27 აპრილი, 2020

ლელა ალიბეგაშვილი – სერგო ფარაჯანოვის მუზა

ლელა ალიბეგაშვილი - სერგო ფარაჯანოვის მუზარუსთაველის თეატრის მსახიობი ლელა ალიბეგაშვილი რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის უკანასკნელი მუზა იყო:

“ხშირად მახსენდება ხოლმე, რომ ვინც კი მსოფლიოში ცნობილი რეჟისორი, მწერალი თუ საზოგადო მოღვაწე ჩამოვიდოდა თბილისში, ყველას უნდოდა მასთან სტუმრად მისვლა.

ყველამ იცოდა, რომ ფარაჯანოვი ნამდვილ დღესასწაულებს აწყობდა უშურველად სტუმრებისთვის. მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა არაფერი არ ჰქონია იმისთვის, რომ დახვდეს იმ ადამიანს ისე, როგორც მას ეკადრებოდა. მახსოვს ასეთი შემთხვევები – დაარეკინებდა ჩემთან მეზობელს, რადგან თვითონ ტელეფონი არ ჰქონდა და ეტყოდა, უთხარი, მოვიდეს ლელა, ესა და ეს ადამიანი აპირებს სტუმრობას, მე არაფერი არ მაქვს სახლში რომ დავხვდე და რითი უნდა გავუმასპინძლდე?! გავუმასპინძლდები შენი სილამაზით!

მეც მივიდოდი, მომახურებდა რაიმე არაორდინალურ, ულამაზეს თავსაბურავს, გამიკეთებდა მის ხელნაკეთ სამკაულებს და მთელი საღამო, მე ვიჯექი როგორც მოდელი და სერგო ყვებოდა საოცარ ისტორიებს…”