26 აპრილი, 2020

მნიშვნელოვანი ამბავი გივი სიხარულიძისგან

მნიშვნელოვანი ამბავი გივი სიხარულიძისგანმწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე თავის მკითხველსა და მაყურებელს მნიშვნელოვან ამბავს უზიარებს:

“კუს ტბაზე ვარჯიშისას ჩემი ყურადღება ერთმა უჩვეულოდ მაღალმა ქალბატონმა მიიპყრო, რომელსაც სახეზე სიკეთისა და სინაზის სხივი დასთამაშებდა.

– ვინ არის-მეთქი, – ვიკითხე!

იგი თბილისის დინამოს კალათბურთელთა გუნდის მოთამაშის, აწ გარდაცვლილი ლარიკა ხაზარაძის ქალიშვილი აღმოჩნდა, რომელსაც ყოველ დილით კუს ტბაზე ძაღლებისთვის საჭმელი ამოჰქონდა. მისგან მზურნველობამიჩვეული თხუთმეტიოდე ოთხფეხა მეგობარი კუდის ქიცინითა და ანთებული თვალებით ელოდნენ ქალბატონს და, აი, ისიც გამოჩნდა, ძაღლებს შორიდანვე მოეფერა, შემდეგ საჭმელი სათითაოდ ჩამოურიგა და თავადაც კმაყოფილი ვარჯიშს შეუდგა. ასე გრძელდება დღემდე.

ამ ყველაფრის შემყურეს რამდენჯერ მიფიქრია, აფერუმ შენს ქალობას და დედობას, ჩემ ქვეყანას მხოლოდ შენი ზნეობის და მრწამსის მქონე ადამიანები სჭირდება-მეთქი. ხომ იცით, სიკეთე გადამდებია!

ჰოდა, ცოტა ხანში მას თანამოაზრე გოგონა გამოუჩნდა, რომლის ქმედებამ კიდევ უფრო განმაცვიფრა. გარდა იმისა, რომ წინამორბედ ქალბატონთან ერთად ძაღლებს აპურებდა და ეფერებოდა, ერთ დღესაც სამეფო ჯიშის ძაღლებისთვის შესაფერისი სამი საცხოვრებელი სახლი ამოიტანა. არ ვიცი სად შეუკვეთა და რამდენი გადაიხადა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მას სიკეთის კეთება სწადდა, მორჩა და გათავდა!

მათი მაყურებელი ბედნიერი ვიყავი, რადგან თანამედროვე გოგონებისა დ ქალების უმრავლესობამ თავიანთი ქმედებითა და აზროვნებით იმედი გამიცრუეს. ამ ფონზე ეს ორი ანგელოზივით ქალბატონი შემახვედრა უფალმა, მხოლოდ ღმერთმა იცის რა ბედნიერებას განვიცდიდი მათი შემყურე. გოგონამ სახლები ერთმანეთის მიჯრით განალაგა. ერთ-ერთს „ცუცა“ დააწერა. ცუცას კუს ტბელ, ძალიან ლამაზ ძაღლს ეძახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ყურადღებასა და მზრუნველობას არ აკლებდა, ვგრძნობდი, რომ ცუცას შინაგანად რაღაც აწუხებდა, თითქმის ყოველ დღე, დაახლოებით ორი საათისთვის თავაწეული, ცადაპყრობილი თვალებით და სულის შემძვრელი ხმით ყმუილს იწყებდა. მიკვირდა, ასეთი მოვლა-პატრონობის მერე, რაღა უნდა აწუხებდეს-მეთქი.

ერთხელ „ბარში“ მომუშავე ქალბატონს ვკითხე:

– ქეთო, ცუცა საშინლად ყმუის, ნეტა რაშია საქმე?

– ჩემო გივი! ამ ყმუილით ცუცა პირვანდელ პატრონს უხმობს, რომელმაც კუს ტბაზე ამოიყვანა და მიატოვა, – მითხრა ქეთომ და საქმიანობა განაგრძო.

მე კი ჩავფქირდი. ცუცას ცხოვრებამ ჩემი ქვეყნის ბედ-იღბალზე მიმანიშნა, ქვეყნის, რომელიც ვითომ დამოუკიდებელია! ქვეყნის, რომლის ჩრდილოელი მეზობელიც ჩვენ მიწებს დღითიდღე თავის საზომით ზომავს და სადაცაა დედაქალაქამდე მოვიდეს! ამ დროს კი ჩვენ ბედს „მსოფლიო მამები“ განკარგავენ! თუმცაღა, როგორც ხშირად ადამიანების შემთხვევაში ხდება, ყველას დალხენილი უნდიხარ, დასნეულებულს და გაჭირვებულს გვერდით არ გიკარებენ, – ასე მოუვიდა ჩვენ ღვთითკურთხეულ ქვეყანას, – ყველასგან განწირული, მიტოვებული, მხოლოდ „აღშფოთება“-„შეშფოთებისა“ და ლიტონი სიტყვების ამარა დარჩენილი, იავარქმნილი სხეულით, შემოძარცვული ეკონომიკური სამოსითა და მით უფრო, ფეხქვეშ გათელილი სულიერებით, კუს ტბელი ცუცასავით ყმუილს ლამობს, თითქოს შველას ითხოვსო, მაგრამ „ერის კაცებად“ წოდებულთ, თავის სატკივარს ვერ აგებინებს.

შევცქერი ცუცას და ვფიქრობ, – ეს ძაღლი ჩემ ქვეყანაზე მეტად ბედნიერია-მეთქი, რადგან მას ემოციის გამოხატვა – ყმუილი შეუძლია და ჩვენ კარგად გვესმის მისი. ჩემი სამშობლოს ოხვრა კი „მსოფლიოს მკურნალთათვის“ ძნელად აღსაქმელი და გასათავისებელი აღმოჩნდა…”