5 აპრილი, 2020

ლეგენდა სახელად ილიკო სუხიშვილი

ლეგენდა სახელად ილიკო სუხიშვილიილიკო სუხიშვილის სახელისა და გვარის ხსენება საკმარისია, რომ მაშინვე ყველას ქართული ცეკვები წარმოუდგება თვალწინ.

ცეკვა ილიკო სუხიშვილის ცხოვრების აზრი იყო და მან მოახერხა ლეგენდარული ანსამბლის ჩამოყალიბება უსაყვარლეს მეუღლესთან ნინო რამიშვილთან ერთად.

ანსამბლმა 5 კონტინენტის 88 ქვეყანა მოიარა, მათ კონცერტებს კი 50 მილიონზე მეტი მაყურებელი დაესწრო. უბილეთო მაყურებლები კარებს ამტვრევდნენ და დარბაზებში იჭრებოდნენ, რის გამოც პოლიცია გაძლიერებულად იცავდა საკონცერტო დარბაზების შესასვლელებს.

სწორედ ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის ანსამბლმა მოახერხა ყოფილიყო პირველი ფოლკლორული დასი, რომელმაც მილანის სახელგანთქმულ ლა სკალას თეატრში იცეკვა და ბისზე 14-ჯერ გამოვიდა. ქართველებმა ლეგენდარული ენრიკო კარუზოს რეკორდი მოხსნეს, იგი ლა სკალაში ბისზე მაყურებელმა 11-ჯერ გამოიწვია.
ბევრს ჰგონია, რომ ილიკო სუხიშვილის ცხოვრება ია-ვარდებით იყო მოფენილი, თუმცა ეს ასე არ არის. იგი 9 წლიდან მუშაობდა და გაჭირვებული ოჯახის დასახმარებლად არაფერს თაკილობდა.

მოცეკვავე ხშირად იგონებდა, რომ ცეკვა მას სულ თან სდევდა – ცხადშიც და სიზმარშიც, სკოლის კიბეებზეც კი ფეხის წვერებით ადიოდა. ხშირად თვითონ იგონებდა ილეთებს და 10 წლიდან ცეკვა მისი შემოსავლის წყაროდ იქცა. მაშინდელ გორკის ბაღში მდებარე კაზინოში ილიკო სუხიშვილი ქართულ და უცხოურ ცეკვებს ასრულებდა.

მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც ნინო რამიშვილს შეხვდა. მათი ურთიერთობა კონფლიქტით დაიწყო. მარია პერინის სტუდიაში მისული ილიკოს პირველი მეწყვილე ნინო რამიშვილი იყო. მან აღშფოთებით განაცხადა, რომ კლასიკური ბალეტის მოცეკვავესთან ქართულს არ იცეკვებდა. ნინო რამიშვილმა ეს ამბავი რომ გაიგო, ძალიან გაბრაზდა. გაბუტულები მარია პერინიმ შეარიგა და ცეკვა ქართულიც ერთად შეასრულეს.

საყვარელი საქმის სიყვარულმა ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი სამუდამოდ დააკავშირა. რამიშვილების ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი დაქორწინდნენ და ერთობლივი ძალებით შეუდგნენ საყვარელი საქმის კეთებას.

ნინო რამიშვილი ბალეტის მოცეკვავედ ითვლებოდა, ილიკო სუხიშვილი კი ქართულ ცეკვებს დგამდა და ცეკვავდა, მათმა ერთობლივმა მუშაობამ კი ქართულ ცეკვაში ახალი მიმდინარეობა ჩამოაყალიბა – ქართული ცეკვა ახალი ილეთებით და მანერებით გამდიდრდა.

ილიკო სუხიშვილის ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ინგლისში გამართულ ხალხური ცეკვის მსოფლიო ფესტივალს, სადაც მთიულურის სოლონომრის ცეკვისთვის გრანპრი მოიპოვა. ილიკო სუხიშვილი ინგლისის დედოფალმა ოქროს მედლით დააჯილდოვა. ილიკომ დედოფალს ხელზე აკოცა. ეს ამბავი კრემლშიც შეიტყვეს და უკან დაბრუნებული დელეგაცია სტალინმა მიიღო, რომელმაც ილიკოს ეს ამბავი ღიმილით გაახსენა. მათ თბილი ურთიერთობა ჰქონდათ, ილიკო სუხიშვილი სტალინს ძია სოსოს ეძახდა.

ნინო რამიშვილი მათ ურთიერთობას ასე იხსენებდა:

“როცა ნახეს სტალინი ასე ექცეოდა ილიკოს, პარტკომმა ბრძანა, ეს კომკავშირელია და არაფერს აკეთებსო. სტალინმა კი უპასუხა, ამან ასე იცეკვოს და კომკავშირში სხვა იმუშავებსო.”

ილიკო სუხიშვილმა ანსამბლის ჩამოყალიბება ომის გამო ვერ შეძლო. ის ომში არ წასულა, ამ წლებში ნინოსთან ერთად ჯარისკაცებისთვის ცეკვავდა. თანამოაზრეები უმალ შემოიკრიბა, მაგრამ წლების განმავლობაში ანსამბლის სტატუსი ვერ მოიპოვა – არც სარეპეტიციო ჰქონდა, არც კოსტიუმები, არც ინსტრუმენტები, მაგრამ ერთი წუთითაც არ გაჩერებულა და სჯეროდა, რომ მისი დროც დადგებოდა.

ვარლამ შადურის კაბიენტში ილიკო სუხიშვილმა თვითონ იცეკვა როგორც მამაკაცის, ასევე ქალის პარტიები, თან მუსიკალურ აკომპანიმენტსაც თვითონ აკეთებდა და თითოეული ცეკვის ისტორიასაც თავად ყვებოდა.

1945 წელს 11 ივნისს ანსამბლმა სადებიუტო კონცერტი გამართა, 2 წლის შემდეგ კი უცხოეთში პირველი კონცერტი ჩაატარა. მას შემდეგ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის მიერ დაარსებული ანსამბლი ისევ მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, სრული ანშლაგებით ატარებს კონცერტებს და ათასობით მაყურებელს კვლავაც აღარფოვანებს.