4 აპრილი, 2020

ვასო გოძიაშვილის არაჩვეულებრივი იუმორი

ვასო გოძიაშვილის არაჩვეულებრივი იუმორითეატრისა და კინოს მსახიობის ვასო გოძიაშვილის ხუმრობები თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ის არა მარტო ნიჭიერი ადამიანი იყო, არამედ ადამიანი დღესასწაული, რომელსაც თავისი ენამოსწრებულობით ბადალი არ ჰყავდა.

დოდო ჭიჭინაძე, მსახიობი:

“რაჭაში მივდიოდით, მისმა მეუღლემ ჟენიამ ვასო მე ჩამაბარა, ყურადღება მიაქციეო. ვასო უკვე მოხუცი იყო საკმაოდ. ვაგონში, როგორც იყო, დავაწვინე, ფერხთ გავხადე და მე ზემოთა თაროზე ავედი დასაწოლად.

წევს ვასო და ოხრავს, ოხრავს და რაღაცის თქმას აპირებს…

– მოხდა რამე, ბატონო ვასო? – ვეკითხები.

– ეჰ, დროება შეიცვალა – ადრე ქალები ქვემოთ იყვნენ, მე ზემოთ, – ისევ ამოიოხრა ბატონმა ვასომ.”

გივი ბერიკაშვილი, მსახიობი:

“ვასო გოძიაშვილის მძღოლი ვიყავი კარგა ხანს. სომხურ თეატრში იყო რაღაც შეხვედრა და მიმყავს ბატონი ვასო, მისი მეუღლე ქალბატონი ჟენია და ქალბატონი მედეა ჯაფარიძე. გზაში ქალბატონმა მედეამ რაღაცას გამოსდო ფეხი და „კალგოტკა” გაერღვა. საღამოს სცენაზე უნდა გამოვიდეს… დაიწყო ნერვიულობა. დავამშვიდე, თქვენ არ ინერვიულოთ, გზად შევიაროთ და ახალი „კალგოტკა” ვიყიდოთ-მეთქი. შევაჩერე მანქანა, შევვარდი მაღაზიაში, ერთი „კალგოტკა” ვიყიდე და ქალბატონ მედეას მივეცი. ბატონი ვასო მიყურებს:

– ჟენიას, ვირიშვილო?!

ვიფიქრე, ჟენიას ხომ არ გარღვევია „კალგოტკა”, ამას რატომ მეუბნება-მეთქი, მერე უცებ მოვისაზრე:

– ახლა საღამოს საათებია, მეტი არ ჰქონდათ და ხვალ-ზეგ, ქალბატონი ჟენიასთვისაც ვიყიდი-მეთქი.
ეს ამბავი სულ გადამავიწყდა. გავიდა ორი-სამი დღე, ბატონი ვასო შემხვდა თეატრში და მომაძახა:

– სად არის ჩულქი?”

“სპექტაკლი “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს” ბატონი ვასოსთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. მისი გადაღების შემდეგ, მალევე გარდაიცვალა.

ერთხელ მივედი გადაღებაზე და ყველა შეწუხებულია. თურმე ბატონ ვასოს უთქვამს, გრიპია მოდებული და სახლიდან გამოსვლას არ ვაპირებო. ყველა დავამშვიდე: მე მოვიყვან ბატონ ვასოს-მეთქი.
წავედი, აფთიაქში ორი პირბადე ვიყიდე, ერთი გავიკეთე და სახლში მივადექი. პირბადეაფარებული რომ დამინახა, გაუხარდა: ვაჰ, ვაჰ, რა კარგად მოქცეულხარ, ცხვირი რომ აგიკრავსო. რომ ვუთხარი, უნდა წავიდეთ-მეთქი, გაჯიუტდა, გრიპია მოდებული და გარეთ გასვლას არ ვაპირებო. დავამშვიდე: დოლბანდი მოგიტანეთ, მთელი ქალაქი დოლბანდით დადის, შენობის შიგნით გრიპი ვერ აღწევს, გადავიღოთ ეს ბოლო სცენაც და უკანვე მოგიყვანთ-მეთქი. როგორც იქნა დამთანხმდა. ჩავსხედით მანქანაში და წავედით. გზაში რომ დაინახა დოლბანდი ჩვენს გარდა არავის ეკეთა, გაგიჟდა და გადაირია: რასა მაიმუნობ?! მასხრად მიგდებ?! აბა, ახლავე დამაბრუნე უკანო. უკან ვინღა დააბრუნებდა, ძლივს წამოვიყვანე. სახლში რომ მივიყვანე, დაიწუწუნა, ახლა ზევით რა ამიყვანსო. მომეცი თუმანი და მე აგიყვან ზურგით-მეთქი… დაეჭვებულმა შემომხედა: ხუთი მანეთი არ გეყოფაო?!”

