29 მაისი, 2020

ავთო ვარაზი – მხატვარი, რომელმაც საკუთარი თავი დაღუპა

ავთო ვარაზი - მხატვარი, რომელმაც საკუთარი თავი დაღუპამხატვარმა ავთო ვარაზმა საკუთარი თავი ახალგაზრდა ასაკში დაღუპა – ასე მიაჩნდა ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი თუმანიშვილს, რომელმაც ხელოვანს საინტერესო ჩანაწერი მიუძღვნა:

“1960-იანი და, მერე, 1970-იანი წლებისთვის ძალიან საგულისხმო მოვლენა იყო ავთანდილ ვარაზი – მას ავთო ვარაზად მოიხსენიებენ (ძალიან არ მიყვარს ეს კნინობითი სახელები, მაგრამ ისე შემოვიდა ჩვენს ყოფაში, რომ კარგა ხანს, ეტყობა, ვეღარ მოვიცილებთ).

როგორც ცნობილია, ის განათლებით არქიტექტორი იყო, მაგრამ არქიტექტორად არ უმუშავია. მერე სცადა ხელოვნებათმცოდნეობა, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში ასპირანტურაში იყო, მაგრამ, თუმცა იქაც ძალიან უყვარდათ და მეგობრობდნენ, ვერ დაუდო გული მეცნიერებას და უკვე 1960-იან წლებში ის არის ფერმწერი.

აქ საინტერესო ის არის, რომ პარალელურად, აკეთებს სახვით ნამუშევრებს (ფერწერას), რომლებსაც დროდადრო ფენს და, თანადროულად, ქმნის ნამუშევრებს, რომლებსაც დღეს კოლაჟებს ეძახიან.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს მთლად კოლაჟები არ არის. ახლა გამოიცა მისი ჩანაწერები და იქ ძალიან კარგად ჩანს, რომ ის, კლასიკური კოლაჟისგან განსხვავებით, იყენებს, ვთქვათ, ნაჭერს ან ფუჩეჩს, როგორც ერთ-ერთ მასალას და არა როგორც გარკვეული მსოფლმხედველობის ასახვას. ის არ არღვევს ესთეტიკურ სივრცეს, როგორც ამას კოლაჟისტები აკეთებდნენ, არ შემოყავს ყოფა სივრცეში. ის წერს კიდეც – “იმის მაგივრად, რომ დავხატო ჩითი, უბრალოდ, ჩავაკრავ ამ ჩითს”. და, როგორც ეტყობა, მისთვის ამ ორ ხაზთაგან არც ერთი უპირატესი არ ყოფილა.

ასეთივე მოვლენა, უფრო მოგვიანებით, არის ირაკლი ფარჯიანი, რომელიც სრულებით თანადროულად აკეთებს საგნობრივ და უსაგნო მხატვრობას. და ვერ გაიგებ – რომელია უფრო მისი, იმიტომ, რომ არც ერთი რომელიღაც გარეშე დაკვეთით არ კეთდება; თავისთვის აკეთებს და ბ-ნი ავთოც ასე იყო – ერთსაც და მეორესაც აკეთებს თავისით, თავისთვის; რატომ ერთ შემთხვევაში ერთს და მეორეში, მეორეს – ეს უკვე ის ამბავია, რომელიც, ალბათ, სარკვევი იქნება. ამ წუთში მე ვერ ვხედავ, რომ ვინმეს ამ კითხვაზე პასუხი აქვს. რატომ არის, რომ ერთ-ერთი პორტრეტი კეთდება ასე – ის დააკრავს ნაჭერს და თმის მაგივრად გააკეთებს რაღაც მასალას; და მეორეს, ზუსტად იქვე, ხატავს თავიდან ბოლომდე ზეთის ფერებით? მე ვერ ვხვდები, რა განსხვავებაა – დამოკიდებულებაში ამ ორი პორტრეტირებულის თუ ამ ორი სურათის მიმართ? მაგრამ ის აშკარად რაღაცაში უნდა იყოს.

ბ-ნი ავთოს მიმართ დამოკიდებულება განსხვავებული იყო – ვინ მასში ნაკლებ პროფესიონალიზმს ხედავდა, ვიღაც ხედავდა პირიქით, რაღაც სრულებით, ლამისაა, იდუმალ ხელოვანს. ასეთი ფრაზაც კი მომისმენია – „ცოცხალი ლეგენდა!“ მე, ის, როგორც ლეგენდა, არ მახსოვს. შეიძლება იმიტომ, რომ მამას კლასელი იყო და თვითონ მამას თვალში, როგორც ის მასზე ლაპარაკობდა, ის ლეგენდარული არ იყო.

მაგრამ არც სხვებისგან მახსოვს ასეთი შეფასება – რასაც მასზე ამბობდნენ, ეს იყო დანანება, რომ უნიჭიერესი ადამიანი ანადგურებს თავის ჯანმრთელობას (ის, მოგეხსენებათ, სვამდა). სხვათაშორის, დასტურდება, რომ სიმთვრალე მას არ შველოდა შემოქმედებაში, როგორც არც ერთი ადამიანისთვის არ უშველია. მაგრამ რაღაც, ეტყობა, მის მშვინვიერ ბუნებაში ითხოვდა ასეთ სტიმულირებას.

