7 მაისი, 2020

არ გამოტოვოთ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლი “1945”

არ გამოტოვოთ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლი "1945"მოზარდ მაყურებელთა თეატრი ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილეს რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლით „1945“ ეხმიანება.

თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, 9 მაისს 15 საათზე აიტვირთება ნიკოლოზ საბაშვილის მიერ 2015 წელს დადგმული სპექტაკლი, რომელმაც თეატრალური პრემია „დურუჯი“ მიიღო.

სპექტაკლში გადმოცემულია ჰიტლერის ბავშვობისა და ახალგაზდრობის ებრაელებთან თანაცხოვრების წლები. ბავშვობიდან დიქტატორობამდე განვლილი პერიოდი, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ხაზი, ჰიტლერის მიუწვდომელი სიყვარულია. ხელმოცარული ადოლფი მიემგზავრება პირველ მსოფლიო ომში, სადაც ფსიქიკურ აშლილობამდე მიდის. პოლიტიკური თამაშები მისი თავშსესაფარი ხდება. მომავალი დიქტატორის შერყეული ფსიქიკა პატრიოტიზმის მანტიას მოხდენილად ირგებს და პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატებულ ნაბიჯებსაც დგამს. ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ იწყება მეორე მსოფლიო ომი.

„1945“ სიმბოლოებით არის დატვირთული, თხრობა ეტიუდების ხერხის სახით გადმოიცემა. სპექტაკლში გამოყენებულია მინიმალური ტექსტები ებრაულ და გერმანულ ენებზე. ორიგინალური გადმოცემის მანერა მაყურებელს საშუალებას აძლევს იყოს მოვლენების მონაწილე და განიცადოს ყველა ის ნიუანსი, რომელიც საკუთარ თავზე გამოსცადა ათი ათასობით ადამიანმა.

სპექტაკლის მხატვარია – ბარბარა ასლამაზიშვილი, მუსიკალური გაფორმება თამაზ იმნაძეს ეკუთვნის, ქორეოგრაფია კი – ანა სანაიას.