გიორგი კახაბრიშვილი, რეჟისორი:

“არასდროს დამავიწყდება, როცა “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს” დავდგით, ქალბატონმა სესილიამ დამირეკა და მადლობა გადამიხადა: “გიორგი კახაბრიშვილი მინდოდაო, – თქვა. გისმენთ, – ვუპასუხე. – კახა კახაბრიშვილი? – დიახ, მე გახლავართ. – რა უბედურებაა ორი სახელი?! ხმაზე ვიცანი და მივმართე: რა ვქნა, ქალბატონო სესილია, ბედმა ორი სახელი მარგუნა-მეთქი. დიდებული ქალბატონი მეუბნება: გმადლობ, შვილო, რომ ეს გენიოსი კაცი საქართველოს კიდევ ერთხელ აჩვენეო. ეს სიტყვები ყველაზე დიდი ჯილდო იყო ჩემთვის.

თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ოსეფას როლზე ვასო გოძიაშვილის მოწვევა მინდოდა. მასთან თეატრში მივედი, ვუთხარი, რომ დამწყები რეჟისორი ვიყავი და ოსეფას როლზე მისი მიწვევა მსურდა. პიესა მივაწოდე, – თვალი გადაავლეთ-მეთქი. უცებ, მომიბრუნდა და მეუბნება: შენ გგონია, წაკითხული არა მაქვს? ვიფიქრე, უარს მეუბნება-მეთქი და წასვლა დავაპირე. – სად მიდიხარ? ახალგაზრდა რეჟისორებმა რატომ დამივიწყეთ, გგონიათ, თამაში აღარ შემიძლია? და დავიწყეთ მუშაობა.

დადგმაში არის ეპიზოდი, როდესაც გივი ბერიკაშვილი ბატონ ვასოს ეუბნება: გადაუხადე, რა, შენს შვილს ვალები და ბარემ დავაქორწინოთო. რაფიელ ერისთავს თავის პიესაში ასე უწერია: “მაგის ჯიბეში თაგვები რომ ირბენენ, მაშინ ნახავს, როგორ უნდა ბანქოს თამაში”. ბატონმა ვასომ გვთხოვა, – მოდით, ეს ადგილი ასე შევცვალოთ “მაგის ჯიბეში თაგვები რომ “პოლკა-მაზურკას” ითამაშებენ, აი, მერე ნახოს მაგანა.” დავთანხმდი. დავიწყეთ გადაღება. ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, მაგრამ სიტყვა “პოლკა-მაზურკასთან” რომ მივიდა, დაავიწყდა რა უნდა ეთქვა. ეს რამდენჯერმე განმეორდა. შემდეგ გივი ბერიკაშვილმა გამოსავალი იპოვა: ბატონო ვასო, ამ ადგილამდე რომ მიხვალ, მე მოაჯირზე თითებს დავაკაკუნებ, რაც “პოლკა-მაზურკას” ნიშნავსო. სპექტაკლში ახლაც ჩანს, ბატონი ვასო როცა ადის კიბეზე, ამბობს “აი, მაგის ჯიბეში რომ…” გივი ამ დროს მოაჯირზე თითებს აკაკუნებს და ბატონი ვასო აგრძელებს: “…ჰო, პოლკა-მაზურკას ითამაშებენ…”