12 აპრილი, 2020

ზურაბ ანჯაფარიძე – საოპერო ხელოვნების საგანძური

ზურაბ ანჯაფარიძე - საოპერო ხელოვნების საგანძურიოპერის ლეგენდარული მომღერალი ზურაბ ანჯაფარიძე ქართული საოპერო ხელოვნების საგანძურშია შეყვანილი.

ჟურნალისტი ივანე ჯაფარიძე ხელოვანთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას იხსენებს:

“ეს ფოტო, რომელიც ჩვენი ოჯახის არქივმა შემოინახა ისტორიული და უნიკალურია. მასზე აღბეჭდილია უდიდესი ქართველი ტენორი ზურაბ ანჯაფარიძე, მისი არაჩვეულებრივი დედა ალექსანდრა ბარათაშვილი და ზურიკოს უმცროსი ძმა ჯემალი. ესაა ავბედით 30-იან წლებში გადაღებული ფოტო, როცა ზურაბის მამა ივანე ანჯაფარიძე დაიჭირეს და ოჯახი ქუთაისში საკუთარი დიდი სახლიდან გამოყარეს და ღია ცის ქვეშ დატოვეს.

ამ პერიოდში ალექსანდრა თავის შვილებთან ერთად ჭიათურაში შეიფარა ბებიაჩემმა, დედაჩემის – მარიამ გამყრელიძის დედამ ალექსანდრა გამრე.ლიძემ, რომლის მეუღლე ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს წევრი ვიქტორ გამყრელიძე რეპრესიების პირველ ტალღას ემსხვერპლა. ამის მიუხედავად, ბებიაჩემმა მაინც შეიფარა რეპრესირებული ოჯახი და რამდენიმე წელიწადი ალექსანდრა, ზურიკო და ჯემალი ჩვენების სახლში ცხოვრობდნენ. დედაჩემი ზურიკოს ნათლია იყო და ეს, ბუნებრივია, გვეამაყებოდა.

ალექსანდრა ძალზე საყვარელი, ენერგიული, სიცოცხლით სავსე და საოცარი იუმორის მქონე ქალბატონი იყო. დედაჩემი გვიამბობდა, ალექსანდრა დილით ჭიათურის ბაზარში რომ მიდიოდა, ბავშვებს ასაუზმებდა, ოთახის კუთხეში სკამებს დაუდგამდა და დაუბარებდა, მის მოსვლამდე ფეხი არ მოეცვალათ და ემღერათ, რასაც ზურიკოც და ჯემალიც ,,პირნათლად” ასრულებდნენ. დილით ბაზარში წასული ალექსანდრა კი, რომელსაც უამრავი ნაცნობი ხვდებოდა, მოკითხვის გარეშე არავის უშვებდა და სახლში გვიან ბრუნდებოდა, სადაც სიმღერით ,,გათანგული” ბავშვები ისევ კუთხეში სკამებზე მსხდომნი ხვდებოდნენ. ამის შემდეგ ათავისუფლებდა მათ ,,შინაპატიმრობიდან” და სათამაშოდ უშვებდა თანატოლებთან, რომელთაგან ერთ-ერთი დედაჩემის უმცროსი ძმა გიორგი გამყრელიძე იყო, რომელსაც ზურიკომ ,,თავკორახა გოგია” დაარქვა და ამასთან დაკავშირებით ბიძაჩები ბევრ სახუმარო და სალაღობო ამბებს მოგვითხრობდა ხოლმე.

12 აპრილი ზურაბ ანჯაფარიძის დაბადების და გარდაცვალების დღეა. ყოველწლიურად ზურაბის თაყვანისმცემლები ვიკრიბებოდით მის საფლავთან, პატივს მივაგებდით მის ნათელ ხსოვნას, მაგრამ წელს ამ საშინელმა ვირუსმა არა მარტო ჩვენი, მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა. მაგრამ ეს ყოველივე გაივლის და ცოტა ხნის შემდეგ აღარც კი გვემახსოვრება, ზურაბ ანჯაფარიძის სახელი კი ვიდრე საქართველო იარსებებს, უკვდავი და შარავანდედმოსილი იქნება.”