყოფოში იწვა, როცა ფილმის პრემიერა დაინიშნა. პრემიერის მსვლელობისას, დროის ზუსტად იმ მონაკვეთში გარდაიცვალა, როცა ფილმში დოდოს გმირი კვდება… პალატიდან გამოუშვა მომსახურე პერსონალი, ყველა, ვინც გარს ეხვია და ასე დალია სული.

“ფესვების” ფინალი გურიაშია გადაღებული. შემეძლო “მასოვკა” შემეკრიბა და ისე გადამეღო ეს სცენა, მაგრამ ლანჩხუთელი მსახიობები ვარჩიე, მათ ავუხსენი რაც ხდებოდა. ვინც იქ დგას, ყველა მართლა განიცდის და ეს მარტო საქართველოში შეიძლება მოხდეს, სხვა ქვეყანაში არა მგონია. დამისახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც 60 წლის წინ სოფლიდან წასული კაცის ფერფლს მთელი სოფელი დახვდება – ვერ დამისახელებთ, რაღაც გვჭირს ძალიან კარგი.”