ნიკო გომელაური – “მალე მოვალ წვიმად”

ნიკო გომელაური - "მალე მოვალ წვიმად"– მე მზადა ვარ გავემგზავრო!..
– ცოდვა მიმაქვს ბარგად.
არ მინდა ვიდინოზავრო…
თქვენ იყავით მაგრად! – ეს ნიკო გომელაურის ერთ-ერთი ლექსის სტროფია.

მსახიობისა და პოეტის ცხოვრების უკანასკნელი დღეები თამუნა სვანიძემ გაიხსენა:

“8 აპრილი
გასტროლზე მიდიოდა სპექტაკლი
,,მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ,” ოთახში შევედი, იწვა… მითხრა, განრიგი შეცვალე ახლა ზუსტად ვიცი ვერ ვითამაშებო. მაქვს 2 კვირა და გამოვალ მდგომარეობიდანო, კარგი-თქო და გამოვედი!

9 აპრილი
იგივე მდგომარეობა, ცოტა უარესიც, მაგრამ ემზადება – 12-ში საღამო აქვს ფილარმონიაში, ნინოსთან ერთად.

10 აპრილი
ნინა შეუძლებელს აკეთებს, მისი ბავშვობის ძმაკაცები ერთმანეთს გაოგნებული შეყურებენ და მერე ნინას. ტასო ოთახიდან არ გამოდის, ჯეჯი გარეთაა, ვერ ისვენებეს, ცუდის მოლოდინში მაინც არავინაა. გოგას ცრემლებს ვერც მაიკო აჩერებს, ვერც ნინა, ვერც იმედი, ყველას შიში გვაქვს ყველაზე ძვირფასის დაკარგვის. დიდ იმედთან ერთად, ამავე დროს რეალობაც ვიცით.

11 აპრილი
ყველა ნიკოს სახლშია შეკრებილი, ნიკო მშვიდადაა, ჟანგბადის ბალონი სუნთქვის საშუალებას უადვილებს, მისი შველა კი ნინაა, მხოლოდ ნინას ეძახის, იმედს არ კარგავს რომ ისევ უშველის…

12 აპრილი
ვერ წავიდა კონცერტზე, ნინო და პაატა სახლში მოდიან. ცუდადაა. საღამოსკენ, რატომღაც ყველა მიდის, ვრჩებით ნინა, გუგა, ექთანი, მე და სანდრო მარგალიტაშვილი, რომელიც იქვე, ქუჩაში დაბორიალობს. ტელეფონი არ ჩერდება ბატონინი ავთოა: – როგორ არის? – ისევ ისე.

13 აპრილი
დილის 4 საათი. ნინა დასასვენებლად მიდის ოთახში. გუგაც იქვე დიდ ოთახში დივანზე ცდილობს წაუძინოს. სანდრო ისევ გარეთ არის, ბატონი ავთოც რეკავს, მე ლეპტოპში რაღაცას ვეძებ, ექთანი კი მის სუნთქვას დარაჯობს.
დილის 5 საათი. ფეხის ხმა, კარი იღება.
ექთანი – ნინა სად არის? – ოთახშია, ისვენებს…
სიჩუმე… ნიკო აღარ არის. მე გუგას ვაღვიძებ, გუგა ნინასთან მიდის, ნინა მშვიდად უახლოვდება ნიკოს. ნიკო აღარ სუნთქავს . მე ვრეკავ: ბატონო ავთო, ნიკო აღარ არის. ვურეკავ სანდროს და მივდივარ ჩემს ნიკოსთან, მაგრამ ვერ… შიში მაქვს მთელს ტანში. და კადრებად ილექება ყველაფერი წამებში, თვალზე ცრემლშეუმშრალი ბატონი ავთო მის ოთახთან, ნინას სიტყვები – ვეღარ ვუშველე, მაინც გამეპარა. გამშრალი გუგა. გაყინული პოლიკა მის ცხედართან, კობახიძის ჩახლეჩილი კივილი ტელეფონში და ქაოსი. შიში და სიჩუმე – იქ ხმას არავინ იღებს…

დილის 7 საათიდან ხალხის ნაკადი არ წყდება. თეატრში ექოსავით გაისმის – აღარ გვყავს, მორჩა. დილიდან ყველა იუწყება მის გარდაცვალებას. ნიკო აღარ არის!

წლები გადის, მაგრამ არ შუშდება, ვერ ნელდება, არ ქრება, რატომღაც მჯერა მისი დაპირების, რომ მოვა, წვიმად მოვა!”