3 აპრილი, 2020

ნუგზარ შატაიძის დიდებული ჩანაწერი

ნუგზარ შატაიძის დიდებული ჩანაწერიქართველი მწერლისა და დრამატურგის ნუგზარ შატაიძის შემოქმედება ლიტერატურის მოყვარული მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი. მისი ნაწარმოებით არაერთი რეჟისორი დაინტერესდა და ფილმი გადაიღო.

“არტ ინფო” გთავაზობთ მწერლის ერთ-ერთ ჩანაწერს, რომელიც უფროსი თაობისადმი უდიდესი მოწიწებითა და პატივისცემით არის განმსჭვალული:

“აღარ არიან, წავიდნენ, სათითაოდ გაიკრიფნენ ყველანი… წავიდნენ და თან წაიღეს დაკოჟრილი, მაგრამ მაინც ლბილი და ალერსიანი ხელები, მტკივანი სახსრები, შუქდაკლებული თვალები, გატეხილი გულები.

წავიდნენ და თან წაიღეს მზეზე გახუნებული თავშლები, სპეტაკი ხილაბანდები, ნაბდის ქუდები, მატყლის წინდები.

მათთან ერთად გაქრა კალო და კევრი, ხარი და გუთანი, ტაბიკი და აპეური. განელდა ფქვილის ამბრისა და გრილი მარნის სურნელი.

წავიდნენ. აღარ ისმის იმათი ხმა – ალერსიანი, ტკბილი გურგური, ლოცვა და დინჯი ბაასი.

გაზაფხულზე მიწა ისევ იმოსება მწვანე ბალახით, ისევ ჭიკჭიკებს და უსტვენს უამრავი ჭრელი ფრინველი, მაგრამ იმათ სახელები აღარა აქვთ – უსახელოდ ყვავიან, უსახელოდ ჭიკჭიკებენ. წავიდნენ, შავ მიწას ჩაეფარნენ და თან წაიღეს იმ ბალახების, ყვავილებისა და ფრინველების სახელები.

აქამდე თუ მიწას ჩაჰბღუოდნენ, ახლა ქვემოდან ამოსცქერიან იმ მიწას გულხელდაკრეფილები, თვალებდაშრეტილები, ხორცგაცლილები.

წავიდნენ სხვა ქვეყნის შვილები, სულ სხვა ქვეყანაში მოხვედრილები და ამის გამო დაბნეულები, შეცბუნებული ღიმილით გაღიმებულები.

წავიდნენ, აღარ არიან…

ჩვენც წავალთ, წავალთ და თუ კიდევ რამე დარჩა წასაღები, იმასაც წავიღებთ…”