18 აპრილი, 2020

პაატა ნაცვლიშვილის ერთი წინადადება სადიდშაბათოდ

პაატა ნაცვლიშვილის ერთი წინადადება სადიდშაბათოდმხატვარი და ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი დიდ შაბათს ერთ ძალიან მნიშვნელოვან ჩანაწერს გვიზიარებს:

“არასოდეს არავისთვის მითხოვია, ჩემი ნაწერი წაიკითხე-მეთქი, ახლა კი ყველას – მეგობარსაც და უფრო მეგობარსაც, მოყვარესაც და უფრო მოყვარესაც, ჭკვიანსაც და უფრო ჭკვიანსაც, კეთილსაც და უფრო კეთილსაც, წიგნიერსაც და უფრო წიგნიერსაც, მორწმუნესაც და უფრო მორწმუნესაც, – უნდა ვთხოვო, რომ მხოლოდ პირველ წერტილამდე ჩაიკითხოს ჩემი ეს პატარა ტექსტი, რომელშიც ერთი ძველი იგავი უნდა გავიხსენო, რაკი ამ განსაცდელის დღეებში აქამდე არავის გახსენებია იგი, ან იქნებ მე ვერ მივადევნე თვალი და ვინმემ სადმე კიდეც გაიხსენა, მაგრამ ბევრმა, ეტყობა, არ შეისმინა იგავურად თქმული, არადა ახლა სწორედ ეს იგავი მგონია ჩვენი დღევანდელი საფიქრალის ზუსტი პასუხი და თუ ვინმეს უჩემოდაც გახსოვთ, მაინც, მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის ამბავი, წყალდიდობისას მთელი სოფელი რომ წყალმა წაიღო და ერთი ღვთისნიერი კაცი რაღაც სასწაულით ჯერ კიდევ მყარად მდგარი სახლის სახურავზე რომ გარჩა და ნავით რომ ჩაუარეს თანასოფლელებმა და ჩამოხტი ნავში, სამშვიდობოს გაგიყვანთო და ამან რომ იუარა, მეო, მთელი ცხოვრება უფლის სიყვარულში და ლოცვაში გამიტარებია და ის მიშველისო, და წავიდნენ ესენი და სახლი რომ მოყანყალდა და საბოლოოდ წყალს უნდა წაეღო, ახლა მეორე ნავმა ჩამოუარა და იქიდანაც დაუყვირეს, ჩამოდი დროზე, ჩაგვიჯექ, წყალი წაგიღებსო და ამან ისევ იუარა, ღმერთი გადამარჩენს, მე მასთან უშუალო კავშირი მაქვსო, და ამათაც მოუსვეს ნიჩბები და გაშორდნენ და მერე მესამე ნავიც გამოჩნდა, ძლივს რომ დაეღწია თავი ვეება ტალღისთვის და როცა ისიც უარით გაისტუმრა, მე ღვთის კაცი ვარ, ღმერთი მიშველისო, სწორედ მაშინ იგავის კლასიკურ ვერსიაში ის ტალღა პირდაპირ იმ ღვთისნიერ კაცს მორევში დანთქავს, მაგრამ ერთი გვიანდელი ინტერპოლაციით, სანამ ეს მოხდებოდა, თითქოს იმ მესამე ნავის ერთმა მენიჩბემ იმ ღვთისნიერ კაცს ასძახა, სახურავზე მაინც ნუ დარჩები, სახლში შედი, რამეს მოეჭიდე, ემანდ ტალღამ არ გადაგრეცხოს და ბოლოს იქნებ მაგ სახლიანად სადმე გამოგრიყოსო, მაგრამ როცა იმან ესეც არ შეისმინა, ღმერთი აქ უფრო დამინახავსო, ის მანამდე რაღაც სასწაულად გადარჩენილი სახლიც თავის სახურავიანად და იმ ღვთისნიერკაციანად წყალმა წაიღო და შეხვდა იმ ქვეყნად ის კაცი ღმერთს და საყვედური შეჰკადრა, მე ხომ მთელი ცხოვრება ლოცვაში, მარხვაში და ზიარებაში გამიტარებია და რატომ გამწირე, რად მომაკვდინეო და ღმერთმა უთხრა, მეტი რაღა მექნა, ღვთისნიერო კაცო, ერთმანეთის მიყოლებით კეთილი მენიჩბეებით სავსე სამი ნავი გამოგიგზავნე საშველად და შენ სამივეს უარი სტკიცეო, მერე სახლში შედი-მეთქი ისიც ამოგძახე და არც მაშინ მიგდე ყურიო და გაოგნდა ეს საწყალი კაცი, და რაღა უნდა ექნა, ერთი ისღა მოახერხა, რომ ეს იგავი დაგვიტოვა გულისყურით საკითხავად და ჭკუის სასწავლებლად, თუმცა რაღა იგავი, აკი ყველაფერი პირდაპირაა ნათქვამი და ისღა დამრჩენია, იმ მენიჩბეთა სახელები ჩამოვთვალო, რომელთაგან ერთს ალბათ ამირანი ჰქვია და სხვას თენგიზი და სხვას პაატა და სხვას მარინა და სხვას ლევანი და სხვას საბა და სხვას კიდევ ათასი სხვა სახელი ექიმისა, თუ ექთნისა, თუ სანიტრისა, თუ აფთიაქარისა, თუ პოლიციელისა, თუ ჟურნალისტისა, თუ ხაბაზისა, თუ მძღოლისა, თუ მკერავისა, თუ რაგინდარა ხელობის კაცისა, თუ ერისა, თუ ბერისა, თუ მოსამსახურეთა, თუ მოხალისეთა, რომელთაგან ზოგიერთი მენიჩბეობასაც არ დასჯერებოდა და ის ნავებიც თავისი ხელით მოემუშაკებინა, ხოლო თითოეული მათგანი ღმერთს გამოეგზავნა თავიანთი საკუთარი სიცოცხლისა თუ განწირული სახლის სახურავზე უმწეოდ გარჩენილთა გადასარჩენად და ჩვენ კი, ამ ტექსტის დამწერიც და მკითხველიც, ჭკვიანებიც და უფრო ჭკვიანებიც, კეთილებიც და უფრო კეთილებიც, მეცნიერნიც და უფრო მეცნიერნიც, მორწმუნენიც და უფრო მორწმუნენიც ვდგავართ და ვამუნათებთ ჩვენზე ზრუნვით დამაშვრალ ღმერთს, რომელმაც ყველაფერი იღონა ჩვენი ხორცისა თუ სულის გადასარჩენად, ვდგავართ და გამოცდას ვუწყობთ, აბა თუ მართლა ფიქრობს ჩვენზეო, ვდგავართ და დამატებით პრობლემებს ვქმნით, აბა ამასაც თუ დაგვაძლევინებსო, ვდგავართ და ვამოწმებთ, აბა თუ მართლა გაიგნო სანთელ-საკმეველმა გზაო და ამასობაში, ამ დამუნათება-გამოცდა-შემოწმებაში თავს გვატყდება და გვანადგურებს მოზღვავებული რამ განსაცდელი, რომლისგან ჩვენი დახსნაც ღმერთს თურმე ასე ეწადა.”