პანდემია ბევრი შემოქმედისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. გამონაკლისი არც ბესიკ ხარანაულია.
“გვარი და სახელი” – ასე ეწოდება მის მიერ მკითხველისთვის შეთავაზებულ ლექსს, რომელიც პანდემიის დროს არის დაწერილი:
“აღმოჩნდა, რომ, გვარი და სახელი არა აქვს – უხილავს,
პანდემიას არა აქვს გვარი და სახელი.
გვარი და სახელი აქვს მხოლოდ ხილულს,
თეთრ ჯორსაც, თეთრ ფაფარს რომ მიაბიბინებს,
– ჩემი გვარი და სახელი!
აღმოჩნდა, რომ, მეფეს არა აქვს გვარი და სახელი,
არამედ ტიტული.
არც დედოფალს არა აქვს გვარი და სახელი,
არამედ ტიტული.
არც სულთანს არა აქვს გვარი და სახელი,
არც იმპერატორს,
არამედ ტიტული.
არც დიქტატორს არა აქვს გვარი და სახელი,
არამედ ტიტული.
ავტორიტარსაც არა აქვს გვარი და სახელი.
პანდემიას არა აქვს გვარი და სახელი,
არამედ ტიტული.
არც მღვდელთმთავარს არა აქვს გვარი და სახელი,
არამედ ტიტული.
არც აიათოლას, არც რაბინთ-რაბინს,
არა აქვს გვარი და სახელი,
არამედ ტიტული.
პანდემიას არა აქვს გვარი და სახელი,
არამედ ტიტული.
მხოლოდ ზღაპარია ისე, რომ არა აქვს გვარი და სახელი,
რადგანაც ჩვენა ვართ.
არც ტექნოლოგიას არა აქვს გვარი და სახელი,
რადგანაც ჩვენა ვართ
და სამივე ერთად – უსასრულო ადამიანი.
გვარი და სახელი არა აქვს – უხილავს,
პანდემიას არა აქვს გვარი და სახელი.
არაფერს, რაც რადიკალურია,
რაც მორთულია მუზეუმურ რეკვიზიტებით,
არაფერს, რაც ლიბერალურია,
და მეორე გვერდით რომ არის მკვლელი,
არაფერს არა აქვს გვარი და სახელი.
აი, არასრული სია, დედამიწის უხილავებისა,
არასრული, რადგან არ ჩამომითვლია,
აზრები, გრძნობები, აღქმები, ზნეობა,
ტაბუები, ჩვევები,
რომლებიც ადამიანმა უნდა დაამარცხოს –
თავის სიცოცხლისთვის.
არც წარსულს არა აქვს გვარი და სახელი,
რომ ეძებო, გინდაც საფლავისქვას გვერდი შეუცვალო,
არც ჯოჯოხეთს, არც სამოთხეს,
არა აქვს გვარი და სახელი,
ყველაფერს,
რაც დრომოჭმულია,
არა აქვს გვარი და სახელი,
არც მომავალს არა აქვს გვარი და სახელი,
პანდემიასავითაა ისიც უხილავში.
გვარი და სახელი აქვს მხოლოდ – ხილულს,
გვარი და სახელი აქვს – დედამიწას,
გვარი და სახელი აქვს – ადამიანს.
თეთრი ჯორიც,
თეთრ ფაფარს რომ მიაბიბინებს –
ჩემი გვარი და სახელი.”