მე ვიცნობდი ერთ ადამიანს, უნიჭიერეს მეცნიერს, რომელიც საერთოდ ვერ შემოდიოდა ადამიანებთან ურთიერთობაში – ამის გამო ის მერე სვამდა და შემდეგ ეხსნებოდა ეს საშინელი მუხრუჭი. როგორც ეტყობა, ბ-ნ ავთოსთანაც რაღაც ასეთი იყო. ის რომ ძალიან ფაქიზი სულიერი კონსტიტუციის ადამიანი იყო, ამას დიდი კვლევა არ უნდა – უბრალოდ, შეხედავ სურათს და ყველაფერი ნათელია! მაგრამ, რატომ მაინცდამაინც ასეთი გზა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ის საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში დაღუპა (და ნამდვილად ამან დაღუპა) – არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, როგორც ხელოვანთან, რასაკვირველია, ამ ლეგენდებს მაინცდამაინც ხელი არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს არც ბ-ნი ავთოს და არც ბევრი სხვა მხატვრის (შეიძლება, არც ერთის) ზუსტი ადგილი ქართული ხელოვნების მთლიანობაში ჯერ არ ვიცით.

მე, მაგალითად, ძალიან დიდხანს მაწვალებდა, რომ, როცა მის სურათებს ვუყურებ, ხან სეზანი მახსენდება და ხან პიკასო; მაგრამ მოხდა ძალიან სასაცილო რამ. შარშან ჩვენს ფაკულტეტზე კეთდებოდა დიპლომი და, როცა დიპლომანტი მასალას აჩვენებდა და, პარალელურად, იქვე ნიშანდობლივ სეზანი და პიკასო იდებოდა, უცებ დავინახე – რა უზარმაზარი და კარდინალური განსხვავებაა მათ შორის. თურმე ის, რაც მსგავსებად მომჩვენებია, იყო მხოლოდ მოტივები, რომლებიც მან სრულებით შეგნებულად აიღო, მაგრამ სულ სხვა რაღაცის სათქმელად. მისი მხატვრული სამყარო სულ არ არის ის, რასაც ამბობს ქვეყნიერებაზე ან პიკასო ან სეზანი. აქ არც სეზანის ჰარმონიულობაა, შეიძლება ცოტა გაბზარული, მაგრამ მაინც ჰარმონიულობა და არც პიკასოს აბსოლუტური ჯოჯოხეთურობა – პიკასო ამ სოფელს ჯოჯოხეთად ხედავს და იმიერი სოფლისა არ სწამს.

ავთო ვარაზთან ასე არ არის. ის სევდიანი მხატვარია, რა თქმა უნდა, მაგრამ ის არ არის მხატვარი, რომლისთვისაც ადამიანები და საგნები ურჩხულებად გადაიქცნენ, როგორც ეს არის პიკასოსთვის და არა მხოლოდ მისთვის. მე ვფიქრობ, ამ მხატვრულ ხედვასაც კიდევ სჭირდება დახასიათება, კიდევ სჭირდება ჩაძიება და ჩაღრმავება. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, შეიძლება დადასტურდეს, რომ ეს იყო კაცი, რომელიც, იმ ვითარებაში, ჩანდა როგორც ადამიანი, რომელიც სხვანაირად ლაპარაკობს (თუნდაც იმიტომ, რომ წამძღოლი ხაზი მაინც იყო, ვთქვათ, ფერადი მხატვრობა ან ფოლკლორული მოტივები, როგორც თენგიზ მირზაშვილთან); ეს რაღაც ევროპული გზა არის, თითქოს; უფრო ევროპული ხელოვნების მოტივების გაზიარების, ევროპული ხელოვნების ნაცადი ხერხების მოსინჯვის გზა იყო – ცოტა სხვა, ვიდრე ჰქონდათ თითქმის მის თანატოლებს მაშინ მონუმენტური ფორმის ძიების სრულებით განსაკუთრებული გზა დაისახა.

საერთოდ, ამ დროს, ერთი მხრივ, არსებობს, სხვადასხვანაირად, ევროპული გამოცდილება – სხვანაირად, იმ კონტრასტული ფერწერის ოსტატებთან; სხვაგვარად, ავთო ვარაზთან, რომელსაც სწორედ ყველაზე მეტად, ალბათ, ფერადოვნება ამსგავსებდა პიკასოს ცისფერ პერიოდს – მოჭარბებული ლურჯი, მონაცრისფროები. მაგრამ, თანადროულად, არიან მხატვრები, რომელთაც ხაზგასმულად ეროვნული უნდათ. ოღონდ, ეს ეროვნული რა არის – აი, ეგ არის მთელი ამბავი.”