აქტიურობისთვის დასჯილი ეკატერინე გაბაშვილი

ქალთა უფლებების დამცველი ეკატერინე გაბაშვილიმწერალი ეკატერინე გაბაშვილი არა მარტო საბავშვო ნაწარმოებებს თხზავდა, არამედ მთელი ცხოვრება ქალთა უფლებების დასაცავად აქტიურად იბრძოდა და ამის გამო არაერთხელ დაუმსახურებია შეურაცხყოფა.

40 წლის იუბილეზე, მწერალი ასე მიესალმა მეგობრებს: “ცხრამეტი წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი, მალე დავწვრილშვილდი, 11 შვილი მყავდა, ძლიერ ხელმოკლე ოჯახში ვცხოვრობდი, ყოველგვარ თავისუფლებას მოკლებული ვიყავი. მე არ დაუმორჩილდი საზოგადო ხვედრს დედაკაცისას, – ყმობას და თავშეწირვას კერისას, – ამისათვის დიდი ბრძოლა დამჭირდა, მაგრამ ბრძოლისათვის ცოტაოდენი ძალაც შემწევდა… მე იმ ვიწრო კედლებს შუა, რომელსაც ოჯახის დიასახლისობას ეძახიან და რომელიც შთანთქავს ხოლმე ხშირად დედაკაცის სულიერ არსებას, პატარა ჭუჭრუტანა გაუკეთე და იქიდამ მუდამ ყურს ვუგდებდი და თვალს ვადევნებდი ჩემი ქვეყნის საზოგადო ზრდასა და მსვლელობას, შევეცადე ორიოდე აგური მაინც დამედო იმ წმინდა საძირკველზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში ჩაჰყარეს ჩემი ქვეყნის საუკეთესო შვილთ. ორი აგურის მომატება საზოგადო სამსხვერპლოზე დიდი რამ არ არის, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ: საცა არა რაა, იქ ცოტაც ბევრად გამოჩნდებაო…”

11 შვილის ყოლის მიუხედავად, მწერალი ახერხებდა და საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიურად მოქმედებდა. მის ავტობიოგრაფიულ პიესაში „ფრთებდაგლეჯილი“ აღწერილია მწერალი ქალის ცხოვრების ერთ დღე თავისი   შეურაცხყოფით, დამცირებითა და სასოწარკვეთით, რომელსაც  ერთადერთ გულშემატკივრად გაზეთის რედაქტორი მოევლინება და რა გასაკვირია, რომ სწორედ მას მიმართავს სანუგეშოდ: „…მე კი მგონია, ადამიანები ბოროტნი და შურიანნი რომ არ იყვნენ, შეიძლებოდა ოჯახის მოვლაც და საზოგადო საქმეც შეერთებინა დედაკაცს; აქ მხოლოდ საჭირო იქნებოდა ცოტაოდენი დათმობა, პატივისცემა…“

ამ ავტობიოგრაფიულმა ნაწარმოებმა კამათისა და პაექრობის  დაუსრულებელი ციკლი წარმოშვა და ინიციატორები ყოველთვის მამაკაცები იყვნენ. ისინი ყოველთვის ქალებს ადანაშაულებდნენ. ეკატერინე გაბაშვილმა ერთ-ერთ ასეთ შეურაცხმყოფელ პუბლიკაციას გაზეთ “ივერიაში” ასე უპასუხა:

„რა იდეალი გაქვთ თქვენ (მამაკაცებს), რომ ჩვენ არ თანავუგრძნობთ? რომელ რაზმს გავუძღვეთ ან რომელს მივდიოთ? წადით თქვენ და თუ ვერ მოგყვეთ, მაშინ გვიკიჟინეთ! და თუ თქვენ თვითონ ტორტმანებთ, მაშასადამე, ორთავეს ერთად, თქვენც და ჩვენც ჯერ ჩანჩალი, უფერულობა, ძილმორეულობა გვხვდა წილად და ერთმანეთს ნურას ვსაყვედურებთ… დღეს თქვენ სძრახავთ დედა-კაცს რომ იმას თვალები შეძლებული საქმროს დასაჭერათა აქვს დაჭყეტილი. ეგ მართლაც საძრახისია და ზნეობით დაცემის ნიშანია, მაგრამ ის მხოლოდ მაგიერს გიხდით თქვენ! თქვენ, რომლებიც დედა-კაცის პატივს და ღირსებას მხოლოდ იმის მზითვის რაოდენობით ზომავთ.”

მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ხელშეწყობით დაარსდა ჭრა-კერვის შემსწავლელ ქალთა სკოლა, იგი ღარიბ ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვას, ეხმარებოდა ქალებს დაწყებითი განათლების მიღებაში. მას სჯეროდა, რომ გლეხის დუხჭირ ცხოვრებას მხოლოდ სწავლა და განათლების მიღება გააუმჯობესებდა, ამიტომაც სურდა ქართველი ინტელიგენციის დაახლოება ხალხთან და მათში სწავლა-განათლებისადმი ინტერესის გაზრდა და მაქსიმალური ხელშეწყობა.