28 აპრილი, 2020

რობერტ სტურუას წინასწარმეტყველება

საზოგადოების რისხვა რობერტ სტურუასრეჟისორმა რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში სემუელ ბეკეტის “თამაშის დასასრული” დადგა, რომელიც გია ყანჩელის ხსოვნას მიუძღვნა.

სპექტაკლის პრემიერა 20 თებერვალს გაიმართა, მსახიობებმა სულ სამჯერ ითამაშეს და კორონავირუსის გამო, ყველაფერი გაჩერდა.

როგორც რეჟისორმა გადაცემაში “შემდეგი გაჩერება” სტუმრობისას აღნიშნა, მას ბევრი წინასწარმეტყველად თვლის, რადგან ამ სპექტაკლის თემა ადამიანის სულიერ კრიზისს ეხება, ადამიანურ და საყოველთაო ტკივილს, სიცოცხლის დასასრულის მოლოდინს, შიშს, რომელიც სიცოცხლეს იპყრობს.

პიესაში მკაფიოდ ჩანს შიში, მარტოობა, სიკვდილის წინაშე სიცოცხლის აბსურდულობა, რის გამოც მაყურებელთა უმრავლესობამ სპექტაკლს წინასწარმეტყველური უწოდა:

“ბევრი ამბობს, რომ წინასწარმეტყველი ვარ, გარწმუნებთ, არაფერი მსგავსი არ არის ჩემში. მე ვერაფერს ვგრძნობ. დიდი ხანია მინდოდა ეს პიესა დამედგა და ახლა გადავწყვიტე. 10 იანვარს დავიწყეთ მუშაობა და 20 თებერვალს ვითამაშეთ პრემიერა. მსახიობები მეჩხუბებიან, “თამაშის დაასრული” გვათამაშე სამჯერ და ვეღარ ვთამაშობთო. მართლაც, სულ სამი სპექტაკლის თამაში მოასწრეს, მერე კარანტინი დაიწყო და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ამ პერიოდმა დაგვანახა, რომ რაღაცა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. როგორც ცხოვრობს კაცობრიობა და საქართველოც, ეს უნდა გადაიხედოს, მაგრამ ვინ გადახედავს? ესეც პრობლემაა, ამას მოაზროვნე, პატიოსანი, კეთილშობილი ხალხი უნდა წყვეტდეს.

ბოლო პერიოდში კაცობრიობა ძალიან შეეჩვია უსამართლობას და საჭირო იყო ცვლილებები. საწყენია, რომ ეს აუცილებლად განგების ძალას უნდა გაეკეთებინა, რადგან ჩვენ თვითონ ვერ მივხვდით, მაგრამ კარგია, რომ ეს მოხდა რევოლუციების გარეშე.

ვღელავ, რა იქნება ჩემს სამშობლოში. აქ უკვე ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული… წაიბილწა ყველაფერი, სულში გაქრა ზნეობა, სინდისის ნამცეცებიც აღარ გვაქვს, ჩვენ თვითონ ჩავიხედოთ საკუთარ თავში და მერე მოვთხოვოთ სხვებს. არ მაქვს ილუზიები, რომ ჩვენ შეგვიძლია ხვალ უცბად შევიცვალოთ. ბოლო დროს პესიმისტური განწყობა მაქვს – დამთავრდება ეს პერიოდი და ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება. ეს იქნება ჩემთვის ყველაზე დიდი კატასტროფა.”